წაბლის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.11, 2022 წელი

წაბლი აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას. ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და აბრკოლებს თრომბების წარმოქმნას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიკლეროტიკული, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, მავნე ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, გამოიყენება სხივური თერაპიის შემდეგ, აქვს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. აქვს შემკვრელი ეფექტი, აწესრიგებს კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას აქრობს სისხლძარღვების სპაზმებს, ამცირებს არტერიულ წნევას, გარეგანი მოხმარების მალამოებში ხელს უწყობს ანთებითი კერის ჩაქრობას, მკურნალობს ჩირქოვან ჭრილობებს, დამწვრობას, მოყინვას.
ხალხური მედიცინა წაბლით მკურნალობს რევმატიზმსა და ღვიძლის დაავადებებს, ასევე, ზოგიერთ გინეკოლოგიურ დაავადებას და ბუასილს. წაბლის მასაჟი დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ შესანიშნავად ხსნის დაღლილობას.
სამკურნალო თვისებები აქვს ცხენის წაბლსაც. მისი ყვავილის წვენს იყენებენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ათეროსკლეროზისა და ბუასილის დროს; ნაყოფის ნაყენს – კი დიარეისას და მწეველებში ქრონიკული ბრონქიტის დროს.
ნაყოფის ქერქის ნახარში კარგია საშვილოსნოდან სისხლდენისას. ცოცხალი დაქუცმაცებული ფოთოლი და ნაყოფის ნაყენი გამოიყენება ასევე გარეგანი მოხმარებისთვის.
წაბლის ნაყენი სახსრებისთვის
300 გრამი გასუფთავებული წაბლი წვრილად დაჭერით. დაასხით 250 მილილიტრი ეთილის სპირტი და 1 ჭიქა წყალი. დადგით 2 კვირით ბნელ და გრილ ადგილზე. ეცადეთ, ყოველდღე შეანჯღრიოთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილზე. შეიზილეთ სახსრებზე კვირაში 2-ჯერ.
წაბლი თმისთვის
წაბლის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დასაბანად. ფხვნილის მომზადება საკმაოდ მარტივია: გააშრეთ წაბლი და დაფქვით ყავის საფქვავში. თავის დასაბანად დაგჭირდებათ 1-2 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილი. ის აჯანსაღებს თმას, ასქელებს და უბრუნებს ელასტიკურობას.
დაცვა მწერებისგან
კარადაში პატარა ტომრით ჩამოკიდეთ წაბლი და არასდროს შეგაწუხებთ ჩრჩილი ან სხვა მწერი.
წაბლი კანისთვის
ასევე სასარგებლოა აბაზანის მიღება წაბლის ფხვნილით. 1 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილს დაასხით 500 მილილიტრი წყალი, წამოადუღეთ და გააჩერეთ 8 საათი. მიღებული სითხე დაუმატეთ აბაზანას. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანს და აქვს მატონიზებელი ეფექტი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან