მედიცინა

როგორ მოვიქცეთ თუ ალერგია გვაწუხებს

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.03, 2023 წელი

ალერგია
დაკოპირებულია

ალერგიის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა, ანუ ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა ასრულებს, თუმცა, შეიძლება, ამის გარეშეც განვითარდეს. ალერგიის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ალერგიით არის დაავადებული. თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის ალბათობა, დაახლოებით, 30 პროცენტია. თუ ორივე ალერგიულია, დაავადების ალბათობა 50 პროცენტს აღწევს.

ალერგენები არის ყველგან – საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში. ესენია: ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული, მწერების შხამი, მცენარეების მტვერი, ობის სოკოები, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნივთიერებები – პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: ატოპიური დერმატიტის დროს დაუშვებელია ცხელი აბაზანის მიღება. საპონი დამარბილებელ კრემს უნდა შეიცავდეს. აბაზანის წყალს საჭმელი სოდა ან შვრიის ფქვილი დაამატეთ – ეს ძალიან კარგია. არ არის რეკომენდებული პირსახოცით გამშრალება. ამას დაბანისთანავე დამატენიანებელი კრემის, ვაზელინის ან მინერალური ზეთის წასმა ჯობს. ასევე, არ არის მიზანშეწონილი ლოსიონის გამოყენება.

კანის ალერგიული დაავადებების დროს კვების კორექციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რაციონიდან გამოირიცხოს სურსათი, რომელიც ალერგენად არის მიჩნეული. ასევე, უნდა შეწყვიტოთ იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც ალერგიის გამომწვევი ნივთიერების გამოთავისუფლებას უწყობს ხელს.

ჩვილ ასაკში განსაკუთრებითი ალერგიულობით გამოირჩევა ძროხის რძე, რომელიც 16 სახეობის ანტიგენს შეიცავს. ძლიერი ალერგენული თვისებები აქვს კვერცხს. დაუშვებელია კვერცხის შემცველი მაიონზისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღებაც. ცხოველური წარმოშობის ალერგენებიდან აღსანიშნავია თევზი. ნაკლებად აგრესიულია საქონლის ხორცი. საფრთხილოა ღორისა და ცხვრის ხორცი. ალერგენებიდან, ასევე, აღსანიშნავია ნიგოზი და თხილი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ალერგიის გამწვავებას იწვევს კვებითი დანამატები, არომატული ნივთიერებები და საღებავები, რომლებსაც პროდუქტებს უმატებენ. ძალიან აგრესიული დანამატი გახლავთ ტარტრაზინი – მოყვითალო შეფერილობის საკვების საღებავი.

კოსმეტიკური საშუალებები, ისევე როგორც სარეცხი ფხვნილები, ხშირად გვევლინება კონტაქტური დერმატიტის მიზეზად. მაგალითად, ტუში შეიცავს ემულგატორს, რომელიც ქუთუთოების კანს აზიანებს. თვალის ფანქარი ხშირად შეიცავს ნიკელს, რომელიც ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას იწვევს. ფრჩხილის ზოგიერთი ლაქი ფორმალდეჰიდის შემცველია, რის გამოც ლაქის გაშრობის შემდეგ კანის ალერგიული დაზიანება ვითარდება. ამიტომ ვისაც კონტაქტური დერმატიტი გაწუხებთ, გამოიყენეთ ჰიპოალერგენული საშუალებები.

გაითვალისწინეთ: ბავშვები, რომლებსაც მცირე ასაკში უვლინდებათ კანის ალერგია, შემდეგში ბრონქული ასთმის ან ალერგიული რინიტისადმი მიდრეკილებას იჩენენ, კვების რეჟიმის მოწესრიგებასა და ჰიპოალერგიული დიეტის დაცვას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკაში.

კანის ალერგიის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი, რამაც შეიძლება აფიქრებინოს მშობელს, რომ ბავშვს ალერგია აქვს, ქავილია. გარდა ამისა, ალერგიულ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აღენიშნება კანის სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი შუბლზე, ლოყებზე, აქერცვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი