როგორ ვიმკურნალოთ კალანჰოეთი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.03

კალანჰოე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს. ძირითადად, იყენებენ მცენარის ფოთლებს, რომლისგანაც სამკურნალო ფაფასა და წვენს ამზადებენ.
კალანჰოე მდიდარია სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ის შეიცავს ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ტანინებს, პოლისაქარიდებს, ვიტამინებს, მინერალებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს (ალუმინი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, სილიციუმი, მანგანუმი).
ჰერპესი
დაზიანებულ ადგილზე საჭიროა კალანჰოეს წვენის წასმა დღეში 4-ჯერ. ეს ტუჩის ჰერპესის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა.
ავიტამინოზი და დაბალი იმუნიტეტი
კალანჰოე C ვიტამინს შეიცავს და ის ძალიან სასარგებლოა, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებლად, ისე ქრონიკული დაღლილობის მოსახსნელად.
ყურის ანთება – ყურის ანთების დროს საჭიროა ყურში 1-2 წვეთი კალანჰოეს წვენის ჩაწვეთება დღეში 3-4-ჯერ.
მეჭეჭები – დაზიანებულ ადგილზე უნდა დაიდოთ კალანჰოეს ფოთლის ფაფა და ბინტით შეიხვიოთ.
აკნე, ტროფიკული წყლული (ჩირქოვანი, სველი ჭრილობა), ნაწოლები
კანის დაავადებების სამკურნალოდ, ძირითადად, მალამო გამოიყენება და მის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ შემდეგი ინგრედიენტები: 30 მილილიტრი კალანჰოეს წვენი, 50 გრამი ვაზელინი, 50 გრამი ლანოლინი.
რაც შეეხება ნაწოლებს – შეხორცებას კალანჰოეს ფოთლებით დამზადებული ფაფის დადება აჩქარებს.
ანგინა
1 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში ჩაამატეთ 1 სადილის კოვზი კალანჰოეს წვენი და გამოივლეთ ყელში ყოველ 2 საათში ერთხელ.
დამწვარი და ნახეთქებიანი კანი, ჩირქოვანი ჭრილობები
კალანჰოეს წვენი აჩქარებს იარების შეხორცებისა და კანის დამწვარი ქსოვილების აღდგენის პროცესს – ამისთვის დაზიანებულ ადგილზე ხშირად უნდა წაისვათ კალანჰოეს წვენი.
სურდო
ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით მცენარის წვენის ცხვირის ლორწოვან გარსზე რეგულარულად წასმამ შესაძლოა, სეზონი გრიპის გარეშე გაგატარებინოთ.
რაც შეეხება გაციებას, ანუ სურდოს – თუ ცხვირის ლორწოვან გარსს „შეუძლია“ კალანჰოეს სუფთა წვენის „გაძლება“, მაშინ, რეკომენდებულია ცხვირში სუფთა წვენის ჩაწვეთება. ხოლო თუ არა, მისი განზავება უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით – პროპორციით 1:1. მიღების წესი კი ასეთია: 1-2 წვეთი, თითოეულ ნესტოში, დღეში 3-ჯერ. წვენი კარგად ხსნის გაჭედილ ცხვირს.
სტომატოლოგიური დაავადებები
ღრძილების ანთების დროს საჭიროა კალანჰოეს წვენის ანადუღარ თბილ წყალში გაზავება, პროპორციით 1:1 და პირის ღრუში გამოვლება, დღეში 3-ჯერ 20 წუთის განმავლობაში.
კალანჰოეს ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია აქვს და მის წვენსა და ფაფას ჩირქოვანი კბილის გაყუჩებაც კი შეუძლია. ამგვარი პრობლემის შემთხვევაში საჭიროა, ფოთლებისგან ფაფის დამზადება და წვენის გამოწურვა. წვენი პირის ღრუში უნდა გამოივლოთ, ხოლო ფაფის ნარჩენები სტერილურ ბინტში გაახვიოთ და მტკივანი კბილის ღრძილზე დაიდოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან