როგორ გავუმკლავდეთ გულყრას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.07, 2023 წელი
გულყრის მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლოა, იქცეს მაღალი ტემპერატურა, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სისხლში შაქრის ან კალციუმის დონის დაქვეითება, ფსიქოემოციური სტრესი, ზოგიერთი ინფექცია, ინტოქსიკაცია და სხვა.
ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად სპაზმოფილურ და ფებრილურ გულყრებს ვხვდებით. პირველის მიზეზი სისხლში კალციუმისა და მაგნიუმის კონცენტრაციის დაქვეითებაა, მეორისა კი – მაღალი ტემპერატურა. სპაზმოფილური გულყრები უმეტესად ჩვილებს ემართებათ რაქიტის ფონზე, ფებრილური კი – 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. ფებრილური გულყრა უფრო ხშირია: ყოველი 25 ბავშვიდან ერთს ემართება. ასაკის მატებასთან ერთად გულყრები თავისთავად წყდება, თუმცა ამ ბავშვებს მომავალში ეპილეფსიის განვითარების თანატოლებზე ოდნავ მეტი ალბათობა აქვთ. თუ ფებრილური გულყრა 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, კრუნჩხვამ სხეულის მხოლოდ ნაწილი მოიცვა, 24 საათის განმავლობაში ორი და მეტი ფებრილური გულყრა განვითარდა და ამასთანავე, ბავშვს ნევროლოგიური დარღვევებიც აქვს, ეპილეფსიის განვითარების ალბათობა კიდევ უფრო იმატებს.
არაეპილეფსიური გულყრების, დაახლოებით, 20-30% ფსიქოგენური გულყრების რიგს მიეკუთვნება. ის ძალიან წააგავს ეპილეფსიურ გულყრას. ასეთი პაციენტების 75-85% ქალია, რომელთა უმრავლესობას ემოციური დარღვევები – დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ჰიპოქონდრია აღენიშნება. ხშირია ასეთი გულყრები სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის შემდეგ. დიაგნოსტიკას ისიც ართულებს, რომ ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს როგორც ეპილეფსიური, ისე არაეპილეფსიური, ფსიქოგენური გულყრები.
ადვილად დასამახსოვრებელია კრუნჩხვითი გულყრა: ადამიანი ეცემა, გონებას კარგავს, მთელი ტანით იჭიმება, შესაძლოა, ხმამაღლა წამოიყვიროს, კრიჭა ეკვრის, გარკვეული ხნით სუნთქვას წყვეტს, ლურჯდება, ეწყება კიდურებისა და თავის სწრაფი და უნებლიე მოძრაობები, პირზე დუჟი ადგება, უნებლიეთ შარდავს.
გაცილებით ნაკლებად შესამჩნევია, ხშირად შეუმჩნეველიც კი, არაკრუნჩხვითი გულყრა. მისი ერთ-ერთი სახესხვაობაა აბსანსი, ანუ მცირე გულყრა. ამ დროს პაციენტი წამიერად შეშდება, თითქოს მზერა ეყინება, ცნობიერებას კარგავს, მაგრამ არ ეცემა. ცნობიერება მალევე აღდგება, ადამიანი ჩვეულებრივ განაგრძობს საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარაო და ვერც კი ხვდება, რომ გულყრა ჰქონდა. დღის განმავლობაში აბსანსი შეიძლება რამდენიმე ათეულჯერაც კი აღმოცენდეს, გარშემო მყოფებს კი დაავადებული, უბრალოდ, გონებადაფანტული და უყურადღებო ჰგონიათ.
რთულ გულყრას მზერის გაყინვასა და ცნობიერების შეცვლასთან ერთად სხვა თანმხლები ნიშნებიც აქვს – თვალების ხამხამი, პირის წკლაპუნი... თანაც შედარებით ხანგრძლივია – ჩვეულებრივ, ათ წამზე მეტხანს გრძელდება.
კრუნჩხვითი გულყრა ძალიან მძიმე სანახავია. ბუნებრივია, ამ დროს თვითმხილველი იბნევა. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ ადამიანმა გულყრის დროს შესაძლოა ენა გადაყლაპოს, ამიტომაც ცდილობენ, ავადმყოფს პირი გააღებინონ და ზედმეტი გულმოდგინებისგან ხშირად პირის ღრუს ლორწოვანს უზიანებენ, კბილებს უმტვრევენ. ასეთი საქციელი თავად დამხმარისთვისაც სახიფათოა – კრუნჩხვის დროს სხვა კუნთებთან ერთად საღეჭი კუნთებიც ძლიერ და სწრაფად იკუმშება, ამიტომაც არ არის გამორიცხული, ავადმყოფმა მისი დახმარების მსურველს თითები მოაკვნიტოს. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, რადგან გულყრის დროს ენის გადაყლაპვის არავითარი საშიშროება არ არსებობს. არც წყლის სხურება და თითზე კბენაა საჭირო, არც სახეზე შავი ნაჭრის გადაფარება და თავში ჩარტყმა... ეს მდგომარეობა არც ისე საშიშია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, კრუნჩხვითი გულყრა მძიმე სანახავია, მაგრამ უმეტესად თავისთავად სრულდება. ასეთ გულყრის შემდეგ ავადმყოფი იძინებს, ამიტომ წინასწარ გვერდულად დააწვინეთ მოხერხებულ, ფართო და სწორ ზედაპირზე, თავქვეშ ბალიში ამოუდეთ, მოუშვით შემოტმასნილი ტანსაცმელი. ნურავითარ შემთხვევაში ნუ ეცდებით სხეულის ან კიდურის გასწორებას, პირის გაღებინებას და პირში თითების ან სხვა საგნის ჩაყოფას. თუ პაციენტს პირში რამე უდევს, შეძლებისდაგვარად უნდა ამოვუღოთ – პირში არსებული საგანი გულყრის დროს შესაძლოა, დაიმსხვრეს და ნამსხვრევებმა სასუნთქი გზები დაახშოს. ყურადღება მიაქციეთ პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციებს და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





