მედიცინა

თავის ტკივილი ბავშვებში

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.03

თავის ტკივილი
დაკოპირებულია

თავის ტკივილი ბავშვებსაც აწუხებთ, თანაც, საკმაოდ ხშირად. ბავშვებთან ყველაზე გავრცელებულია დაძაბულობის თავის ტკივილი, რომელიც თავის ან კისრის კუნთების ძლიერი დაჭიმვის შედეგია. ასეთ დროს ტკივილის შეგრძნებას ხშირად ისე აღწერენ, თითქოს ვიღაც ან რაღაც თავზე უჭერს წინა, უკანა ან ორივე მხარეს. ტკივილი ყრუა, მუდმივი, არ ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, თან არ ახლავს გულისრევა და ღებინება, როგორც ხშირად ხდება შაკიკის შემთხვევაში. მცირეწლოვანი ბავშვები ამ დროს უარს ამბობენ თამაშზე და მეტხანს ძილი ურჩევნიათ. დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი შესაძლოა, 30 წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.

მიზეზები

თავის ტკივილის გავრცელებული მიზეზებია:

* ინფექციები;

* თავის ტრავმა;

* ზოგიერთი მედიკამენტი;

* ძილის ნაკლებობა ან ძილის რეჟიმის უეცარი ცვლილება;

* გაუწყლოება;

* ემოციური ფაქტორები – ძლიერი სტრესი და შფოთვა.

* ალერგია;

* მენსტრუაცია, ჰორმონული ცვლილებები;

* კვების გამოტოვება;

* კომპიუტერთან ან ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა;

* მხედველობის პრობლემები;

* მანქანით ან ავტობუსით ხანგრძლივი მგზავრობა;

* ხმამაღალი მუსიკის მოსმენა;

* მოწევა;

* მკვეთრი სუნები;

* ზოგიერთი სხვა საკვები და სასმელი, მაგალითად, ყველი, თხილი, პიცა, შოკოლადი, ნაყინი, ჰოთ-დოგი, იოგურტი, ცხიმიანი, შემწვარი, ასპარტამის (ხელოვნური დამატკბობლის) და ნატრიუმის გლუტამატის შემცველი პროდუქტები;

* გენეტიკური მიდრეკილება;

* თავის ტვინის სიმსივნე, აბსცესი ან ტვინში სისხლდენა. თუმცა ამ შემთხვევაში, წესისამებრ, წინა პლანზე წამოიწევს სხვა სიმპტომები: მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, კოორდინაციის მოშლა.

მკურნალობა

თავის ტკივილის მკურნალობა მის სავარაუდო მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციებიც იმის შესახებ, როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როდესაც თავი სტკივა:

* დავაწვინოთ გრილ, ბნელ, წყნარ ოთახში;

* შუბლზე ან თვალებზე დავადოთ ცივი, გაწურული ქსოვილი;

* ვასწავლოთ მოდუნება, თვისუფალი, ღრმა სუნთქვა.

ამასთან, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი არ არის მშიერი, ბალანსირებულად იკვებება და სითხეებსაც საკმარისად სვამს.

შაკიკის მქონე ბავშვებს ხშირად მხოლოდ გამოძინება შველით. შაკიკის მკურნალობა უდიდესწილად მისი გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილებას მოიცავს.

შეიძლება, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელიც – პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ასაკის შესაბამისი დოზით.

თუ ბავშვი ორ წლამდე ასაკისაა ან სხვა სამედიცინო პრობლემები აქვს, ტკივილგამაყუჩებლების მიცემამდე ექიმს შეუთანხმდით.

არ მისცეთ ასპირინი ბავშვებსა და მოზარდებს ექიმის დანიშნულების გარეშე, განსაკუთრებით – ჩუტყვავილას ან გრიპის მსგავსი ინფექციის გადატანის შემდეგ.

მოსინჯეთ რელაქსაციური ვარჯიშები, სტრესის შემცირების ტექნიკები, ეცადეთ, შაკიკის ტრიგერები თავიდან აიცილოთ.

რელაქსაციის ტექნიკა მოიცავს ღრმა სუნთქვას, იოგას, მედიტაციას და კუნთების პროგრესირებად რელაქსაციას: ბავშვი ჯერ ძაბავს ერთ კუნთს, მერე კი სხეულის ყველა კუნთს ადუნებს. სარელაქსაციო ტექნიკების სასწავლო ვიდეოებს სოციალურ მედიაში იპოვით.

თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ან შესამსუბუქებლად ბავშვებს უნდა ვასწავლოთ: ჯანსაღი ქცევები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგად ჯანმრთელობას, შესაძლოა, ბავშვს თავის ტკივილის თავიდან აცილებაშიც დაეხმაროს. ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს საკმარის ძილს, ფიზიკურ აქტიურობას, ჯანსაღ კვებას, დღეში რვა ჭიქამდე წყლის დალევას და კოფეინის შეზღუდვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი