რჩევები

გაიმკვრივეთ სახის კუნთები ხილისა და ბოსტნეულის მარტივი ნიღბებით

№47

ავტორი: ანი რევია 11:00 01.12, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის კანს მხოლოდ ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები როდი უხდება. მას ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბებიც აუცილებლად უნდა მიაშველოთ. საკმარისია, თუნდაც, ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები გაიკეთოთ, ამით კანს გამოკვებავთ და შედეგით თავადაც კმაყოფილი დარჩებით.

ასე რომ, თუ ძვირად ღირებული კოსმეტიკისთვის, დამატენიანებლებისა და ლოსიონებისთვის ფული არ გაქვთ, არ დაგწყდეთ გული, რადგან ხილი და ბოსტნეული მათზე იაფია და მათი მოქმედება თქვენი კანისთვის – გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური.

ავოკადო – თუ გამომშრალი კანის პრობლემები გაწუხებთ, ავოკადო კანის სიმშრალით გამოწვეულ ტანჯვას წერტილს დაუსვამს. ის არის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება სახის კანისთვის. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ ასეთი ნიღაბი თვალში საცემ ეფექტს მოგცემთ.

ატამი – ეს ხილი თქვენს კანს საოცარ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს შესძენს. ატამი ერთ-ერთი საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა. ამასთან, წმენდს კანს და ამკვრივებს სახის კუნთებს. ატამი გათალეთ, გახეხეთ და ფაფა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და კანის სიმკვრივეს მომენტალურად იგრძნობთ.

ანანასი – თუ კანის სიმშრალესა და გაუხეშებას უჩივით, ანანასის ფაფა საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. ის წმენდს კანს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. ერთი ნაჭერი ანანასი დააბლენდერეთ და წაისვით სახეზე ნაზი მოძრაობით. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.

გოგრა – გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ასევე, ეხმარება უჯრედებს განახლებაში. გახეხეთ გოგრის რბილობი და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

სტაფილო – ეს ბოსტნეული სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს და ელასტიკურობის აღდგენაშიც ეხმარება. გახეხეთ 200 გრამი სტაფილო, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე. დაახლოებით 15 წუთით შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კვირაში 1 პროცედურა საკმარისია.

კიტრი – კიტრს მოაცილეთ კანი. გული გახეხეთ, გამოწურეთ წვენი და ცალკე მინის ჭურჭელში შეინახეთ. კიტრის ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ კი – კიტრის წვენით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ.

პომიდორი – შესანიშნავად ასუფთავებს სახის კანს. გახეხილი პომიდორი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

ფორთოხალი – ეს ციტრუსი ყველა სახის კანს უხდება, მას ნაზ და ხავერდოვან ელფერს სძენს. არის შესანიშნავი ბიომასტიმულირებელი საშუალება. ერთი კვერცხის გული გათქვიფეთ 100 გრამ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ მეოთხედი სუფრის კოვზი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და ყელის არეში.

ლიმონი – ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი, ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე ნახევარი საათით. სახის კანი ერთ ფერში იქნება და მის სუფთა იერს ყველა შეამჩნევს.

გრეიპფრუტი ყველა ციტრუსზე მეტ ფერმენტს შეიცავს. გამოწურეთ ერთი გრეიპფრუტი, შეურიეთ სამი სადილის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.

ჩაიტარეთ პროცედურები კვირაში ორჯერ და თავად მიხვდებით, რომ ნამდვილად კარგი არჩევანი გააკეთეთ, რადგან ფულიც დაზოგეთ და თქვენი სახის მოშვებული კუნთებიც საგრძნობლად გამკვრივდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი