როგორ ავირიდოთ თავიდან დიარეის საფრთხე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
დიარეის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი ამებაა. ნაწლავთა ამებიაზი დაავადებაა, რომელიც უწყინარი ფორმიდან შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში გადაიზარდოს. ადამიანისგან ადამიანს ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამება ორგანიზმში ფეკალიებით დაბინძურებული საკვებისა და წყლის საშუალებით იჭრება. ინვაზიის მთავარ წყაროს წარმოადგენენ ასიმპტომური მატარებლები და ქრონიკული პაციენტები, რომლებიც ცისტებს ავრცელებენ. გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანის ფეკალიების სასუქად გამოყენება, სანიტარიული ნორმების დარღვევა, დაუბანელი ხელებით საჭმლის მომზადება და მიღება, ასევე – დაბინძურებული სამედიცინო ხელსაწყოების, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის გამორეცხვისთვის საჭირო მოწყობილობის, გამოყენება.
არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა გავლენით დაავადება უფრო მეტადაა მოსალოდნელი. ესენია:
* ენდემურ რეგიონში მოგზაურობა;
* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
* კიბო;
* მალნუტრიცია (ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების დაუბალანსებელი მიღება);
* მცირე ან ხანდაზმული ასაკი;
* ორსულობა;
* კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.
მკურნალობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, ინიშნება ანტიბიოტიკები. გაურთულებელ შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს მეტრონიდაზოლის ათდღიან კურსს. სიმპტომურად ინიშნება პრეპარატი ღებინების შესაჩერებლად, დიარეის შესაჩერებლად კი არაფერს უნიშნავენ, რადგან ამან შესაძლოა უფრო მეტად დაამძიმოს მდგომარეობა. როდესაც პარაზიტი არღვევს ნაწლავის კედელს და ინფექცია სხვა ორგანოებშიც ვრცელდება, მკურნალობა მიმართულია არა მხოლოდ პარაზიტის წინააღმდეგ, არამედ ორგანოთა დაზიანების აღმოფხვრისკენაც. ნაწლავის ან პერიტონეუმის ქსოვილის პერფორაციის (მთლიანობის დარღვევის) შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ განმეორებით უნდა ჩატარდეს განავლის ანალიზი, რათა ინფექციის არარსებობაში დავრწმუნდეთ.
პროგნოზი კეთილსაიმედოა – ამებიაზი კარგად ემორჩილება მკურნალობას და დაახლოებით, ორ კვირაში გაივლის. უფრო რთულ შემთხვევებშიც კი, როდესაც პარაზიტი შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს აზიანებს, შესაბამისი მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა. არანამკურნალები ამებიაზი კი ხშირად ლეტალურად მთავრდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან
დაავადების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სანიტარიული ნორმების დაცვაა. ხელები კარგად დაიბანეთ საპნით ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ჭამამდე და საჭმლის მომზადებამდე. ყოველთვის გულდასმით გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. თუ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სადაც ეს დაავადებაა გავრცელებული, დაიხსომეთ და გაითვალისწინეთ:
* ხშირად იბანეთ ხელები საპნით;
* ჭამამდე კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. უკეთესი იქნება, გაფცქვნათ ან გათალოთ;
* დალიეთ წყალი მხოლოდ დაბეჭდილი ბოთლიდან ან დალევამდე გადაადუღეთ. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ წყალი შადრევნიდან ან „სოკოდან“.
* ერიდეთ სასმელში ყინულის კუბიკების ჩაყრას;
* ერიდეთ რძეს, ყველსა და არაპასტერიზირებული რძის სხვა პროდუქტებს;
* ნუ იყიდით საკვებს ან სასმელს ქუჩის მოვაჭრეებისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





