მედიცინა

რა არის ბურსიტი

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ბურსიტი
დაკოპირებულია

ბურსიტი სინოვიური ჩანთის მტკივნეული ანთებაა (ბრტყელი, სითხით სავსე ჩანთა, რომელიც ამორტიზატორის როლს ასრულებს იქ, სადაც კანი, კუნთები, მყესები და იოგები ძვლებთან შეხებაშია). მოძრაობა მტკივნეულია და კანთან ახლოს მდებარე სინოვიური ჩანთები შუპდება და მტკივნეული ხდება. სინოვიური ჩანთის ირგვლივ არსებული ტკივილი ამ დიაგნოზზე გვაფიქრებინებს, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება სინოვიური ჩანთიდან აღებული სითხის ანალიზი ან გამოსახულებითი კვლევების ჩატარება. სიმპტომებს ამსუბუქებს მოსვენება, ფიქსატორის დადება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების ინიექცია.

სინოვიური ჩანთა ნორმალურად მცირე რაოდენობით სითხეს შეიცავს, რომელიც ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს. სინოვიური ჩანთა ამცირებს ხახუნის ძალას და იმ სტრუქტურების ცვეთას, რომლებიც ერთმანეთს ეხებიან მოძრაობის დროს. ზოგი სინოვიური ჩანთა უშუალოდ კანქვეშ მდებარეობს (ზედაპირულად), სხვები კუნთებისა და მყესების ქვეშაა მოქცეული (ღრმა).

სინოვიური ჩანთის ანთება შეიძლება ტრავმირების ან გადატვირთვის გამო განვითარდეს და მასში დამატებითი სითხე დაგროვდეს. ბურსიტი, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ჭარბი ან უჩვეულო დატვირთვის გამო განვითარებული გაღიზიანებით. ასევე, შეიძლება, გამოწვეული იყოს ტრავმით, პოდაგრით, ფსევდოპოდაგრით, რევმატოიდული ართრიტით ან სხვადასხვა, განსაკუთრებით ოქროსფერი სტაფილოკოკებით გამოწვეული ინფექციით. ხშირ შემთხვევაში მიზეზი უცნობია. ბურსიტის მიმართ ყველაზე მეტად მიდრეკილია მხრები, თუმცა ასევე ხშირად ზიანდება იდაყვის, ბარძაყების (ტროხანტერული ბურსიტი), მენჯის, მუხლების, ტერფის თითების და ქუსლის (აქილევსის მყესის ბურსიტი) სინოვიური ჩანთები.

მხრის ბურსიტი, ჩვეულებრივ, მხრის ირგვლივი მყესის ანთებითაა გამოწვეული (როტატორული მანჟეტის ტენდინიტი – მყესი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც მხარს ადგილზე ამაგრებენ, როტატორული მანჟეტის სახელითაა ცნობილი). სიმპტომები ბურსიტი, როგორც წესი, ტკივილს და შედეგად მოძრაობის შეზღუდვას იწვევს, ამასთან სპეციფიკური სიმპტომების არსებობა დამოკიდებულია ანთებითი სინოვიური ჩანთის მდებარეობაზე. მაგალითად, როდესაც მხრებში არსებული სინოვიური ჩანთის ანთება ვითარდება, მტკივნეული და გაძნელებულია ხელის აწევა სხეულის დონეზე მაღლა (მაგალითად, პიჯაკის ჩაცმა). თუმცა იდაყვის ბურსიტმა შეიძლება მნიშვნელოვანი შესივება გამოიწვიოს მცირედი დისკომფორტით ან მის გარეშე.

მწვავე ბურსიტი საათებსა ან დღეებში ვითარდება. ანთებადი მიდამო მოძრაობით ან შეხებით მტკივნეულია. კანთან ახლოს მდებარე სინოვიური ჩანთის არეში, როგორც ეს მუხლის ან იდაყვის შემთხვევაშია, შეიძლება, კანი წითელი და შეშუპებული ჩანდეს. განსაკუთრებით მტკივნეულია ინფექციით ან პოდაგრით გამოწვეული ბურსიტი. ანთებადი მიდამო წითელი და შეხებით ცხელია.

ქრონიკული ბურსიტი მწვავე ბურსიტის განმეორებადი ან მუდმივი გამწვავების ან განმეორებადი ტრავმების შედეგია. ზოგჯერ სინოვიური ჩანთის კედლები სქელდება. თუ დაზიანებული სინოვიური ჩანთა უჩვეულო დატვირთვას ან დაძაბვას განიცდის, ანთებითი პროცესი უარესდება. ხანგრძლივმა ტკივილმა და შეშუპებამ შეიძლება, მოძრაობა შეზღუდოს, რაც კუნთების დასუსტებას გამოიწვევს. ქრონიკული ბურსიტის გამწვავება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება და ხშირად მეორდება.

ეჭვი ბურსიტის დიაგნოზზე შეიძლება იყოს, როდესაც ზედაპირულად მდებარე სინოვიური ჩანთის ირგვლივ ადგილი შეხებით მტკივნეულია, ან სახსარში მოძრაობა, ან ღრმა სინოვიურ ჩანთებზე ზეწოლა ასევე ტკივილს იწვევს. თუ ზედაპირული სინოვიური ჩანთა, განსაკუთრებით მუხლის ან იდაყვის, მნიშვნელოვნად შეშუპებულია, შესაძლებელია, ჩანთიდან ნემსით სითხის ნიმუშის აღება, რომელსაც იკვლევენ ანთების მიზეზის გამოსავლენად, როგორიცაა ინფექცია ან პოდაგრა. რენტგენოგრაფია ტარდება მუდმივი ან ქრონიკული ბურსიტის შემთხვევაში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან ულტრასონოგრაფია გამოიყენება ღრმა სინოვიური ჩანთის ანთების დასადასტურებლად.

მკურნალობა

თუ მწვავე ბურსიტი ინფექციით არაა გამოწვეული, ჩვეულებრივ, მისი მკურნალობა ტარდება შემდეგნაირად: მოსვენება, დაავადებული სახსრის დროებითი იმობილიზაცია, მტკივნეულ ადგილას ყინულის დადება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები). ზოგჯერ საჭიროა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა. ხშირად ექიმი ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას და კორტიკოსტეროიდის ინიექციას პირდაპირ სინოვიურ ჩანთაში აკეთებს, განსაკუთრებით, როდესაც დაზიანება მხრის არეშია. აღნიშნული მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა ინიექციიდან რამდენიმე დღეში უმჯობესდება. მანიპულაციის განმეორება რამდენიმე თვის შემდეგაა შესაძლებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი