უმკურნალეთ მშრალ ხველას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.06, 2021 წელი

ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებები, როგორც წესი, მშრალი ხველით იწყება. რამდენიმე დღის შემდეგ ხველა შესაძლებელია, სველი გახდეს, შემდეგ კი გამოჯანმრთელების პერიოდში – ისევ მშრალი. მშრალი ხველა აღმოცენდება სასუნთქი გზების ანთების შედეგად. მშრალი ხველისას ნახველი არ გამოიყოფა, ამიტომ, ფაქტობრივად, ის კარგავს დაცვით ფუნქციას. ხორხსა და ხახაში (ფარინგიტი, ლარინგიტი) ხველის რეცეპტორების გაღიზიანება იწვევს მშრალი ხველის შეტევებს, რაც თავის მხრივ, აღიზიანებს ლორწოვანს ეს კი ახალი შეტევის მიზეზი ხდება, იქმნება ჩაკეტილი წრე. ასეთი შეტევები ავადმყოფისთვის განსაკუთრებით დამღლელი და დამქანცველია, არღვევს ძილს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მსგავსი ხველის შეტევების დათრგუნვა.
მშრალი ხველა უფრო შემაწუხებელია, ვიდრე სველი. ის თითქოს შიგნიდან გიგლეჯს ყელს, ამოხველებას კი ვერ ახერხებ. ამ დროს ასე მოიქეცით: ჩაისუნთქეთ საშუალო სიღრმეზე და მუცლის კუნთების შეკუმშვით რამდენჯერმე წამოახველეთ. ეცადეთ, დაუძაბავად ახველოთ, რომ ბრონქები არ გაიღიზიანოთ. დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ, ხველისას ხელისგული მუცელზე მიიჭიროთ.
მშრალი ხველის დროს დღეში 2-3-ჯერ გაიკეთეთ ინჰალაცია: ისუნთქეთ ცხელი ტუტე მინერალური წყლის ორთქლი. საინჰალაციო წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ანისულისა და ერთი წვეთი სოჭის ზეთი.
შეგიძლიათ, ხველას სახლის პირობებში შემდეგი საშუალებებით ებრძოლოთ: ჩაყარეთ ქონდარი ადუღებულ წყალში, დაელოდეთ, რომ ფერი და არომატი გამოუშვას, შემდეგ კი ბალახი ამოწურეთ, თუ გნებავთ, მიღებულ სითხეში ცოტა თაფლი დაამატეთ და დალიეთ.
ეფექტური საშუალებაა სამკურნალო ტუხტის ჩაი. დაამატეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს ეს ბალახი, მოურიეთ და დღეში სამჯერ მიიღეთ.
არანაკლებ ეფექტურია შემდეგი სიროფიც. მის დასამზადებლად ადუღებულ წყალში ჩაასხით ძირტკბილას 45 წვეთი და დალიეთ. ძირტკბილას ფილტვის სპაზმის მოხსნა და ნახველის ამოტანა შეუძლია.
აურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი და ცოტა თაფლი, შემდეგ დაამატეთ ძალიან ცოტა პილპილი და გადაყლაპეთ. თაფლი ყელს დაგირბილებთ, ლიმონი კი ვიტამინ C-ს საშუალებით ინფექციას შეებრძოლება. რაც შეეხება წიწაკას, ის მთელს ყელში გაიბნევა და გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს.
ყელის დასაწყნარებლად კიდევ ერთი სიროფი გამოიყენება – 5-6 ცალი მიხაკი აურიეთ 1 ჭიქა თაფლში და ნაზავი 1 ღამით მოათავსეთ მაცივარში. დილით თაფლიდან მიხაკები ამოიღეთ და მიიღეთ საჭიროებისამებრ თაფლი ჩაის კოვზით.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საცხოვრებელი ძალიან ხშირად გაანიავოთ, კარგი მკურნალია სუფთა ჰაერიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან