როგორ ვებრძოლოთ ჰერპესს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.02, 2024 წელი

ტუჩებზე და მათ ირგვლივ სითხით სავსე ბუშტუკები ჰერპესის ნიშანია. ხშირად ბუშტუკები შეჯგუფებულია, მათი გახეთქვის შემდეგ კი ფუფხი წარმოიქმნება. ორ-სამ კვირაში გამონაყარი უკვალოდ ქრება. ანტივირუსული აბები ან მალამოები აჩქარებს მათ გაქრობას, აიშვიათებს რეციდივს, ამცირებს მის ხანგრძლივობასა და სიმძიმეს.
გამონაყრის გაჩენამდე, დაახლოებით, ერთი დღის განმავლობაში, ბევრი უჩივის ტუჩების ირგვლივ ქავილს, წვას ან ჩხვლეტას. შემდეგ პატარა, მყარი, მტკივნეული ადგილი გამოიკვეთება და სითხით სავსე ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკები, როგორც წესი, ტუჩების საზღვრის გასწვრივ ჩნდება, უფრო იშვიათად – ცხვირის გარშემო, ლოყების გარშემო ან პირის ღრუში. პატარა ბუშტუკები შესაძლოა, გაერთიანდეს, შემდეგ გასკდეს და დატოვოს ზედაპირული, ღია წყლულები, საიდანაც სითხე ჟონავს და რომლებიც მერე ქერქს იკეთებს.
ჰერპესის მქონესთან კონტაქტისა და ინფიცირების შემდეგ სიმპტომები შესაძლოა 20 დღეც არ გაჩნდეს. წყლულები შესაძლოა რამდენიმე დღე არ მოშუშდეს, ხოლო ბუშტუკების გაქრობას ორი-სამი კვირა დასჭირდეს. რეციდივი, როგორც წესი, ერთსა და იმავე ადგილზე ვლინდება და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ ჯერზე.
ჰერპესის პირველ ეპიზოდს შესაძლოა, დაერთოს ცხელება, ღრძილების მტკივნეულობა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.
რა ამწვავებს
ჰერპესული ინფექციის პირველი ეპიზოდის შემდეგ ვირუსი კანის ნერვულ უჯრედებში რჩება და შესაძლოა, ბუშტუკები იმავე ადგილას სხვა დროსაც წარმოქმნას. გამწვავების მიზეზად შესაძლოა, იქცეს:
* ვირუსული ინფექცია ან ცხელება;
* ჰორმონული, მაგალითად, მენსტრუაციასთან დაკავშირებული ცვლილებები;
* სტრესი;
* დაღლილობა;
* მზე და ქარი;
* ცვლილებები იმუნურ სისტემაში;
* კანის დაზიანება.
თუ ჰერპესი ადამიანს წელიწადში ცხრაზე მეტჯერ უმწვავდება ან აქვს მძიმე გართულების მაღალი რისკი, ექიმმა შესაძლოა, რეგულარულად მისაღები ანტივირუსული მედიკამენტი გამოუწეროს. თუ ჰერპესის გამწვავება მზეს უკავშირდება, საჭიროა მზისგან დამცავი საშუალების წასმა მოსალოდნელი რეციდივის ადგილას. ბუშტუკების არსებობის პერიოდში ადამიანი უნდა ერიდოს კოცნას და სხვის კანზე შეხებას, ჭურჭლის, პირსახოცის, ტუჩსაცხის და სხვა პირადი ნივთების გაზიარებას. აუცილებლად კარგად უნდა დაიბანოს ხელები, სანამ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილს ან სხვა ადამიანს შეეხება.
* დააკვირდით საკვებს, ერიდეთ იმას, რაზეც ეჭვობთ, რომ პირის ღრუს ლორწოვანს გიღიზიანებთ. ეს შესაძლოა, აღმოჩნდეს თხილი, ჩიფსები, ზოგიერთი სანელებელი, მარილიანი და მჟავე საკვები, ანანასი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი;
* კვებითი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და მთელი მარცვლეულის ნაწარმი;
* დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა: ყოველი ჭამის შემდეგ გამოიხეხეთ კბილები რბილი ჯაგრისით და პასტით, რომელიც არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატს; დღეში ერთხელ გამოიყენეთ ფლოსი (კბილის ძაფი);
* თუ ბრეკეტებს ან სხვა სტომატოლოგიურ მოწყობილობას ატარებთ, სტომატოლოგს სთხოვეთ, ბასრი კიდეები ორთოდონტული ცვილით დაფაროს;
* სტრესის დასაძლევად მოიშველიეთ მედიტაცია და სხვა მეთოდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან