რა უნდა ვიცოდეთ კისტის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 11 წუთის წინ
კისტა თხელი გარსის მქონე ტომრის მსგავსი წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება, სითხით, აირითა და ნახევრად მყარი მასალებით იყოს სავსე. ის, უმეტესად, კეთილთვისებიანი ბუნებისაა, თუმცა არასათანადო ყურადღების შემთხვევაში არცთუ იშვიათია კისტის გასკდომა, გადაგვარება თუ სხვა ტიპის გართულებები.
ყველაზე გავრცელებულია საკვერცხის კისტა, ეს პათოლოგია საკმაოდ ხშირია რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ის საკვერცხის ზედაპირზე, უფრო რთულ შემთხვევებში კი, მის შიგნით ფორმირდება. საკვერცხის კისტა სითხით, სისხლითა და ლორწოთი სავსე წარმონაქმნს წარმოადგენს. ბევრი ქალი მისი არსებობის შესახებ ვერც იგებს, რადგან სიმპტომებით არ ვლინდება და მათი აღმოჩენა უმეტესად რუტინული გინეკოლოგიური კვლევების დროს ხდება. საკვერცხის კისტის ზოგიერთი ტიპი არც ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და რამდენიმე თვეში თავისით გაიწოვება. ზოგიერთი კი, პირიქით, სახიფათოა და შესაძლოა, უშვილობის ან სიმსივნის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.
საკვერცხის კისტას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: მოვლითი ტკივილი მენჯის არეში, რომელიც შეიძლება, გადაეცემოდეს წელისა და თეძოების მიდამოებს; არამენსტრუალური სისხლდენა საშვილოსნოდან; არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მტკივნეული, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია; ქაჩვითი ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც, ასევე, შეიძლება იგრძნობოდეს სქესობრივი აქტის ან ფიზიკური დატვირთვის დროს; სისხლის მიმოქცევის გაძლიერება სარძევე ჯირკვლებში; მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმე; გახშირებული შარდვა; მაღალი ტემპერატურა; ზოგიერთ შემთხვევებში წონაში მატება; შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
საკვერცხის კისტა, იშვიათად, თუმცა მაინც შეიძლება, იქცეს დაორსულების ხელისშემშლელ ფაქტორად. თუკი კისტა დიდი ზომისაა ან განლაგებულია საკვერცხის გარკვეულ უბნებში, მან შეიძლება, გაართულოს კვერცხუჯრედის საშვილოსნოში შეღწევა. მოზრდილმა ან მრავლობითმა კისტებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ორსულობის პერიოდშიც, მაგალითად, ნაყოფის არასწორი პოზიცია, ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობის პროცესის გართულება და ასე შემდეგ. ამიტომ საკვერცხის კისტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტის მიერ ორსულობის პროცესის მონიტორინგი და წარმონაქმნების პერიოდული შეფასება რისკებისგან თავის დაზღვევის მიზნით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





