რომანი და დეტექტივი

ზრუნვის ხაფანგი

№2

ავტორი: ნია დვალი 20:00

ზრუნვის ხაფანგი
დაკოპირებულია

ელენე ფანჯარასთან მივიდა და ეზოს გახედა. მათი ფანჯრების წინ, სკამზე, მაქსოს დედა იჯდა. ვითომ ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და მზეს ეფიცხებოდა, სინამდვილეში კი, შიგადაშიგ შვილისა და რძლის ბინის ფანჯრებისკენ აპარებდა თვალებს.

– შეხედე, მაქსო, დედაშენი. სკამზე ზის და აკვირდება ჩვენს ფანჯრებს. თითქოს გვითვალთვალებს, როგორც მზვერავი, – ელენე შეეცადა, ხუმრობით გამოეთქვა ეს ფრაზა, რომ ქმარს არ სწყენოდა, თუმცა დედამთილის ეს დაუსრულებელი ჩუმი თვალთვალი უკვე გაუსაძლისად აღიზიანებდა.

მაქსო ფანჯარასთან მივიდა. მართლაც, დედამისი ეზოში იჯდა და მას არაფერი განსაკუთრებული არ დაუნახავს ამ ამბავში.

– სუფთა ჰაერზე ზის და რა არის ამაში უცნაური?

ელენე შეეცადა, თავი შეეკავებინა და, რაც შეიძლება, მშვიდად ეპასუხა, – მართლა ვერ ხვდები? გვითვალთვალებს. არკვევს, როდის ვართ სახლში, როდის მივდივართ, როდის მოვდივართ. ყველაფერი იცის და შენ ამბობ, რატომ არის ეს უცნაურიო.

მაქსო გაღიზიანდა, იმიტომ რომ დაღლილი იყო. დასვენება უნდოდა, სახლში სიმყუდროვეს ეძებდა და ამ დროს მისი ცოლის პრეტენზიები დედამისის მიმართ არ სრულდებოდა:

– ელე, გეყოფა. ეს უკვე აუტანელია. კი ბატონო, დედას მძიმე ხასიათი აქვს და ზოგჯერ საზღვრებს არღვევს, მაგრამ ეს სიბოროტით არ მოსდის. მას, უბრალოდ, ვუყვარვარ და უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს.

– უყვარხარ?! – ელემ თავი გააქნია, – მაქსო, მას შენ კი არ უყვარხარ. შენი კონტროლი უყვარს. ეს ორი სხვადასხვა რამაა.

– სისულელეებს ნუ ამბობ!

– სისულელეებს ვამბობ?! კარგი. მაშინ ერთ კითხვაზე მიპასუხე, ბოლოს როდის მიიღე ჩვენს ოჯახში გადაწყვეტილება დედასთან შეთანხმების გარეშე?

მაქსო შეიჭმუხნა. ამ შეკითხვას არ ელოდა:

– რას გულისხმობ?

– არაფერს. პირდაპირ გეკითხები: ახალი დივანი რომ უნდა გვეყიდა, მას შეუთანხმე. აბაზანის რემონტიც, ჩვენს საძინებელში შპალერის ფერებიც კი მისი გემოვნებით ავარჩიეთ! გახსოვს, როდესაც სამსახურში დაწინაურება შემომთავაზეს, მაგრამ ჩვენი სახლიდან შორს, რა თქვა დედაშენმა?! ცოლი სახლთან ახლოს უნდა მუშაობდესო!

მაქსო ჩუმად იყო. თვალწინ უცოცხლდებოდა ის მოვლენები, რასაც ელენე ახსენებდა და ეს, მართლაც, არასასიამოვნო იყო, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა.

– ელე, ეს ხომ ნორმალურია. შვილი მშობელს ეკითხები რჩევას.

– რჩევას?! ეს რჩევებია თუ მითითებები?! ის გაძლევს მითითებებს და შენ მათ ასრულებ, როგორც მეორეკლასელი ბავშვი!

ელენე მაგიდასთან მივიდა და მობილური ტელეფონი აიღო.

– თუ არ გჯერა, რასაც გეუბნები, მოდი, შევამოწმოთ. ახლავე დაურეკე და უთხარი, რომ ბინაში საკეტების შეცვლა გადავწყვიტეთ. ახსნა-განმარტების გარეშე, უბრალოდ აცნობე, როგორც ფაქტი. იმიტომ, რომ ეს ჩვენი უფლებაა! ეს ჩვენი ბინაა და ჩვენ გვაქვს უფლება, გადავწყვიტოთ, ვის მივცეთ გასაღები და ვის არა!

მაქსო ერთხანს ორჭოფობდა, მაგრამ შემდეგ ტელეფონი აიღო. ერთხანს ხელებში ატრიალა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, დაერეკა თუ არა.

– ეწყინება და, ბოლოს და ბოლოს, დედაჩემია.

– მეც მეწყინება და წარმოიდგინე, რომ დედაჩემი მოდის, როცა გაუხარდება, აქვს ჩვენი ბინის გასაღები და მოდის და მიდის ისე, რომ არც არაფერს გვეკითხება. მეც ხომ ვცხოვრობ ამ სახლში?! არ მაქვს პირადი სივრცის უფლება?! არადა არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემს დედამთილს შეუძლია, შემოვიდეს ჩემს საძინებელში, როდესაც მე მძინავს და ეს ნორმალურად ითვლება.

ელენემ მაქსოს ხელი აიღო და თვალებში შეხედა.

– მე არ გთხოვ, დედასთან ურთიერთობა გაწყვიტო. მე გთხოვ, საზღვრები დააწესო. მე გთხოვ, დაიცვა ჩვენი ოჯახი. ჩვენი ტერიტორია. ჩვენი ურთიერთობა...

– მესმის, მაგრამ ამას დედას ვერ ავუხსნი. ეწყინება. ცოდვაა. მარტოა.

– არც აუხსნა! უბრალოდ, უთხარი, რომ საკეტები შევცვალეთ და თუ სტუმრად მოსვლას გადაწყვეტს, წინასწარ გვითხრას და სახლში დავხვდებით.

მაქსოს ესმოდა, რომ ცოლი სიმართლეს ეუბნებოდა. მაგრამ არც დედის წინააღმდეგ უნდოდა წასვლა. საერთოდაც, ბავშვობიდანვე თავს დედის მუდმივ მოვალედ გრძნობდა, ისე, რომ ვერც კი აცნობიერებდა, როგორ ჩაუნერგა დედამისმა ეს დანაშაულის განცდა. ამიტომ მაქსო დარწმუნებული იყო, რომ მისი მოვალეობა დედამისის გაბედნიერება იყო, რომელმაც მას მთელი ცხოვრება შესწირა. რომ წარმოიდგინა, ატირებული დედამისი და საყვედურები, რომ ის აღარავის სჭირდება, რადგან შემოსავალი აღარ აქვს, ცივმა ოფლმა დაასხა.

– და თუ ეწყინა? – ჰკითხა ცოლს.

– რა უნდა ეწყინოს? რომ ჩვენს ბინაში საკეტები შევცვალეთ?! ზრდასრული მამაკაცი ხარ! გყავს ცოლი, გაქვს ოჯახი! მთელი ცხოვრება, ხომ, ვერ იცხოვრებ იმის შიშით, რომ დედა არ გაანაწყენო?! – ელენეს ცოტაღა აკლდა, აფეთქებულიყო.

სწორედ ამ მომენტში საკეტში გასაღები გადატრიალდა. შესასვლელი კარი გაიღო და ნაცნობი ნაბიჯების ხმაც გაისმა:

– აბა, როგორ ხართ, ბავშვებო?! ფანჯარაში არ ჩანდით და გადავწყვიტე, გამეგო, ყველაფერი რიგზეა თუ არა!

ელენემ მაქსოს შეხედა და მის თვალებში ნათლად იკითხებოდა საყვედური:

– აი, ხედავ?! – მაქსოს დედამ ცოლ–ქმარს გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა, ხელში პატარა ჩანთა ეჭირა, მაქსო, ხარჩო მოგიმზადე. ელენემ სულ აიღო ხელი სადილების მომზადებაზე. ოჯახურიც წამოგიღე ცოტა, შენ რომ გეყოფა. ვიცი, როგორ გიყვარს დედის მომზადებული კერძები.

ელენე სიბრაზისგან წამოწითლდა:

– აღარ შეწუხდეთ, ქალბატონო დალი. ჩემს ქმარს თავადაც ვუმზადებ საჭმელს.

– რა თქმა უნდა, უმზადებ, – დაეთანხმა დედამთილი, – უბრალოდ დედის მომზადებული საჭმელი წამალივითაა. ხომ ასეა, დედიკო? – დალიმ სიყვარულით სავსე თვალები მაქსოს მიაპყრო, რომელმაც არც კი იცოდა, რა ექნა. ისედაც დაიძაბა, რადგან იგრძნო, რომ მის საყვარელ ორ ქალს შორის დაძაბულობა მატულობდა. არც ის იცოდა, რა ეთქვა, რომ სიტუაცია განემუხტა: დე, მადლობა, მაგრამ არ შეწუხდე ხოლმე, ელენე კარგად მივლის, შენ რომ მოგეწონება, ისე.

– რა შეწუხებაა, – შეიცხადა დალიმ, თითქოს ვერ მიხვდა შვილის ნათქვამის კონტექსტს, – საერთოდ არ მიჭირს. ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან. ელენე, აბაზანაში ფილა ირყევა და აუცილებლად უნდა შეაკეთოთ, რაც შეიძლება, სწრაფად.

ელენემ პირი მოკუმა, რომ რამე უხეშად არ წამოსცდენოდა. ბოლოს თავი ხელში აიყვანა და მშვიდად ჰკითხა:

– ქალბატონო დალი, როდის მოასწარით აბაზანაში მორყეული ფილის შემჩნევა?

– დილით ადრე შემოვიარე, მინდოდა, მენახა, როგორ ეძინა მაქსოს. გუშინ ძალიან დაღლილი იყო. ჰოდა, გზად აბაზანაშიც შევიხედე.

– გზად? და სად მიდიოდით? ჩვენს საძინებელში დახედეთ მაქსოს?!

დედამთილი შეყოვნდა, მაგრამ მაშინვე სხარტად უპასუხა რძალს:

– მოკლედ, მთავარია, რომ შეკეთებაა საჭირო.

ელენე წამოდგა, იმიტომ რომ მეტის მოთმენა აღარც შეეძლო და აღარც აპირებდა:

– ქალბატონო დალი, არ ფიქრობთ, რომ დილით სხვის ბინაში შესვლა და ყველა ოთახის დათვალიერება, სულ მცირე, უხერხულია?

– სხვისი? – აღშფოთდა დედამთილი, – ეს ჩემი შვილის ბინაა!

– ეს თქვენი შვილისა და მისი ცოლის ბინაა! ჩვენ, ორივემ შევიძინეთ ის და გვაქვს პირადი სივრცის უფლება! მე ვარ ამ ბინის დიასახლისი. ყველაფერს აქვს საზღვარი. ქალბატონო დალი, ძალიან გთხოვთ, დაგვიბრუნეთ ჩვენი ბინის გასაღებები.

მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა. დედამთილი გაფითრდა, შემდეგ აილეწა.

– რა?! შენ ითხოვ, რომ ჩემი შვილის ბინის გასაღებები დავაბრუნო?!

– მე გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად საზღვრებს. თუ სტუმრად მოსვლა გსურთ, დარეკეთ და დაგხვდებით. აი, ესაა ნორმალური ურთიერთობა. წარმოუდგენელია, რომ საძინებელში შეიძლება, ვინმე შემოვიდეს, როდესაც მოუნდება.

– ეს არ არის ნორმალური ურთიერთობა. დიახ, მე მაინტერესებს, როგორ სძინავს ჩემს ბიჭს, – დალი შვილს მიაჩერდა, – მაქსო! შენ დაუშვებ, რომ ამ… ამ ქალმა დედაშენი შენი სახლიდან გააგდოს?!

ორივე ქალის მზერა მაქსოსკენ იყო მიმართული. მაქსო დუმდა. ეს იყო ყველაზე მძიმე გამოცდა მის ცხოვრებაში. ერთ მხარეს იყო დედა, რომელმაც მარტომ გაზარდა მამამისთან განქორწინების შემდეგ. მეორე მხარეს იყო ცოლი, რომელიც უყვარდა და ისიც იცოდა, რომ ის მართალი იყო.

– დე… – დაიწყო მან გაუბედავად, – შეიძლება, ელენე მართალია. იქნებ ჩვენ მართლაც გვჭირდება მეტი… პირადი სივრცე.

დალის თვალები გაუფართოვდა და გულზე ხელი იტაცა:

– როგორ, შენ მის მხარეს ხარ?! ახლა გული გამისკდება! ამას როგორ ვიფიქრებდი და წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი შვილი მიღალატებდა?!

– მე არავის მხარეს არ ვარ, დე. მე, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ოჯახურმა წყვილებმა დამოუკიდებლად უნდა იცხოვრონ.

დედამთილი სკამზე ჩამოჯდა და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა. ელენეს უცებ ძალიან შეეცოდა. მისი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის გულის ტკენა და იმასაც ხვდებოდა, რომ დალი უბედური ქალი იყო, ვინაიდან არ ჰქონდა თავისი ცხოვრება, ამიტომ შვილის ცხოვრებას ეტმასნებოდა, რომ თავი მნიშვნელოვნად ეგრძნო, მარტოობის ეშინოდა და შვილს დამნაშავედ აგრძნობინებდა თავს, რომ მუდამ შეძლებოდა მანიპულირება. ელენეს შეეცოდა დალი და ის-ის იყო, უკან უნდა დაეხია, რომ მაშინვე გაახსენდა, როგორ შედიოდა მისი დედამთილი მათ საძინებელში და ისევ წამოუარა ბრაზმა.

– ქალბატონო დალი, თქვენ უცხო არ ხართ. თქვენ მაქსოს დედა ხართ. მაგრამ მე მაქსოს ცოლი ვარ და ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვაქვს.

– რა ადგილი? – აქვითინდა დედამთილი, – მე თქვენი მტერი ვარ? მე ხომ მხოლოდ კარგი მინდა თქვენთვის!

– ვიცი, – დაუყვავა ელენემ, – მაგრამ ჭარბი არაფერი ვარგა, სიკეთეც კი მავნეა ხოლმე.

– მე ვარ მავნე?! – დალიმ ქვითინს მოუმატა, თან, ცალ თვალს შვილისკენ აპარებდა და უცებ შეჰყვირა, – წყალი მომიტანეთ, მგონი, გონებას ვკარგავ...

მაქსო მაშინვე ონკანთან მივარდა, ჭიქა წყლით აავსო და დედას მიუტანა.

– დე, წყალი დალიე, როგორ ხარ?! შენ ჩემი მტერი არ ხარ. შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალი ხარ...

დალიმ უცებ ხელი ჰკრა შვილს:

– მოღალატე ხარ. არ მომეკარო. მე აღარ გჭირდები. რა თქმა უნდა, ვის სჭირდება მოხუცი ადამიანი, არაფრის მქონე.

– დედაჩემი ხარ და ყოველთვის დედაჩემი იქნები. შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს. მაგრამ მე ცოლი მყავს და ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ, დედა. ხომ უნდა მომცე საშუალება, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც მე მინდა, როგორც მე გადავწყვეტ?!

– და მე ხელს გიშლი ცხოვრებაში?!

– კი, დედა, მიშლი, – ელენე გაოცებული უსმენდა თავის ქმარს. არ მოელოდა, თუ მაქსო, ბოლოს და ბოლოს, ამოთქვამდა, რაც აწუხებდა.

მართალია, მას არასდროს უთქვამს ელენესთვის, რას გრძნობდა დედისადმი და ელენე, რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ მაქსო ვერ ხვდებოდა, როგორ ატრიალებდა დედამისი თავის ჭკუაზე, მაგრამ ამ დიალოგმა მიახვედრა, რომ მისი ქმარი ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ უბრალოდ, წინააღმდეგობას არ უწევდა ქალს, ვინც გააჩინა და გაზარდა.

– და შენ ამას მეუბნები ამ ქალის თანდასწრებით?! – დალიმ ამრეზით გადახედა ელენეს.

– ეს ქალი ჩემი ცოლია და როგორც მას არ აქვს უფლება, შენზე რამე ცუდი თქვას, ისევე შენ არ გაქვს უფლება, ის აგდებით მოიხსენიო.

– მე შენ მთელი ცხოვრება შემოგწირე. შენ კი დაუნახავი ხარ, მამაშენის შვილი, აბა, როგორი იქნება...

– დედა, – მაქსო დედამისს მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა.

– მე გავიზარდე. მთელი ბავშვობა ვითრგუნებოდი იმის გამო, რომ ჩემი არსებობით ცხოვრება გაგიფუჭე და ამიტომ ვცდილობდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც შენ გინდოდა, რომ რამენაირად გადამეხადა შენი ვალი. მაგრამ მე გავიზარდე და უკვე ვიცი, რომ სიყვარულია, როდესაც გინდა, რომ, ვინც გიყვარს, კარგად იყოს და ბედნიერი. დედა, მე ბედნიერად ვგრძნობ თავს ელენესთან.

დალი ერთხანს დუმდა. შემდეგ ჩანთიდან გასაღებების ასხმა ამოიღო, ჯერ მაქსოს გაუწოდა, შემდეგ მაგიდაზე დადო და შვილს უთხრა:

– იყოს ისე, როგორც გინდა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მაგრამ დედა ერთადერთია, ცოლები კი იცვლებიან, – შეტრიალდა და გავიდა.

ელენე მაქსოს ჩაეხუტა და უთხრა:

– დალი ჭკვიანი ქალია. ის ისედაც მშვენივრად ხვდება ყველაფერს. ვიცი, რომ შენ კაცი ხარ და უფრო გიჭირს. დედაჩემი ზუსტად ასეთივეა. მას მე საკუთარ ნივთად მივაჩნდი ყოველთვის და დიდი დრო დამჭირდა საიმისოდ, რომ მისი გავლენისგან თავი დამეღწია.

მართლაც, ერთი კვირის შემდეგ დალიმ დარეკა:

– ხვალ შეიძლება, სტუმრად მოვიდე?! ვაშლის ღვეზელი გამოვაცხვე.

– რა თქმა უნდა, დე. მოდი. ჩვენ გაგვიხარდება.

მეორე დღეს სამივენი მაგიდას უსხდნენ და ყავას სვამდნენ და ვაშლის ღვეზელს მიირთმევდნენ. ელენეს ტელეფონმა დარეკა. სამსახურიდან ურეკავდნენ. ბოდიში მოიხადა და საძინებელში გავიდა.

– მაქსო, ბევრი ვიფიქრე, – უთხრა დედამ შვილს, როდესაც მარტონი დარჩნენ, – ვიფიქრე და, ბოლოს და ბოლოს, გამოვუტყდი საკუთარ თავს, ყველაზე მეტად მძულდა დედაჩემის ის თვისებები, რომლებიც ჩემში აღმოვაჩინე. მაპატიე, შვილო, რომ გახრჩობდი ჩემი სიყვარულით, უფრო ზუსტად, ეგოიზმით. ვერც მივხვდი, როდის დავემსგავსე დედაჩემს ასე ძალიან და გავხდი ის, როგორიც არ მინდოდა, ვყოფილიყავი.

– ძალიან მიყვარხარ, დედა, – უთხრა მაქსომ დალის და ხელზე აკოცა.

– ვიცი და მაპატიე, რომ ცუდი დედა ვიყავი, – დალიმ შვილს თავზე ხელი გადაუსვა, – შევეცდები, კარგი ბებია გავხდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი