რჩევები

ყავა – თმის მოვლის უნიკალური საშუალება

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 23.09, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ყავა არა მარტო ორგანიზმს აძლევს სტიმულს და დილით გვაფხიზლებს, არამედ თმის მოვლის უნიკალური საშუალებაცაა.

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლის დახმარებით ამ შესანიშნავ ინგრედიენტს თმის მოვლის რუტინაში ჩართავთ და პრობლემას მარტივად მოაგვარებთ:

ყავის ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – ყავაში შემავალი კოფეინი თმისთვის შესანიშნავი ინგრედიენტია. კერძოდ, ასტიმულირებს თმის ძირებს, აუმჯობესებს მათ სტრუქტურას და ხელს უწყობს თმის ზრდას. ამასთან, აქტიურად აფერხებს თმის ცვენას. ყავის პროცედურები თმას უფრო გამძლეს და გლუვს გახდის, დავარცხნას გაამარტივებს და ბუნებრივ ბზინვარებას მიანიჭებს.

ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 ჩაის კოვზი ყავის ფხვნილი ერთმანეთში აურიეთ. მიიღებთ რბილ მასას, რომელიც თავის კანსა და თმაზე უნდა შეიზილოთ, ნახევარი საათით გაიჩეროთ და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანოთ.

ყავა, თაფლი და ზეითუნის ზეთი ქერტლის საწინააღმდეგოდ – 2 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. წაისვით თავის კანზე, ნაზად შეიზილეთ ძირებში, შემდეგ მთლიან სიგრძეზე და დაიფარეთ თბილი თავსაბურავი. ნახევარი საათის შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ყავის ნახარში თმის ფერისა და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად – ყავა ჩვეულებრივ მოამზადეთ, გააგრილეთ და დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ. შედეგად, თმა აბრეშუმივით გლუვი გახდება და თმის ცვენა შეწყდება.

ყავის ზეთი თმის ძირების გასამაგრებლად – კოფეინის ზეთი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, ასტიმულირებს თმის ძირებს. ზეთში შემავალი ფიტოსტეროლები ხელს უწყობს სითხის შთანთქმასა და შეკავებას. ქვაბში ჩაასხით 2 ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი და დაუმატეთ ნახევარი ფინჯანი მოხალული ყავის მარცვლები. ორთქლის აბაზანაზე დიდხანს დააყოვნეთ და ხშირად ურიეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და გადაწურეთ. ნარევი გრილ, ბნელ ადგილას გააჩერეთ. მიღებული ზეთი წაისვით თავის კანზე ან შამპუნს დაუმატეთ.

ყავა და ქოქოსის ზეთი თმის დასატენიანებლად – თასში ჩაასხით 0.25 ჭიქა ქოქოსის ზეთი და შეურიეთ 1 სუფრის კოვზი დაფქული ყავა. თასი ჩადეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, დააფარეთ სახურავი. 5 წუთის შემდეგ ამოიღეთ, გააგრილეთ და შეიზილეთ თავის კანში, შემდეგ კი გაანაწილეთ მთელი თმის სიგრძეზე. დაიფარეთ თბილი თავსაბურავი და 30-40 წუთის შემდეგ შამპუნით დაიბანეთ.

ყავა, როგორც თმის კონდიციონერი – თავი დაიბანეთ შამპუნით, თმა კარგად შეიმშრალეთ და გადაივლეთ გაწურული ცივი ყავა. გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ კი გადაივლეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყალი.

ყავა, იოგურტი, ლავანდის, ფორთოხლისა და ევკალიპტის ეთერზეთი თმის სწრაფი ზრდისთვის – დაგჭირდებათ: 0.25 ჭიქა უცხიმო იოგურტი, 1 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 1 სუფრის კოვზი წყალი, 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი და 5 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი. ხსნადი ყავა წყალში აურიეთ ისე, რომ გრანულები გაიხსნას. დაამატეთ იოგურტს და კარგად გადაურიეთ. შემდეგ, დაამატეთ ეთერზეთები, აურიეთ. წაისვით ნარევი თავის კანსა და თმაზე და თითების მასაჟით ნაზად შეიზილეთ. თავი თბილად შეიხვიეთ, ნახევარი საათის შემდეგ დაისველეთ თავი თბილი წყლით, კვლავ შეიზილეთ მასა და დაახლოებით ნახევარ საათში ჩამოიბანეთ. დამატებითი ბრწყინვალებისა და ელასტიკურობის მისაცემად, ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრის ხსნარით: 1 სუფრის კოვზი ძმარი გახსენით 300 მილილიტრ წყალში.

ყავა, როგორც ნატურალური თმის საღებავი – ყავაში შემავალი კოფეინი თმას ბუნებრივად ღებავს. ამიტომ, შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ თმის ნატურალურ საღებავად. რა თქმა უნდა, ყავა ქერა თმას არ უხდება, ამიტომ, მხოლოდ მათ უნდა გამოიყენონ ვისაც შავი ან მუქი ფერის თმა აქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი