რა უნდა ვიცოდეთ ალუბლისფერ ანგიომაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:01
პატარა, მკვეთრი წითელი ლაქები კანზე კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც ვითარდება, როდესაც კაპილარების (ყველაზე პატარა ზედაპირული სისხლძარღვების) კედლები ლოკალურად ფართოვდება და სისხლძარღვოვან მარყუჟებს ქმნის. ამ ადგილებში სისხლი გროვდება და დიდხანს რჩება, რის შედეგადაც კანზე ჩნდება წითელი წერტილები. მედიცინაში მათ ალუბლისფერ ანგიომებს ან კემპბელ დე მორგანის ლაქებს უწოდებენ. ალუბლისფერი ანგიომის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ შესწავლილია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მის განვითარებას უწყობს ხელს:
* ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად სისხლძარღვების კედლები კარგავს ელასტიკურობას და კაპილარები უფრო ადვილად ფართოვდება. ამ ტიპის ჰემანგიომები, როგორც წესი, 30 წლის შემდეგ ჩნდება და ასაკთან ერთად მათი რიცხვი იმატებს;
* გენეტიკური განწყობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურულ თავისებურებებთან. თუ ოჯახის წევრებს აქვთ ამგვარი წარმონაქმნები, მათი გაჩენის ალბათობა უფრო დიდია;
* ჰორმონული ცვლილებები – ორსულობისას, მენოპაუზის პერიოდში ან ჰორმონული თერაპიის დროს შესაძლოა, დაქვეითდეს სისხლძარღვთა კედლების ტონუსი, რაც ხელს შეუწყობს კაპილარების გაფართოებას;
* კანის დაზიანება და მექანიკური სტრესი – ხშირმა ხახუნმა, მცირე ტრავმებმა და კანის გაღიზიანებამ, ასევე, შესაძლოა, ალუბლისფერი ანგიომების გაჩენას შეუწყოს ხელი;
* გარემო ფაქტორები – მზის სხივების ზემოქმედებამ, ტოქსინებთან ან ქიმიკატებთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს კაპილარების კედლის სიმტკიცის დაქვეითებას;
* მეტაბოლური და სისხლძარღვოვანი ცვლილებები – ჭარბი ალკოჰოლის ხშირი მიღება, ღვიძლის დაავადებები და სხვა მეტაბოლური დარღვევები უარყოფით გავლენას ახდენს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე;
* სქესი – ჰემანგიომები ოთხჯერ უფრო ხშირად უჩნდებათ ქალებს;
* კანის ფერი – ჰემანგიომები უფრო ხშირად გვხვდება ღია ფერის კანის მქონე ადამიანებთან.
ალუბლისფერი ანგიომა უმეტესად სრულიად უწყინარია და მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის პრობლემას წარმოადგენს. ის არ გადაიქცევა ავთვისებიან სიმსივნედ და, როგორც წესი, არც მკურნალობას მოითხოვს.
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, თუ ჰემანგიომა: სწრაფად იზრდება ან მრავლდება; იცვლის ფერს, ფორმას ან სტრუქტურას; დაზიანდა, გამოიწვია ტკივილი და დისკომფორტი ან ძლიერი სისხლდენა – ამან შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციამდე მიგიყვანოთ; მის გარშემო კანი შეწითლებულია ან შეინიშნება ანთებითი პროცესი; მისი მდებარეობა ხელს უშლის სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებას (მაგალითად, მაშინ, როდესაც ანგიომა მდებარეობს თვალთან, ცხვირთან ან პირთან); თან ახლავს საეჭვო სიმპტომები, მაგალითად, ქავილი, ტკივილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




