მედიცინა

სოკოთი მოწამვლის სიმპტომები და გამოსავალი

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.09, 2021 წელი

სოკოთი მოწამვლა
დაკოპირებულია

სოკოთი მოწამვლისას, თუნდაც მხოლოდ ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა უნდა იყოს გადაუდებელი, მაქსიმალურად სრული და კომპლექსური. განურჩევლად იმისა, რამდენი დროა გასული მოწამვლის შემდეგ, ავადმყოფს უნდა ამოვურეცხოთ კუჭი, დავალევინოთ აქტივირებული ნახშირი და აუცილებლად გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

კუჭ-ნაწლავის ამორეცხვა უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვინც კი შხამიანი სოკო მიიღო, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მოწამვლის ნიშნები.

აუცილებელია, მოწამვლიდან 48 საათის განმავლობაში შეწოვილი შხამი ორგანიზმიდან გამოვიდეს.

სოკოთი მოწამვლას ახასიათებს კუჭის ტკივილი, პირის გაშრობა, ღებინება, ფაღარათი, გონების დაკარგვა, ხელ-ფეხის გაცივება, ნევროლოგიური დარღვევები, კრუნჩხვა.

მოწამვლას იწვევს როგორც შხამიანი, ასევე, პირობითად შხამიანი სოკოები. ინტოქსიკაცია შესაძლოა, განვითარდეს არასწორი ან არასრული კულინარიული დამუშავების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, სოკოს ხშირად ეკრობიან მწერები და ჭიები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ.

განასხვავებენ ხანმოკლე – 3 საათამდე და ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდის მოწამვლას. ხანმოკლე, უსიმპტომო პერიოდის მქონე მოწამვლა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რაც უფრო ხანგრძლივია სოკოთი მოწამვლის უსიმპტომო პერიოდი, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. განსაკურებით საშიშია ფალოიდური სინდრომი. ამ კუთხით სახიფათოა როგორც შემწვარი, ისე მოხარშული სოკო, ვინაიდან ამ დაავადების გამომწვევი ტოქსინები თერმოსტაბილურია. ისინი უძლებენ გამოშრობასაც, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან ხმელი სოკოს გარჩევა სახეობის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოწამვლის უსიმპტომო პერიოდში ფალოიდები გამოიყოფა რძით, რაც შესაძლოა, ძუძუთა ბავშვის მოწამვლის მიზეზად იქცეს.

გამოყოფენ დაავადების ორ სტადიას. პირველი, ტოქსიკოგენური სტადია იწყება გასტროენტერიტის მოვლენებით: მუცლის ტკივილით, ღებინებითა და სხვადასხვა სიხშირის დიარეით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფაღარათი ძლიერდება და ქოლერას ემსგავსება: სიხშირე დღე-ღამეში 20-30-ს აღწევს, განავალი ბრინჯის ნახარშისებურია, ხშირად – სისხლიანი. მას თან სდევს სისუსტე, ოლიგურია, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.

ზოგჯერ, განსაკუთრებით - ბავშვებში, ინტოქსიკაცია ცენტრალური ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. მოთენთილობას მოჰყვება აგზნება, კრუნჩხვები, შემდეგ კი სოპორი, ანუ ღრმა ძილი და კომა. გამოჯანმრთელების შემთხვევაში დიდხანს შენარჩუნდება ტოქსიკური ჰეპატიტისა და ნეფროპათიის მოვლენები თირკმელების ფუნქციის უკმარისობით. მეორე სტადია სომატოგენურია. ამ დროს დაზიანებას შესაძლოა, წინ უძღოდეს ერთ-ორდღიანი მოჩვენებითი გამოკეთების სინდრომი, რომლის დროსაც ენტეროკოლიტის მოვლენები ცხრება. ამ სტადიაში გულთან, ნაწლავებსა და თირკმელებთან ერთად ზიანდება ღვიძლი. დაზიანება იწყება ტოქსიკური ჰეპატიტით, ირღვევა პიგმენტური ცვლა, მდგომარეობა სწრაფად გადაიზრდება ცხიმოვან დისტროფიაში და მწვავე ნეკროზით სრულდება. ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი. უმეტესად ირღვევა თირკმელების ფუნქცია. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის კომა. შესაძლოა, ამას დაერთოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაც.

სოკოთი მოწამვლის მსუბუქი ფორმები ზოგჯერ ამოუცნობი რჩება და მას უწყინარ საკვებისმიერ ინტოქსიკაციად მიიჩნევენ. დიაგნოსტიკას აადვილებს ერთი ოჯახის ან მეზობლების ერთდროული მოწამვლა ზაფხულში ან შემოდგომაზე.

საყურადღებოა, რომ თითქმის ყველა, საკვებად ვარგის სოკოს აქვს თავის მსგავსი საკვებად უვარგისი ან შხამიანი „ორეული“. მომწამვლელი, ძირითადად, შხამიანი ან პირობითად შხამიანი სოკოებია. იშვიათად, მაგრამ ინტოქსიკაციას საკვებად ვარგისი სოკოც იწვევს, განსაკუთრებით ცხელი ამინდების დროს, როდესაც სოკო ბერდება, ჭიანდება და დროთა განმავლობაში ტოქსინებიც გროვდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი