მედიცინა

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.06

თმის ცვენა
დაკოპირებულია

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის მიზეზი ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია. თმა კანის მცირე ფორებიდან – ფოლიკულებიდან იზრდება და მუდმივად გადის ზრდისა და ცვენის ციკლს. ქალს თავზე აქვს 80 000-დან 120 000-მდე თმის ღერი, საიდანაც დღის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ღერს კარგავს. ორსულობისას ჰორმონები იწვევს ზრდის (ანაგენურ) ფაზაში მყოფი ღერების სწრაფ გადასვლას მოსვენების (ტელოგენურ) ფაზაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ეს ღერები ცვენას იწყებს. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა დაახლოებით, ექვს თვეს ან უფრო ნაკლებ ხანს გრძელდება. წესისამებრ, ქალის თმა ბავშვის პირველ დაბადების დღემდე უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას.

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. თავდაპირველად ქალი ამჩნევს ჩვეულებრივზე მეტ თმას სავარცხელზე, ბალიშზე ან საშხაპეში, ტანსაცმელზე, იატაკზე. თავზე ნელ-ნელა ჩნდება თმაშეთხელებული ადგილები. მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას იწვევს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჰორმონ ესტროგენის დონის ცვლილება. ორსულობის მესამე ტრიმესტრში ესტროგენის დონე საგრძნობლად იმატებს, რაც ხელს უშლის თმის ბუნებრივ ცვენას. ამ დროს შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენი თმა ჩვეულებრივზე მეტად გახშირდა და გასქელდა.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როდესაც ესტროგენის დონე იკლებს, ბევრი თმის ღერი უეცრად გადადის მოსვენების ფაზაში და რამდენიმე თვის შემდეგ კი ცვენას იწყებს. შეარჩიეთ ისეთი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც თმას მოცულობას მატებს. იმისთვის, რომ იპოვოთ პროდუქტი, რომელიც საუკეთესო შედეგს გამოიღებს, პირველ ხანებში შესაძლოა, ერთგვარი ექსპერიმენტების ჩატარებაც დაგჭირდეთ.

* ფრთხილად დაიბანეთ თავი და დაივარცხნეთ. ფაქიზად გამოიყენეთ ფენი და თმის უთო, რომ თმა ზედმეტად არ დაიჭიმოს და არ გადახურდეს. ერიდეთ მჭიდროდ დაწვნას და შეკვრას;

* მოსინჯეთ განსხვავებული ვარცხნილობა: მოკლედ შეჭრამ შესაძლოა, თმა გამოაცოცხლოს. თუ თმა შუბლის არეში გცვივათ და ეს გაშფოთებთ, იდეალური ვარიანტია წინამო. გარდა ამისა, მოკლე თმის მოვლა გაცილებით ადვილია;

* ეცადეთ, რაციონი ისე შეადგინოთ, რომ თმის ზრდისთვის საჭირო ყველა საკვები ნივთიერება მიიღოთ. თუ მკურნალი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, რაციონს დაამატეთ მის მიერ შერჩეული ვიტამინები, რომლებიც სასარგებლოა როგორც თმის სიჯანსაღისთვის, ისე ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც.

შესაძლებელია თუ არა მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის თავიდან აცილება? მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის თავიდან აცილების გზა არ არსებობს, თუმცა იმის ცოდნა, რომ ეს ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა და მარტო თქვენ არ გჭირთ, ამაო შფოთვისგან გიხსნით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა