მედიცინა

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ცხვირიდან გამონადენს სახლის პირობებში

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.05, 2022 წელი

ცხვირიდან გამონადელი
დაკოპირებულია

ცხვირიდან გამონადენი ცხვირის ლორწოვანის შეშუპებისა და ლორწოს ჭარბი გამომუშავების შედეგია. ის ან გარეთ გამოდის, ან უკან, ყელში ჩადის. უკანასკნელ შემთხვევაში სურდოსთან ერთად ხველა და ყელის ტკივილიც შეგაწუხებთ. ცხვირიდან გამონადენის მიზეზი ყველაზე ხშირად გაციება, გრიპი და სინუსური ინფექციაა.

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია ზოგჯერ მხოლოდ სურდოთი ვლინდება, ზოგჯერ კი თან ახლავს ცხელება, ყელისა თუ ყურის ტკივილი, ხველა, ცემინება...

ცხვირიდან გამონადენი შესაძლოა, იყოს ალერგიის, ცხვირის წვეთების ხანგრძლივი გამოყენების, ნაზალური პოლიპების, ვაზომოტორული რინიტის, ორსულობის ბრალიც. ცხვირიდან გამონადენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

წანაზარდები ცხვირში – ნაზალური პოლიპები ცხვირში, ცხვირის დანამატ წიაღში ან ცხვირის ღრუსა და წიაღების გასაყარზე არსებული წარმონაქმნებია. პოლიპები, როგორც ჩანს, წარმოიქმნება ცხვირის ლორწოვანის ხანგრძლივი შეშუპების ან გაღიზიანების შედეგად, რაც, თავის მხრივ, ალერგიას, ასთმას და სასუნთქი გზების ინფექციას სდევს თან.

სიმპტომები უმთავრესად პოლიპების ზომაზეა დამოკიდებული. პატარა წანაზარდები პრობლემებს არ იწვევს, დიდმა კი შესაძლოა, ცხვირის ღრუს ან დანამატი წიაღების ბლოკირება გამოიწვიოს. თუ პოლიპებმა ჰაერსავალი გზები დაბლოკა, სინუსური ინფექცია განვითარდება. მას ამოიცნობთ ცხვირიდან გამონადენით, ცხვირის გაჭედვით, ხშირი ცემინებით, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება-დაკარგვით, თავის ტკივილით.

ზოგჯერ ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა და ცემინება არც ალერგიის შედეგია და არც გაციების. ასეთი „უმიზეზო“ სურდოს ერთ-ერთი მიზეზია არაალერგიული რინოპათია, იგივე ვაზომოტორული რინიტი. მისი წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ის ვითარდება, როდესაც რაიმე ფაქტორი ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანებას იწვევს. ასეთი ფაქტორებია: მშრალი ჰავა, ჰაერის დაბინძურება, ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, მწარე საკვები, ძლიერი ემოცია, მძაფრი სუნი.

რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ნაზალურ გამონადენს, რამდენიმე წესის დაცვა მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებს. მიუხედავად იმისა, რომ ცხვირიდან წყალივით მომავალი ლორწო არცთუ ისე სასიამოვნო რამაა, ნესტოების გაჭედვას ნამდვილად სჯობს. მიზანი გამონადენის შეჩერება კი არა, გათხელება და გამოძევებაა. ამ მიზნის მიღწევაში სითხეები დაგეხმარებათ, ამიტომ სვით ბევრი სითხე, განსაკუთრებით – წყალი. შეიძლება ჩაის, კომპოტის, ხილის ნატურალური წვენების მიღება.

დაგეხმარებათ შემდეგი საშუალებებიც:

👉 თბილი კომპრესი – დღეში რამდენიმეჯერ სახეზე დაიდეთ ნამიანი ცხვირსახოცი;

👉 ორთქლის ინჰალაცია დღეში 2-4-ჯერ – დაჯექით სააბაზანოში და მოუშვით ცხელი წყალი;

👉 ინჰალტორით ფიზიოლოგიური ხსნარის შესუნთქვა;

👉ოთახში ჰაერის დატენიანება;

👉 ცხვირის გამორეცხვა – შეგიძლიათ, იყიდოთ ან თავად მოამზადოთ მარილწყალი – 1 ჭიქა (240 მილილიტრი) ცხელ წყალში გახსნათ ნახევარი ჩაის კოვზი (3 გრამი) მარილი და ცოტაოდენი საკვები სოდა.

მდგომარეობა ხშირად წოლის დროს მძიმდება, ამიტომ მეტი დრო გაატარეთ ფეხზე, დაწოლისას კი თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ.

ცხვირიდან გამონადენს სხვადასხვა წამლით ებრძვიან. სურდოს საწინააღმდეგო საშუალებები სისხლძარღვებს ავიწროებს, შეშუპებას აცხრობს და მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ ასეთი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ. სრულიად უსაფრთხოა მარილიანი წყალი.

მიმართეთ ექიმს, მაშინ, როცა:

👉გამონადენს ან ცხვირის გაჭედვას ერთვის შუბლის, თვალბუდეების ტკივილი, მხედველობის გაუარესება;

👉 გტკივათ ყელი, გაქვთ თეთრი/ყვითელი ლაქები ნუშურა ჯირკვლებზე;

👉 გამონადენს აქვს უსიამოვნო სუნი ან უჩვეულო ფერი (არ არის თეთრი ან ყვითელი) ან მხოლოდ ცალი ნესტოდანაა;

👉 გამონადენს თან ახლავს ხველა, რომელიც ათ დღეზე მეტია გრძელდება;

👉 გამონადენს თან ახლავს ხველა და მოყვითალო-მომწვანო ან ნაცრისფერი ნახველი;

👉 გამონადენს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა;

👉 გამონადენი გაჩნდა თავის ტვინის ტრავმის შემდეგ;

👉 სიმპტომები 3 კვირაზე მეტია გრძელდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი