ევროპელი გულუბრყვილოები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
და ქართველი ნეტარები
ეგრეთ წოდებულმა, ეფშტეინის ფაილებმა ლამის გადაფარა უკრაინის ომი და მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპორება, თუმცა, სინამდვილეში, სწორედ ამ დაპირისპირების გამოვლინებაა იმ ფაილების გამომზეურება.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, „მი-6-ს“ პატრონი ბრიტანეთის პრემიერი გულუბრყვილოდ აცხადებს (ბრიტანეთის ელჩი მინდელსონი აშშ-ში ფრიად აქტიური მონაწილე ყოფილა ორგიული რიტუალების), რომ მოუწია ეგზომ შეუფერებელი ადამიანის პოსტზე დანიშვნა. თუმცა უცნაურია, ბრიტანეთის ეგზომ ნაქებმა და გამოცდილმა დაზვერვამ, ზემონახსენებმა „მი-6-მა“ რომ არაფერი უწყოდა ელჩის წარსულის შესახებ. ხოლო, რაკი, დიდი ალბათობით, უნდა სცოდნოდა, მაშასადამე, ბ-ნი სტარმერი, რომ იტყვიან, ნიანგის ცრემლებს აღვარღვალებს?!
მეორე მხრივ, ტრამპზე ზეწოლად მიიჩნევენ მაინცდამაინც ახლა ამ ავბედითი ფაილების გამოქვეყნებას, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ფეხს ითრევს ირანზე თავდასხმაზე. ამის პარალელურად, ამერიკელი სამხედრო და დაზვერვის ვეტერანები, ერაყის, ქუვეითისა და ავღანეთის კამპანიების მონაწილეები, ვარაუდობენ, რომ, თუ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ბრძოლაში ჩაერთვება, შესაძლოა, აშშ-ისთვის ამ ომმა ზუსტად ის შედეგი მოიტანოს, რაც ავღანეთის ომმა მოუტანა საბჭოეთს (მაშასადამე – დაშალოს).
იმას გარდა, რომ ტრამპზე ისრაელის მხრიდან ზეწოლაზეც მიანიშნებენ. ბუნებრივია, ზეწოლა იქნება, რადგან ისრაელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ირანის განეიტრალება, თუმცა, თუ აშშ განეიტრალდა, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ისრაელის, როგორც სახელმწიფოს განულებას ნიშნავს. თუ იმ დაძაბულობას გავითვალისწინებთ, რაც მსოფლიოში ხდება და დავამატებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენ იმაზე ვშფოთავთ, უნდა შეუერთდეს თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტს, გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ნეტარები ვართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





