რჩევები

ჯანმრთელი და მაგარი ფრჩხილების შესანარჩუნებლად

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 22.09, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ფრჩხილებისა და ხელის კანის ტენიანობის შენარჩუნება აუცილებელია ნებისმიერ სეზონზე. დატენიანება ისევე სჭირდება ფრჩხილებსა და ნუნებს, როგორც სახის კანს. ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ დამატენიანებელი ხელის კრემი, რომელიც თაფლსა და რძეს შეიცავს ან დამარბილებელი ტუჩის ბალზამი. ჯანმრთელი და მაგარი ფრჩხილების შესანარჩუნებლად, ასევე, საჭიროა სკრაბის გამოყენება, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს კრემის კარგად შეწოვას.

მუდმივად ფრჩხილის ლაქის გამოყენებამ შესაძლოა, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. ფრჩხილს აქვს უნარი, შეიწოვოს სხვადასხვა ნივთიერება უფრო დიდი დოზით, ვიდრე ეს კანს შეუძლია. ეს კი მის გამოშრობასა და გაუფერულებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია, დაასვენოთ ფრჩხილები აღმდგენი ნიღბის ან მკვებავი ზეთის გამოყენებით. შიდა დამცავი ბაზა კი ფრჩხილს დაიცავს ლაქისგან და იმავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრსა და ლამაზს გახდის. მეტი დაცვისა და მბზინვარებისთვის გამჭვირვალე ბაზის წასმა ლაქის ფენებს შორისაც შეიძლება. იმისთვის, რომ ლაქი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, არ დაგავიწყდეთ ზემოდან დამცავი ფენის გადასმა.

ფრჩხილის ლაქის შეძენისას აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი და დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, მაგალითად, დიუბუტილ ფტალტატს, ფორმალდეჰიდს და ტოლუენს. ისინი ფრჩხილს ბუნებრივ ბზინვარებას უკარგავენ, იწვევენ მის დაყოფას და მტვრევას. ეცადეთ, ყოველი კვირის ბოლოს დაასვენოთ ფრჩხილები, მისცით აღდგენისა და გამაგრების საშუალება.

მდგრადი ლაქის საიდუმლო თხელი ლაქის ფენაა. თუ ბევრ ლაქს ისვამთ, მანიკიური მალე შორდება და ადვილად ზიანდება. ორი ფენა კი, ოპტიმალური ვარიანტია.

უარი თქვით ფრჩხილის სტანდარტული მეთოდით ანუ წინ და უკან გაქლიბვაზე, რომელიც იწვევს ფრჩხილის დაზიანებას და მათ დაყოფას. ამოძრავეთ ქლიბი, მხოლოდ ერთი მიმართულებით. მოერიდეთ ნუნების ხშირად მოჭრას, უბრალოდ, სპეციალური ხელსაწყოთი ჩაწიეთ ქვემოთ. ნუნები ფრჩხილის ზედაპირს ბაქტერიებისგან და მათგან გამოწვეული ინფექციებისგან იცავენ. კვირაში ერთხელ, აბაზანის მიღების შემდეგ, ხის ჩხირით ნაზად გაწიეთ კანი უკან. შემდეგ კი, დაამასაჟეთ ნაღების კრემით ან ნუნების ლოსიონით.

ფრჩხილი რომ არ გამოშრეს, ჭუჭყი და ლაქის ნარჩენები მოიშორეთ მხოლოდ ისეთი სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს. წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები. ეს გაათავისუფლებს კანს მკვდარი, გაუხეშებული უჯრედებისგან. დაიჭერით ფრჩხილები ორ კვირაში ერთხელ და იყავით ფრთხილად, რადგან შესაძლოა, ნებისმიერი დაზიანება გაღიზიანებისა და ინფექციის მაპროვოცირებელი გახდეს. ფრჩხილის გამოსასუფთავებლად არ იხმაროთ ლითონის იარაღი, რადგან ეს გამოიწვევს ფრჩხილის ქვეშ კანისა და ფრჩხილის დაცილებას, წარმოიქმნება თავისუფალი ადგილები, რაც შემდგომ, თეთრ ლაქებად იქცევა.

ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია სახლის პირობებშიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საპნითა და წყლით მათი გარეცხვა, შემდეგ კი სპირტით გაწმენდა თავიდან აგაცილებთ ინფექციებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი