რჩევები

დედამთილი ჩემ გამო ქმარს გაშორდა

№10

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.03, 2023 წელი

რძალ-დედამთილობა
დაკოპირებულია

ჩემს ქმარს მამა ადრე გარდაეცვალა. როგორც მიყვებიან, ძალიან კარგი კაცი ყოფილა და სამწუხაროდ, ავარიას ემსხვერპლა. ჩემი დედამთილი ოცდაოთხი წლის ასაკში დაქვრივებულა და შვილისთვის თავგადაკლული დედა ყოფილა.

ამას მეც ვხედავ. რაც მათ სახლში შევედი, მისგან ერთი გადაკრული სიტყვა არ მახსოვს, ქალიშვილივით ჩამიკრა გულში და დღემდე ჩემი გვერდით მდგომი და დამცველია. ნათესავების დაჟინებული თხოვნით, მეორედ გათხოვილა და მამინაცვალს ჩემი ქმარი შვილივით გაუზრდია. საერთო შვილი არ ჰყავთ და ამიტომ, ამ ბავშვზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. მე რომ ცოლად გავყევი, თავი გაიგიჟა მამობილმა ანუ ჩემმა მამამთილმა: განათხოვარი რძალი რად მინდა, დაილია ქალიშვილები, სხვისი ნახმარი გოგო რომ არ მოგეყვანაო. ამას ხმამაღლა და დაუფარავად ამბობდა, მეც კი არ მერიდებოდა. რომ ჰკითხოთ, განათლებული კაცია, შეგნებული და გაგებული, არ ეშლება არაფერი და ჩემთან იმდენჯერ შეცდა, ჩამოთვლაც კი გამიჭირდება. ამითვალწუნა და სულ იმას ცდილობდა, დავემცირებინე. ამაზე ჩემი დედამთილი და ქმარი, რასაკვირველია, ეჩხუბებოდნენ და სულ კამათი ჰქონდათ. უხერხულად ვიყავი, ვნერვიულობდი, რომ მათ ოჯახში დისკომფორტი შევიტანე, მაგრამ რა მექნა? ვინც მიყვარდა და ვისაც შევუყვარდი, მას გავყევი ცოლად. ერთხელ, ჩემი ქმარი ისე გამოვიდა წყობიდან, ისიც კი უთხრა: რა იყო, რას განიცდი, შენ ხომ არ მოგიყვანია ცოლად მე მოვიყვანე, დედაჩემიც ხომ არ იყო ქალიშვილი, ცოლად რომ შეირთე და მასზე რატომ არ თქვი უარიო. ამაზე სულ გადაირია, შეუგნებელი და დაუნახავი ეძახა: შე გამოშტერებულო, დედაშენი რომ მოვიყვანე ცოლად ქვრივი იყო. დიახ, მიყვარდა და ამის ბრალი არ იყო, რომ ის კაცი ავარიაში მოკვდა, შენ რამ დაგაშტერა, დუნიაზე ამდენი ლამაზი გოგო რომ დადის და მაინცდამაინც განათხოვარს დაადგი თვალიო. მოკლედ, იმდენად დაიძაბა სიტუაცია, ვხვდებოდი, კარგად არ დასრულდებოდა. ჩემი დედამთილი ცდილობდა, დაემშვიდებინა სიტუაცია, მაგრამ მიხვდა, ვერაფერს გახდებოდა და მის ქმარს საკითხი ასე დაუყენა: ან დამშვიდდები და შეეგუები ჩვენს რძალს, ან ამ სახლიდან წაბრძანდებიო. გეფიცებით, ნამდვილად არ მინდოდა დედამთილ-მამამთილის დაშორება, მაგრამ საწყალ ქალს სხვა გზა არ დაუტოვა. მანაც უკან არ დაიხია, გინებ-გინებით აგვიკლო და აიკრა გუდა-ნაბადი. არ ვიცი, რატომ შემიძულა, რა დავაშავე, თუ პირველ ქორწინებაში არ გამიმართლა? განა ამის გამო ღირდა ამხელა ამბის ატეხვა და საკუთარი ოჯახის დატოვება? რაც ის წავიდა, ვხედავ როგორ განიცდის დედამთილი, მაგრამ არ გვაჩვენებს. მე რას გამომაპარებს? არადა, ჩემს ქმარს, მართლა საკუთარი მამასავით უყვარს, მის ხელშია გაზრდილი და ძალიან ნერვიულობს. დაურეკა რამდენიმეჯერ, სთხოვა, დაბრუნდი დედა განიცდის და სისულელეს ნუ გადააყოლებ ამდენი წლის თანაცხოვრებას, ხომ იცი, შენი გაზრდილი ვარ და როგორ მიყვარხარ, ახლა ნუ მკრავ ხელსო... თუმცა, მან თავმოყვარეობა არჩია ოჯახურ იდილიას. ერთი პერიოდი ვიფიქრე, ჩემს ქმართან ერთად ნაქირავებში გადავალ, იქნებ შეეგუოს და მერე უკან დავბრუნდებით-მეთქი. მაგრამ, ჩემს ქმარსა და დედამთილს რომ ვუთხარი, გადაირივნენ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი დედამთილის სიტყვები: შვილო, სად უნდა წახვიდეთ? ერთი შვილი მყავს და შენ ქალიშვილად მიგიღე, რის გამო გკრათ ხელი, რომ ჩემს ქმარს ჩემი შვილის არჩევანი არ მოსწონს? არც მე მინდოდა მისი ცოლობა, დამაძალეს და თვითონაც იმდენი ქნა, თავისი გაიტანა და ახლა, სხვას როგორ უნდა გადაუდგეს წინ, მით უმეტეს, მის გაზრდილ ბიჭს, რომელზედაც ამხელა ამაგი აქვს გაწეული და საკუთარი შვილივით უყვარს... თუ არ მოსწონხარ, ეს მისი პრობლემაა, შეუძლია, წავიდეს, მე ჩემს შვილს ბედნიერებაში ხელს ვერ შევუშლიო. ქალმა, საკუთარი ბედნიერება დათმო ჩემ გამო და მე მას როგორ არ დავაფასებ? როგორ არ დავუძახებ „დედას“ და როგორ არ ჩავეხუტები? ზუსტად ვიცი, მისი ქმარი დაბრუნდება სახლში, შეიძლება არ მოინანიოს და პატიება არ გვთხოვოს, მაგრამ ცოლის გარეშე ვერ გაძლებს და მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. მჯერა, ყველაფერი დალაგდება. უბრალოდ, ჩემი დედამთილის მოწყენილ და ჩაფიქრებულ სახეს რომ შევხედავ ხოლმე, გული მტკივა. მე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შერიგდნენ და ერთი დიდი და ტკბილი ოჯახი გვქონდეს.

ნინი, 26 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი