მედიცინა

როგორ მოვიქცეთ რკინადეფიციტური ანემიის დროს

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.06

რკინადეფიციტური ანემია
დაკოპირებულია

რკინით მდიდარი საკვები რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვითარებული, რაციონის რკინით გამდიდრება საკმარისი არ არის. საკვების მეშვეობით ადამიანს შეუძლია, მხოლოდ ცხოველმყოფელობისთვის საჭირო რკინის ყოველდღიური ულუფის მიღება.

👉 რკინის შეწოვას აფერხებს: მარცვლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყენი, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული; რძე, რძის ნაწარმი.

რკინის შეწოვას ხელს უწყობს: ჰემური რკინა, რომელსაც შეიცავს საქონლისა და შინაური ფრინველის (ქათმის, ინდაურის) ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები; ასკორბინის მჟავა – C ვიტამინი, რომელიც მოიპოვება ხილში, კარტოფილსა და ზოგიერთ გორგლოვან ბოსტნეულში, აგრეთვე – პარკოსნებსა და კომბოსტოში.

რკინის შეწოვას აუმჯობესებს: ჩაის, ყავის დალევა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ – ამ დროს საკვები კუჭში აღარ არის და ეს პროდუქტები რკინის შეწოვას ვეღარ შეაფერხებს; რკინითა და ვიტამინებით ფორტიფიცირებული პროდუქტების მიღება; სხვა საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება; რძის, ყველის მიღება ჭამიდან ჭამამდე შუალედში.

ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინას დიდი ოდენობით შეიცავს, მაგრამ ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ვაშლი, ბროწეულის წვენი, წიწიბურა და სხვა ამგვარი საკვები, რამდენიც არ უნდა მივიღოთ, ამაოა. საზოგადოდ კი ანემიის (არა რკინადეფიციტურის) დროს მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად რეკომენდებულია დიეტოთერაპიაც. სასურველია ცხიმის ზომიერად – 70-80 გრამამდე – შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე, ძვლის ტვინის გაცხიმოვნება, ცხიმები კი სისხლწარმოქმნას თრგუნავს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს – რძისას, მზესუმზირასას და, საზოგადოდ, მცენარეულს.

ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა მივირთვათ 100 გრამი ღვიძლი, რაციონს უნდა დავუმატოთ საფუვრიანი კერძები. ვსვათ საფუვრის სასმელი (ავიღოთ 50-100 გრამი საფუარი, გავხსნათ 500-700 მილილიტრ წყალში და წამოვადუღოთ). სისხლწარმოქმნაში მონაწილე მიკროელემენტები – რკინა, კობალტი, თუთია, მანგანუმი – ორგანიზმში ღვიძლის, ხორცის, ფილტვების, კვერცხის, ხიზილალის, საფუვრისა და სოკოს, ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას, ხილისა და ბოსტნეულის მეშვეობით აღწევენ.

ანემიის დროს მადა ხშირად სუსტდება, რაც კუჭის სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის გაუარესებით აიხსნება. მადის გასაუმჯობესებლად ექიმები პაციენტებს ხორცის, თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის ნახარშებს ურჩევენ. ნებადართულია რუხი და თეთრი პური, მჭლე ხორცი, თევზი, ღვიძლი, ფილტვები, ხაჭო, წიწიბურა, კვერცხი, სოკო, ხილი, ბოსტნეული, კარაქი და ზეთი, ასკილი, შავი მოცხარი, ციტრუსები. სასურველია შეიზღუდოს: ჩაი, ფქვილი, მოხარშული რძე, ყველი, კაკაო, შოკოლადი, მჟაუნა.

რეკომენდებულია ბევრი კარაქი, ნაღები და რძე. სასარგებლოა ხორბლისა და წიწიბურას ფაფები, გოგრა, ღვიძლი. რაციონში უნდა შედიოდეს აგრეთვე, კარტოფილი და პარკოსნები, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, ნესვი, კამა, შტოში, ლიმონი, ფორთოხალი, გარგარი, ალუბალი, სიმინდი, მსხალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №31

2-8 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 2 – 8 აგვისტო