ბრინჯის ნიღაბი კანს ათი წლით გაგიახალგაზრდავებთ
ავტორი: ანი რევია 11:00 22.08, 2024 წელი
სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. საკმარისია, მარტივი, სახლის პირობებში ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული საშუალებები გამოიყენოთ. მაგალითად, თუ კვირაში ერთხელ ბრინჯის ნიღაბს გაიკეთებთ, დარწმუნებული იყავით, რომ სულ მალე, თქვენს კანს ათი წლით გაგაახალგაზრდავებთ. საიმედოდ დაიცავთ თავს ნაადრევი სიბერისგან, გაისწორებთ ნაოჭებს, სათანადოდ დაიტენიანებთ და გამოკვებავთ კანს. ზოგადად, ბრინჯი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ის აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და საგრძნობლად ანელებს დაბერების პროცესს, რაც სილამაზისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
ბრინჯის ნიღაბი – 3 სადილის კოვზი ბრინჯი მოხარშეთ წყალში. სითხე გადაღვარეთ სხვა ჭურჭელში და შეინახეთ, ხოლო მოხარშული ბრინჯი გამდინარე, ცივ წყალში გაავლეთ. ბრინჯს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თბილი რძე და 1 სადილის კოვზი თაფლი. კარგად ათქვიფეთ და წაისვით სახის კანზე, კისერსა და დეკოლტის ზონაზე. ნახევარი საათის მერე კი ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით, ანუ იმ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოიხარშა. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, სულ მალე შენიშნავთ, როგორ მცირდება ნაოჭები, კანს უბრუნდება ელასტიკურობა, დატენიანებულია და „გამოკვებილი“.
ნაოჭების შემცირებასა და ნაადრევად კანის დაბერების პროცესის შეჩერებაში ჟელატინის ნიღაბიც ძალიან დაგეხმარებათ. ის არა მარტო გააახალგაზრდავებს თქვენს კანს და შეგიწყობთ ხელს ნაოჭების გასწორებაში, არამედ მას გაცილებით ჯანსაღ ფერსაც მიანიჭებს. მისი რეგულარული გამოყენებით სასიამოვნო ცვლილებები სულ მალე ხდება თვალშისაცემი: ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევია, გამონაყარი ქრება, კანის ტონი თანაბრდება და ლაქები მცირდება. ჟელატინის ნიღბები, კანის გამოკვებისა და დატენიანების ხარჯზე, შეანელებს დაბერების პროცესს და ხელს შეგიწყობთ, ღრმა სიბერემდე ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.
ჟელატინის ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი ჟელატინი, 1 კვერცხის გული, 5 სადილის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი A ვიტამინი და 10 წვეთი E ვიტამინი. ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: ოთახის ტემპერატურის რძეში დაამატეთ ჟელატინი და დააყოვნეთ 30 წუთით, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ ჩაამატეთ ყველა ინგრედიენტი და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. გამუდმებით ურიეთ. თბილი მასა წრიული მოძრაობებით წაისვით სუფთა, დაბანილ სახის კანზე. ნახევარი საათის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით, ორი კვირის განმავლობაში.
ასევე, კარგია ბანანისა და ჟელატინის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ ჟელატინს დაასხით 2 სადილის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ, დადგით წყლის აბაზანაზე, გაადნეთ და დაამატეთ 1 სადილის კოვზი ბანანის პიურე. კარგად აურიეთ და წაისვით თბილი. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი სახიდან რძეში დასველებული დოლბანდით მოიცილეთ.
თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, 1 სადილის კოვზ ჟელატინს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მაღალპროცენტიანი კარაქი. კარგად აურიეთ და გადაინაწილეთ სახის კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან