მედიცინა

როგორ მოვახდინოთ ღრმა ვენების თრომბოზის რისკის პრევენცია

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.02

ვენების თრომბოზი
დაკოპირებულია

ღრმა ვენების თრომბოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს თრომბების წარმოქმნა უმეტესწილად ქვემო კიდურების ღრმა ვენებში. ეს დაავადება მოსახლეობის 10-20%-ში გვხვდება. არანამკურნალებ შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გამო. ღრმა ვენების თრომბოზის გვიან გართულებას წარმოადგენს პოსტთრომბოზული სინდრომი.

თრომბოზი სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესია. ამ პათოლოგიური პროცესის შედეგად შესაძლოა, სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ შევიწროვდეს ან სრულიად დაიხშოს. თრომბების წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლის ნაკადის შენელება, სისხლძარღვის შიგნითა გარსის – ენდოთელიუმის დაზიანება და სისხლის თვისებების შეცვლა. ღრმა ვენების თრომბოზი – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ღრმა ვენებში თრომბები ყალიბდება.

ღრმა ვენების თრომბოზის რისკის შემცირების გზები:

• არ იჯდეთ დიდხანს. თუ ოპერაცია გაიკეთეთ ან სხვა მიზეზების გამო წოლითი რეჟიმი გაქვთ, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ მოძრავი ცხოვრების წესს;

• თუ ზიხართ დიდი ხნის განმავლობაში, არ გადააჯვარედინოთ ფეხები, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა;

• თუ მანქანით დიდ მანძილზე მოგზაურობთ, ყოველ საათში გაჩერდით და გაიარ-გამოიარეთ;

• თუ თვითმფრინავში ხართ, დროდადრო წამოდექით და ადგილზე იარეთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ ყოველ 30 წუთში დაჭიმეთ წვივები და გააკეთე რამდენიმე ვარჯიში: 10-10-ჯერ ასწიეთ და ჩამოსწიეთ ქუსლები, თითები კი იატაკზე გედოთ. შემდეგ ასწიეთ ფეხის თითები, ხოლო ქუსლები იატაკზე გედოთ;

• ივარჯიშეთ და აკონტროლეთ წონა. სიმსუქნე არის ღრმა ვენების თრომბოზის რისკის ფაქტორი. რეგულარული ვარჯიში ამცირებს სისხლის შედედების რისკს;

• ელასტიკური წინდების ხანგრძლივი ხმარება ვენებს მცირედ ავიწროებს, შესაბამისად სისხლის ნაკადის დინება ჩქარდება და თრომბოზის განვითარების რისკი მცირდება. თუმცა, მხოლოდ ელასტიკური წინდები არ არის საკმარისი ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან ასაცილებლად;

• პნევმატური კომპრესული წინდები თრომბის წარმოქმნის პრევენციის ეფექტური საშუალებაა. ეს წინდები პლასტიკატისგან მზადდება, ავტომატურად იბერება და იცლება ელექტროტუმბოთი, ანუ ისინი პერიოდულად მოეჭირება წვივებს და სისხლისგან ცლის ვენებს. წინდები გამოიყენება ქირურგიულ ჩარევამდე, კიდურზე ჩამოცმული რჩება ოპერაციის დროს და მის შემდეგ, სანამ პაციენტი სიარულს დაიწყებს;

• შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკფაქტორების მქონე პაციენტებს ენიშნება ქირურგიულ ჩარევამდე, ჩარევის პროცესში და ზოგჯერ მის შემდეგაც;

• გახსოვდეთ, მოწევა ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული