როგორ უნდა ვეკონტაქტოთ პატარებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.09
გარდა იმისა, რომ დედის ხმა პატარას ამშვიდებს და უსაფრთხოების შეგრძნებას ჰგვრის, ბავშვთან მუდმივი კომუნიკაცია დედისთვისაც საჭიროა, რათა მათი კავშირი უფრო მეტად განმტკიცდეს.
მშობელთან კომუნიკაცია, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს სიტყვების ნახევარზე მეტი არ ესმის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის.
როგორ, რა მანერითა და ინტონაციით ესაუბრებით ბავშვს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რას ეუბნებით. მაგალითად, ეზოდან დაბრუნებულს თუ უბრალოდ ეტყვით, მოდი, ახლა შენი ფეხსაცმელები კარადაში შეაწყვეო, დიდი ალბათობით, პატარა ამას ვერ გაიგებს, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ აუხსენით, რის გაკეთებას სთხოვთ. თავად აიღეთ თქვენი ფეხსაცმელები და შეაწყვეთ კარადაში, თან ყოველი ნაბიჯი გაახმოვანეთ, მერე კი მას მიაწოდეთ თავისი ფეხსაცმელები და სთხოვეთ, გაჩვენოთ.
თუ გსურთ, თამაშის შემდეგ სათამაშოების ალაგებას მიაჩვიოთ, „მოდი, ახლა სათამაშოები ავალაგოთ“ არ არის საკმარისი იმის მისახვედრად, რის გაკეთებას სთხოვთ. ამ შემთხვევაშიც მკაფიო ინსტრუქციაა საჭირო. როდესაც კუბებით თამაშს დაასრულებს, აიღეთ ყუთი და უთხარით: „მოდი, ახლა კუბები თავის ყუთში დავაბრუნოთ“, – და მოქმედებითაც აჩვენეთ, როგორ ჩააწყობთ კუბებს თავის ყუთში. ასევე მოიქეცით წიგნებზეც – უთხარით: „მოდი, ახლა ეს მწვანე წიგნი თაროზე დავდოთ“, – და აჩვენეთ, რას ნიშნავს წიგნის თაროზე დადება.
თუ სისტემატურად ასე მოიქცევით, დაინახავთ, რომ ბავშვი უფრო ადვილად მიხვდება, რას მოითხოვთ მისგან და საჭირო ჩვევები გამოუმუშავდება.
იგივე მეთოდი დაგეხმარებათ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც, როგორიცაა ქუჩიდან შემოსვლის შემდეგ ხელების დაბანა, დილა-საღამოს კბილების გახეხვა, ტანსაცმლის გამოცვლა.
პატარები თავიანთ ყოველდღიურობას ვერ აკონტროლებენ, ამისთვის ჰყავხართ თქვენ, მშობლები. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ეზრდება თავისუფლების მოთხოვნილებაც და აპროტესტებს კონტროლს, მაგრამ არის ბევრი ისეთი რამ, რის უფლებასაც ვერ მისცემთ, რასაკვირველია, მისივე უსაფრთხოებისთვის.
აკრძალვის გამო პატარა შესაძლოა, გაგინაწყენდეთ, იტიროს, იყვიროს. აჩვენეთ, რომ პატივს სცემთ მის გრძნობებს. მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და უთხარით, რომ ხვდებით, როგორ აინტერესებს, რა მოხდება, თუ დენის წყაროში თითს შეყოფს, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემთ. თავდაპირველად მძაფრი რეაქცია ექნება, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე გაუმეორებთ, რომ გესმით მისი, მაგრამ ეს ნამდვილად აკრძალულია, დაინახავთ, რომ თანდათან ისე მძაფრად აღარ განიცდის აკრძალვას და საბოლოოდ მიივიწყებს კიდეც ამ სურვილს.
პატარებს უყვართ ერთისა და იმავეს ბევრჯერ გამეორება, საყვარელი წიგნის მეათედ დათვალიერება იქნება ეს თუ მულტფილმის სასაცილო ეპიზოდის დაუსრულებლად ყურება. სწავლითაც გამეორებით სწავლობენ ყველაზე კარგად, ამიტომ თუ ერთხელ ელექტროსადენით თამაშზე უარი უთხარით, შემდგომშიც ასე უნდა გაგრძელდეს. თანმიმდევრულობა აღზრდის პროცესში აუცილებელია, რათა ბავშვმა კარგად დაიმახსოვროს, რა ეკრძალება და რა – არა. არ შეიძლება, ერთ დღეს რამე აუკრძალოთ, ხოლო მეორე დღეს იმავეს გაკეთების ნება დართოთ.
თუ ბავშვს საყვარელი ზღაპრის მეხუთედ წაკითხვის შემდეგ ეუბნებით, რომ ეს ბოლოა და ამის შემდეგ წიგნს ხურავთ და იძინებთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ დანაპირები. შესაძლოა, გაბრაზდეს, მაგრამ სამომავლოდ ეცოდინება: როდესაც მშობელი ამბობს, რომ ეს ბოლოა, ესე იგი, ნამდვილად ასეა და გულიც აღარ დასწყდება. ეს მომავალშიც გაგიმარტივებთ საქმეს, რადგან ბავშვს ეცოდინება, რომ თქვენს სიტყვას ფასი აქვს და აღარ ექნება ამაო მოლოდინი, რომ წუწუნითა და ტირილით თავისას მიაღწევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან