თუკი დასტურდება, რომ ქარხანა ვერ იმუშავებს დემოკრატიული პრინციპებით, როგორ იმუშავებს დემოკრატიული პრინციპებით ქვეყანა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 11.02
სულ ახლახან გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, როდესაც ყველა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს ეკითხებოდნენ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა არაბული რიცხვები სკოლებში და აბსოლუტური უმრავლესობის პასუხი უარყოფითი იყო, მოტივით, რომ ყველაფერი არაბული ცუდია (ივარაუდება, რომ არაბული ინვესტიციების თემას მოჰყვა ეს შეფასებები და რომ მთელი კაცობრიობა არაბულად წოდებულ ინდურ რიცხვებს იყენებს, ეს ბევრმა არ იცის ან გაუაზრებლად პასუხობს). ეს ერთი შემთხვევა გამოხატავს ზოგად ტენდენციას, მაგალითად, ნაწილისთვის რაღაც, თუ რუსულია, აპრიორი ცუდია, მეორე ნაწილისთვის ევროპულია აპრიორი ცუდი. რას მიუთითებს აზროვნებისა და შეფასების მსგავსი სისტემა? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ არ ატანენ ადამიანები აზრს იმას, რასაც ამბობენ? აზროვნების დეფიციტი შეფასებისას, უბრალოდ, მოდაა თუ გამოთაყვანების რამე სტადიას მიანიშნებს?
– ჩვეულებრივი გამოთაყვანებაა, რამე განსაკუთრებული გამოთაყვანება არ არის, იმიტომ რომ პირველი რეაქცია სტერეოტიპულია. გველი რომ დაინახო, ხომ არ დაფიქრდები იმაზე, არის თუ არა შხამიანი?! რეაქცია გაქვს, როგორც გველზე. ანალოგიური სქემაა აქაც: საიდან მოდის ეს სტერეოტიპები?! რომელ პროპაგანდისტულ ტექსტს უკავშირდება?! არაფერი არაბული, იმიტომ რომ ყველაფერი არაბული ცუდია და ასე შემდეგ. რაკი ადამიანები დაპროგრამებულები არიან რაღაც სტერეოტიპებზე, შემდეგ ეს პროგრამები ამოდის და მუშაობს. სანამ არაბული ინვესტიცია დაიწყებოდა, მანამდე რომ გეკითხა, სანამ პროგრამა არ იყო ჩვეულებრივ პასუხს გაგცემდნენ, მაგრამ ახლა უკვე პროგრამა შეიქმნა და ადამიანი პასუხობს ამ სოციალური პროგრამის მიხედვით. ეს კონფორმიზმის ერთ-ერთი ვარიანტია.
– რომ თქვას, არაბული რიცხვები იყოსო, გამოდის, რომ ქვეყნის მოღალატეა, იმიტომ რომ არაბულ ინვესტიციას უწყობს ხელს.
– დიახ.
– ასეთი პრიმიტივიზმი ზოგადად არის დამახასიათებელი ადამიანისთვის?
– კონფორმიზმი ზოგადად ახასიათებს ადამიანს. გაცილებით მეტი ადამიანი არის ამ ტიპის რეაქციის მქონე. მათთვის ავტომატური, სტერეოტიპული, დაუფიქრებელი რეაქციის მიცემა რაღაც პროგრამის მიხედვით უფროა დამახასიათებელი, ვიდრე გააზრებული. ძალიან მცირე პროცენტი არის, 10-15, რომლებიც ფიქრობენ თავიანთ რეაქციაზე.
– კრიტიკული აზროვნების დეფიციტია?
– მე საერთოდ არ მესმის ტერმინი „კრიტიკული აზროვნება“ და არ მესმის, რას ნიშნავს „არაკრიტიკული აზროვნება“. რადგან არის ტერმინი „კრიტიკული აზროვნება“, ესე იგი „არაკრიტიკული აზროვნებაც“ უნდა არსებობდეს. და აშკარად არ ეტყობა ამ ტერმინს, რომ მისმა შემქმნელმა იაზროვნა და ისე შექმნა.
– მე რომ ვიმეორებ? სახელმძღვანელოებშიც წერია ეს ტერმინი.
– ტერმინები ტრიალებს და ენა იმის ენაა, რომ, რაც ტრიალებს, იმას იმეორებს ადამიანი. მაგრამ თავისთავად ტერმინების დამკვიდრებას თავისი ცოდვები აქვს. დღეს ლექციაზე ვახსენე ტერმინი ემოციური ინტელექტი და შემდეგ მევე ვაბურთავე, იმიტომ რომ ემოცია და ინტელექტი სიტყვების სრულიად გაუგებარი წყვილია. თუკი ძალიან ემოციურია ადამიანი, ინტელექტი ქრება და, თუკი ინტელექტი მუშაობს არსებითად, იქ ემოცია ქრება.
– ემოციური ინტელექტი დაარქვეს ინტუიციას.
– ამას ვამბობ, არ ეძებენ, რომელი სიტყვა უფრო შეესაბამება ამა თუ იმ მდგომარეობას. თავში რაც მოუვათ, იმას ამბობენ. რა კავშირი აქვს ამას იმასთან, რაზეც ვსაუბრობთ?! თუკი ტერმინი შემოაქვთ ისე, რომ არ უფიქრდებიან, რამეს რომ გაიგებენ, იმაზე დაფიქრდებიან ადამიანები?!
– თუმცა, არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ამკვიდრებენ მოსაზრებებს, რომ, თუ რაღაც არის რუსული, არაბული, დასავლური აპრიორი ცუდია ან კარგია, სწორედ იმისთვის, რომ გაჩნდეს ხელოვნურად დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება.
– ბუნებამ ჩაგვიდო ჩვენც და ცხოველებსაც გარკვეული ინსტინქტები. გადაფრენის დროს, ჩიტების დიდი კოლონია რომ ზის კუნძულზე, თუ ამ კოლონიის ბოლოს ერთი დამფრთხალი ჩიტი აფრინდა, მთელი კოლონია ავა ჰაერში. არ ფიქრობენ, რატომ აფრინდა ის ერთი ჩიტი, უბრალოდ, იმეორებენ იმავე ქცევას და ამ მიბაძვით გადაირჩენენ თავს. ჩვენ ძალიან ხშირად ვბაძავთ ერთმანეთს, ვბაძავთ მშობლებს, ვბაძავთ სტერეოტიპებს, რომლებიც გავრცელებულია საზოგადოებაში. რატომ? თავი რომ გადავირჩინოთ სირთულეებისგან და ამიტომ მიგვაჩნია, რომ სწორად ვიქცევით. ფრინველების მაგალითი მოვიტანე, მაგრამ უამრავი სხვა მაგალითის მოტანაა შესაძლებელი. ხომ ვამბობთ ხოლმე, რა ცხვრებივით მიჰყვებიანო?! გადარჩენის მექანიზმია: რადგან ერთი წავიდა იმ მხარეს, დანარჩენებიც მიჰყვებიან, აი, იმაზე დაფიქრება კი, შეიძლება თუ არა გადარჩენა იმ მხარეს წასვლით, უკვე სხვა საკითხია.
– მე ვიქნები, როგორც ყველა და თუ ვიქნები, როგორც ყველა, ვიქნები დაცული.
– დიახ, ისევე, როგორც ისინი არიან დაცული.
– მაგრამ იმ ერთს ხომ პროგრესისკენაც შეუძლია ადამიანების წაყვანა? უმეტესწილად იქაც ხომ ბრმად მიჰყვებიან?
– რა თქმა უნდა და მეც ვიქნები პროგრესული.
– სტერეოტიპებზე გამახსენდა, ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ, რომ, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, მხატვრულ ლიტერატურას, ეს არის იმ კონკრეტული ადამიანების განცდები და შეფასებები და ჩვენ ავტომატურად ვიჯერებთ და გვიყალიბდება სტერეოტიპები, არადა მწერალი და პოეტი შეიძლება, იყოს საშუალო, ცუდი და, გინდა თუ არა, თავზე გახვევს თავის ნაფიქრს, თავის ემოციას და შენ, მკითხველი, ამას იღებ, როგორც ჭეშმარიტებას. ცხოვრების ერთ ნახევარს აგროვებ სხვების ნაფიქრს და მეორე ნახევარს ანდომებ, რომ ისინი გაანეიტრალო.
– ამ ნაფიქრს კიდევ ერთ აგურს დავამატებ: მაგალითად, ბუდისტ ბერებთან მიიჩნევა, რომ არ უნდა იკითხო ბევრი. იგივე მეორდება ქრიატიანულ სისტემაში მყოფ ბერებთანაც, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანია სულიერი დამოკიდებულება. ქრისტე ამბობს, მიატოვე დედა, მამა, შვილი, ცოლი, და, ძმა.
– საკუთარი თავიც კი.
– დიახ და მიტოვებაში იგულისხმება ემოციური მიტოვება და არა ფიზიკური, ანუ მიჯაჭვულობის მიტოვება. შესაბამისად, მართალი ხარ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებ, მიმღებლობის ხარისხი უფრო მეტია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ვარ მიჯაჭვული და არ ვიღებ ბევრ ინფორმაციას, ვიღებ მარტო იმას, რასაც გვთავაზობენ ბერები. ბუდისტი ბერები იღებენ ბუდისტურ ინფორმაციას, ქრისტიანები – ქრისტიანულს და ასე შემდეგ.
– ახალგაზრდებს კითხვა დიდად არ იტაცებთ, მაგრამ გაჯეტები აშტერებთ.
– თან, კითხვას აზრი უნდა დაატანო. თორემ სხვა მხრივ, კითხვა ასოების თანმიმდევრობაა, ბოლოს და ბოლოს. კითხვისას, თუ ფანტაზია და აზროვნება არ აამუშავე, შედეგი არ ექნება. კითხვა ძალაუნებურად მთელ შენს სულიერ სამყაროს აიძულებს მუშაობას. დღეს ფიქრი შეწყდა და უაზრობის გზაზე ვდგავართ. რაც თქვენ თქვით, ეს ეხებოდა იმას, რომ განათლებამ შეიძლება, მიჯაჭვულობა გაუჩინოს ადამიანს იმის მიმართ, რასაც ეს განათლება შეიტანს მასში. მაგრამ გაუნათლებლობამ შეიძლება, უარესი მიჯაჭვულობები გააჩინოს. ერთ-ერთი პირველი მიჯაჭვულობაა ზედაპირული აზროვნების წესი და სქემაში ჩასმა.
– და ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანები, გამზადებული სტერეოტიპებით – რომ არის მხოლოდ კარგი-ცუდი, შავი-თეთრი, იოლია სამართავად?
– ხშირად ჩნდება ხოლმე ეს კითხვა, რომ გაუნათლებლების მართვა უფრო ადვილია და ამიტომ არ უნდათ, რომ განათლების სისტემა იყოს გამართული. ეს ვერსია შეიძლება, განვიხილოთ ერთ-ერთ ვარიანტად: სტერეოტიპების საზოგადოება შეიძლება, უფრო ადვილი სამართავია, მაგრამ მგონია, რომ პრობლემა კიდევ უფრო უარესია, ვიდრე საკითხის ასე დაყენება. კერძოდ, ის, ვინც მართავს, მასაც არ აქვს ინტელექტი და ცდილობს, რომ ვისი მართვაც გადაწყვიტა, ის უგუნური ადამიანის როლში ჰყავდეს. მეორე მხრივ, ვინც უნდა მართავდეს, ისიც ხდება ამ სტერეოტიპული ტენდენციების მსხვერპლი და ამას ვხედავთ დღეს უკვე პოლიტიკოსების მაგალითებზე. გამარტივებული, ზედაპირული აზროვნება რომ აქვთ, ამის ყველაზე მკაფიო მაგალითებს ვხედავთ იმ ქვეყნებშიც, რომლებშიც დემოკრატიაა განვითარებული.
– ადრეც იმავე პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ ეს იფუთებიდა. შეფუთვას კი ჭკუაც სჭირდება და მოხერხებაც.
– წავიდა ის თაობები, რომლებიც ფუთავდნენ და შეფუთვის საიდუმლოც წაიღეს. ამოტივტივდნენ ახალი ლიდერები და მათ უკვე ქვეყნების მართვა სტერეოტიპული აზროვნებით დაიწყეს.
– ავტორიტარულ სისტემებში რა ხდება?
– იქ მმართველი, როგორც წესი, უფრო ჭკვიანია, ვიდრე ისინი, რომლებსაც მართავს. დემოკრატიაში მოხდა ის, რომ მმართველი შეიძლება, არ იყოს ჭკვიანი. დემოკრატიამ დაიწყო გასაშუალოება. კონფორმისტულმა ფენამ ამოსვლა დაიწყო მმართველ წრეებში, რასაც არასდროს დაუშვებს ჩინეთი, არც რუსეთი, ჯერჯერობით. მაგრამ, თუკი მოერღვევათ ეს თავიანთი ვერტიკალი, თუ დემოკრატიას შეიტანენ, მერე უკვე დემოკრატია ამოატივტივებს კონფორმულ ფენებს ზემოთ მმართველ ჯგუფებში და მივიღებთ იმავე სურათს, რაც გვაქვს ევროპაში.
– რაც დღეს ევროპაშია, ეს მხოლოდ სტერეოტიპებისა და კონფორმიზმის შედეგია?
– ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ელიტას კონფორმულობის დაღი ადევს. თან, ისტორიას თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ, არც ერთმა საზოგადოებამ არ იზრუნა, რომ ძირითადი მასა კონფორმული არ ყოფილიყო, რომ კვალიფიკაცია ჰქონოდათ მაღალი. პირიქით, დატოვეს ეს კონფორმულობა, როგორც ხელსაყრელი ფენომენი. არადა, კურტ ლევინის ექსპერიმენტებმა ქარხნის დონეზე აჩვენა, რომ, თუ მათი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებსა თუ გადაწყვეტილების მიღებაში, კვალიფიკაციისა და ინტელექტუალური დონე დაბალია, ისინი ანგრევენ სისტემას. ამიტომაც, მაგალითად, ქარხანა ვერ იმუშავებს დემოკრატიული პრინციპებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





