როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, რომ დააზღვიოს მის წინაშე არსებული რისკები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 05.02
თეთრი სახლის წარმომადგენელმა მილერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დანია მცირე ზომის ქვეყანაა, მცირე ეკონომიკითა და მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალებით, მის დასაცავად კი ასობით მილიონი ლარი იხარჯება. შესაბამისად, გრენლანდია უნდა გადაეცეს მას, ვინც მოუვლის. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ მცირე ზომის ქვეყნებს მცირერიცხოვანი არმიებით არ აქვთ არსებობის უფლება და მხოლოდ დიდი ქვეყნების სურვილებსა და ინტერესებს უნდა მოემსახურონ ან საერთოდაც გაქრნენ? – ამ თემაზე ირაკლი გოგავა გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
– როდესაც ამას ამბობს „ნატოს“ წევრი ერთი ქვეყანა მეორის მისამართით, როგორი იქნება დამოკიდებულება ბლოკის არაწევრი ქვეყნებისადმი? როგორ უნდა გავიგოთ თეთრი სახლის ეს გზავნილი?
– აქ ორი ძირითადი შემადგენელია: შეერთებულ შტატებს გრენლანდიის ტერიტორია სჭირდება ანტისარაკეტო სისტემების განსალაგებლად, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ასევე, გრენლანდია მდებარეობს არქტიკის ზონაში, სადაც გადის მთავარი მაგისტრალი, რომელშიც იმოძრავებს ბალისტიკური საკონტინენტთაშორისო რაკეტები. ანუ დიდი ბირთვული ომის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მოწინააღმდეგე დაიბომბება არქტიკის და არა ატლანტიკის გავლით, რადგან არქტიკა უმოკლესი გზაა ამერიკის კონტენენტამდე. ამდენად, შტატებს სჭირდება თავდაცვითი ინფრასტრუქტურა. მეორე მხრივ, „ნატოს“ ფარგლებში შეერთებულ შტატებს ისედაც შეეძლო, განეთავსებინა სამხედრო ინფრასტრუქტურა გრენლანდიაზე, უარს არავინ ეტყოდა. მაგრამ გრენლანდიის ასეთი ხისტი მოთხოვნის საბაბი გახლავთ ის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს შეერთებული შტატები გრენლანდიას. რადგან დღევანდელი ევროკავშირის პროექტი არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო გეგმებში. ამჟამად ევროკავშირი იმართება ულტრაგლობალისტების მიერ, რომლებიც ტრამპის მოწინააღმდეგე ბანაკს წარმოადგენენ.
– გასაგებია, რომ გრენლანდია და ევროკავშირის დამცრობა აშშ-ს სჭირდება იმისთვის, რომ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვისაც ძალა ექნება, ზუსტად ამავე ლოგიკით უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას?
– გავიხსენოთ ვენესუელის ფაქტი, ასევე, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ მას არ აინტერესებს საერთაშორისო სამართალი, ის მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მიდგომა სწორედ ასეთია: არანაირი საერთაშორისო წესრიგი აღარ მუშაობს, შეერთებული შტატები აძლიერებს დომინაციას დასავლეთ ნახევარ სფეროში და ეს, ძირითადად, ჩინეთის წინააღმდეგაა მიმართული, ჩინეთის შეკავების პოლიტიკას ემსახურება. იმავეს ემსახურება ირანისადმი დამოკიდებულება, რადგან ირანი და ვენესუელა ერთად ჩინეთის მიერ მოხმარებული ნავთობის 20 პროცენტის მიმწოდებლები არიან. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს ჩინეთის ნავთობის იმპორტსა და ამ ნაკადებზე სურს კონტროლის დაწესება, რაც ლოგიკურია. ჩინეთის ინვესტიციები ლათინური ამერიკის ქვეყნებში, უფრო სწორად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში 200 მილიარდს შეადგენს და ის მუდმივად იზრდება. ჩინეთის ინვესტიციების ყველაზე დიდი მიმღები ქვეყნები არიან: ბრაზილია, არგენტინა, ვენესუელა, პანამა და ასე შემდეგ. მოკლედ, შეერთებული შტატები დასავლეთ ნახევარსფეროს წმენდას იწყებს.
– აქეთაც ხომ გადმოდის? სომხეთის ტერიტორიაზე ახორციელებს ტრამპის პროექტს მშვიდობისა და აყვავებისთვის.
– ვფიქრობ, ზანგეზურის დერეფანში შეერთებული შტატების აქტივობა დიდწილად დაკავშირებული უნდა იყოს ბრიტანელების პროექტის დაბლოკვასთან და მეორე ფაქტორი გახლავთ რუსეთთან ურთიერთობაში კიდევ ერთი კოზირის ხელში დაჭერა. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირის პროექტი ბრიტანეთის გარეშე არ არსებობს. ბრიტანეთი და ბრიუსელი არის ულტრაგლობალისტების ორი ცენტრი, რომლებიც დაპირისპირებული არიან ტრამპთან. მთავარი კონფლიქტი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სწორედ აქ არის და ევროკავშირის პროექტის დასრულება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალახან გამოქვეყნებული ახალი დოქტრინის შინაარსში დევს.
– და როდესაც ასე იქცევა ამერიკის შეერთებული შტატები, მის მაგალითს ვინ შეიძლება, მისდიოს? კოსოვოს აღიარებაზეც ამბობდნენ, რომ პრეცედენტი არ იქნებაო, მაგრამ იყო.
– საერთაშორისო სამართალს აქვს ორი ძირითადი პრინციპი: ერთია თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის. ორივე პრინციპის სტატუსია პრიორიტეტი, მაგრამ, ზეპირი შეთანხმებით, უპირატესი უნდა ყოფილიყო ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, რაც კოსოვოს პრეცედენტამდე პრინციპში სრულდებოდა, მაგრამ კოსოვოთი გაიხსნა პანდორას ყუთი, რასაც ჰქვია ქვეყნების დაშლა, ტერიტორიების გამოყოფა არა მხოლოდ დე–ფაქტოდ, არამედ დე–იურედაც. გავიხსენოთ – 2008 წელს კოსოვო პირველმა აღიარა გერმანიამ, შემდეგ მოჰყვა მთელი დასავლეთის ქვეყნების აღიარებები და სერბეთს ჩამოართვეს მისი ისტორიული რეგიონი, რასაც სარკისებურად უპასუხა რუსეთმა და აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ახლა გრენლანდიაზეა საუბარი. ანუ ამ ორ პრინციპს შორის კონფლიქტი რეალურია. სწორედ ამიტომ იცავდნენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დომინანტობას. მის დარღვევას შეეძლო, გამოეწვია კონფლიქტები, რაც შესაძლოა, გადაზრდილიყო უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტებში. აქედან გამომდინარე, რადგან ომის ფაზაში შევედით, საერთაშორისო წესრიგი მოიშალა. ახლა მოქმედებს ძლიერის პრინციპი.
– რა საფრთხე შეიძლება, გვემუქრებოდეს ჩვენ და ჩვენს რეგიონს, ამ ახალი ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით?
– ვფიქრობ, თუ საქართველო იმოქმედებს იმგვარად და არა მარტო საქართველო, ჩვენი რეგიონის ქვეყნები, სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან საფრთხე არავის დაემუქრება, ეს რისკები სამომავლოდაც იქნება დაზღვეული. რა საფრთხეებზე ვსაუბრობთ: უპირველესად, ეს არის სამხედრო-სტრატეგიული საფრთხე, მეორე მხრივ, ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხე. თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გარანტირებულად არ დაემუქრება ასეთი საფრთხეები მეზობლებს, ამ შემთხვევაში შედარებით მეტი ვარიანტი გვაქვს საიმისოდ, რომ სახელმწიფოებრიობა გადავირჩინოთ. რით შეიძლება, იყოს ეს გამოხატული?! ეს შეიძლება, იყოს გამოხატული სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით. ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს გამოხატული რომელიმე სამხედრო ბლოკში შესვლით. თქვენ იცით, რასაც გულისხმობს ჩვენს კონსტიტუციაში დასავლეთის მოთხოვნით ჩაწერილი 78-ე მუხლი. ამდენად, ვფიქრობ, ეს მუხლი ამოსაღებია. სწორედ ამ მუხლის ამოსაღებად იბრძვის რუსეთი უკრაინაში, რადგან ამას რუსეთი აღიქვამს საფრთხედ.
– ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები კოზირად იყენებს ზანგეზურის დერეფნის პროექტს, რასაც რუსეთი აღიქვამს საფრთხედ და მას, მართლაც, ჟანგიანი ტანკები რომ ჰყავდეს, ჩვენ ეს ტანკებიც გვეყოფა. ამდენად, ვფიქრობ, ჩვენთვის საფრთხეა რუსეთიდანაც და ამერიკიდანაც. რომელს რა შეუძლია, გვავნოს და ეს ვნებები რამენაირად თუ ბალანსდება?
– სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე გვაქვს რუსეთისგან. ამიტომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ რუსეთს არ მივცეთ საბაბი შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად.
– საფრთხეები, რომლებიც შეიძლება, მოდიოდეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთიდან არსობრივად და ხარისხობრივად განსხვავებულია? რუსეთს უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს?
– რა თქმა უნდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა ჩვენს რეგიონში ლიმიტირებულია. უახლოესი სამხედრო ბაზა მდებარეობს ინჯირლიკში. ეკონომიკური ბერკეტები, ბუნებრივია, შეერთებულ შტატებს გაცილებით დიდი აქვს, მაგრამ ეს არ გულისხმობს სახელმწიფოებრიობის გაქრობის რისკებს. თუმცა ყველა ეს რისკი უნდა იქნას დაზღვეული. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ჩვენი მეზობლის ლეგიტიმური ინტერესი და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
– ჩვენ ვიცით, როგორ იმოქმედა ტაქტიკურად რუსეთის იმპერიამ, როდესაც ერეკლე მეორემ და მამამისმა მიმართეს ეკატერინე მეორეს მფარველობისთვის. სანამ არ დასჭირდა რუსეთის ინტერესს, თხოვნის წერილი შეინახეს, შემდეგ მოიცადეს, სანამ ბოლომდე მოეღებოდა ბოლო ქართლ-კახეთის სამეფოს, რომ შემდეგ თავიანთთვის უკეთესი პირობებით მოეწერათ ხელი ტრაქტატისთვის. ისტორია ზუსტად არა, მაგრამ ციკლურად მეორდება: რუსეთის სახელმწიფოს ამ ტაქტიკის გათვალისწინებით, რა საფრთხე გველის მისგან? ისიც საქმეა, რა ფარგლებში რჩები სახელმწიფოდ.
– უნდა გვესმოდეს, რომ საბჭოთა კავშირი, ანუ საბჭოთა იმპერია რუსეთმა დაშალა. იმიტომ რომ, რუსების გადმოსახედიდან, ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, უმეტესწილად, იყო ბალასტი. იმპერია გულისხმობს თავისი ყველა მოქალაქის თანაბარ უფლებებს. რუსები თვლიან, რომ მათ არ უნდა არჩინონ სხვა ქვეყნები. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ეპოქაში ისინი ფიქრობენ, რომ ახალი იმპერიის აღდგენა მათთვის კონტრპროდუქტიული იქნება. იმპერიები, ადრე თუ გვიან, იშლება და ამ ნანგრევებში რუსეთი ზარალდება ყველაზე მეტად. შესაბამისად, მათი ამოცანა არ არის, გინდა თუ არა, „საბჭოთა კავშირი 2“ შექმნან. მაგრამ თუ ახლა გააღიზიანებ, რა თქმა უნდა, იძულებული იქნებიან, იმოქმედონ ისე, როგორც იმოქმედეს ჩვენთან 2008 წელს, მანამდე კი – აფხაზეთსა და ცხინვალში. ანუ სამჯერ მოხდა ეს საქართველოში და ახლა ხდება უკრაინაში. ესე იგი, რუსეთის მომიჯნავე ქვეყნები ის ქვეყნებია, საიდანაც რუსეთი გრძნობს საფრთხეს და, თუ მისთვის ეს საფრთხე მაღალია, ის სამხედრო გზებით იმოქმედებს. ჩვენი ამოცანა მარტივია: რუსეთს არ შევუქმნათ საფრთხე საკუთარი ტერიტორიიდან. ასეთ შემთხვევაში გვაქვს შანსი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, საქართველო, ჯამში, 200 წელსაც არ ყოფილა დამოუკიდებელი. სხვადასხვა სამეფოები იყვნენ დამოუკიდებლები რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთიანი საქართველო 200 წლის განმავლობაში თუ იყო. ანუ ჩვენ წილად გვხვდა ის ბედნიერება, რომ ვცხოვრობდეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ ეს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ. ამჟამად მოხერხდა დროებით გათავისუფლება წნეხისგან: უცხო ქვეყნების ელჩები უკვე ვეღარ ერევიან ისე აქტიურად ჩვენს საშინაო საქმეებში, როგორც ადრე ერეოდნენ. ეს დიდი მონაპოვარია, რაც უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ სფეროში. რადიკალურმა ღონისძიებებმა შეიძლება, დაგვაზიანოს, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ. ვიმეორებ: თუ საფრთხეს არ შევუქმნით ჩვენს რომელიმე მეზობელს, უფრო მეტად ვიქნებით დაცული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





