ყაბაყის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ყაბაყი გამოირჩევა მდიდარი ნუტრიციული მოცემულობებითა და მაღალი სასარგებლო ღირებულებით. მისი დაბალკალორიულობა (100 გრამზე, დაახლოებით, 17 კილოკალორია) და წყლის მაღალი შემცველობა (95 პროცენტამდე) მას დიეტური და სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების შეუცვლელ კომპონენტად აქცევს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერა – ყაბაყი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალში ხსნად და უხსნად ბოჭკოებს (პექტიანსა და ცელულოზას). ეს ნივთიერებები უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის სტიმულირებას, ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს და თავიდან აცილებს ყაბზობას. მისი ნაზი სტრუქტურა არ აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, რის გამოც იგი ინიშნება გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებებისა და კოლიტის დროს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირება – ეს ბოსტნეული მდიდარია კალიუმითა და მაგნიუმით, რომლებიც მონაწილეობენ ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებასა და არტერიული წნევის რეგულირებაში. კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ნატრიუმისა და სითხის გამოყვანას, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვას. გარდა ამისა, ყაბაყში შემავალი პექტინები უზრუნველყოფენ სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას.
ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება – ყაბაყი C და A ვიტამინების, ასევე, ლუტეინისა და ზექსანტინის წყაროა. ეს ანტიოქსიდანტები ნეიტრალიზებენ თავისუფალ რადიკალებს, ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს და ორგანიზმს უჯრედულ დონეზე იცავენ ქრონიკული ანთებითი პროცესებისგან. C ვიტამინი ამაღლებს იმუნურ პასუხს და ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს.
მეტაბოლიზმისა და წონის კონტროლი – ნახშირწყლების დაბალი ინდექსისა და ბოჭკოს მაღალი შემცველობის წყალობით, ყაბაყი არ იწვევს სისხლში გლუკოზისა და ინსულინის მკვეთრ ნახტომებს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და ინსულინრეზისტენტობის მართვისას. ის უზრუნველყოფს ხანგრძლივ დანაყრებას მინიმალური კალორიული დატვირთვის პირობებში.
შარდმდენი და დეტოქსიკაციური ეფექტი – კალიუმისა და წყლის მაღალი თანაფარდობა ყაბაყს ანიჭებს რბილ შარდმდენ თვისებას. იგი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მეტაბოლური ნარჩენების (მათ შორის, შარდმჟავას) გამოყვანას, რაც ეფექტურია პოდაგრის, თირკმლის დაავადებებისა და შეშუპებების პროფილაქტიკისთვის.
მხედველობისა და კანის ჯანმრთელობა – ყაბაყში არსებული კაროტინოიდები გროვდება თვალის ბადურაში და იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებებისგან. A ვიტამინი და B ჯგუფის ვიტამინები კი ხელს უწყობს კანის რეგენერაციასა და ელასტიკურობის შენარჩუნებას.
ყაბაყი სამკურნალო და დიეტური მიზნით გამოიყენება როგორც თერმულად დამუშავებული, ისე ნედლი. ასევე სასარგებლოა მისი წვენი და თესლი.
თერმულად დამუშავებული ყაბაყი (ორთქლზე, მოხარშული ან გამომცხვარი) გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (გასტრიტი, წყლული, კოლიტი), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს; მინიმალური მარილითა და ცხიმის გარეშე მოხარშულ ან ორთქლზე მომზადებულ ყაბაყს ადვილად ინელებს ორგანიზმი. ის არ ტვირთავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამშვიდებს ლორწოვან გარსს და ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას.
ახლად დაწურული ნედლი, ახალგაზრდა ყაბაყის (კანით)ს წვენი გამოიყენება შეშუპების, მაღალი არტერიული წნევის, ათეროსკლეროზისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





