როგორ დავეხმაროთ პატარას კბილების ამოსვლის დროს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.08
კბილების ამოჭრასთან შეიძლება, ბევრი პრობლემა იყოს დაკავშირებული. მათ შორის:
• გაძლიერებული ნერწყვდენა, რომელმაც შესაძლებელია მოიმატოს 10 კვირის ასაკიდან და ამოჭრამდე გაგრძელდეს;
• ნერწყვდენის გაძლიერებას მოსდევს ნიკაპზე, კისერზე და მკერდის ზედა ნაწილში წვრიწერტილოვანი, მოწითალო ფერის გამონაყარი. ის დაკავშირებულია ნერწყვით ბავშვის ნაზი კანის მუდმივ გაღიზიანებასთან;
• ხველა ან წამოქაფება/ღებინების სიმპტომები – ესეც გაძლიერებული ნერწყვდენის მიზეზია. თუმცა ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება და სავარაუდო რესპირაციული და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პათოლოგიები ექიმთან ერთად გამორიცხეთ;
• კბენა – ღრძილების შეშუპება უამრავ დისკომფორტს იწვევს, პატარას კი ამის სიტყვიერად გამოხატვის საშუალება არ აქვს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი და გაიხსენეთ რამდენს გქონიათ, ეგრეთ წოდებული, „სიბრძნის კბილის“ ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემები. დაახლოებით იმავეს განიცდიან ჩვილებიც. ამ დროს პატარა ცდილობს, ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდება, პირში ჩაიდოს და თუ ეს თქვენი ხელი ან თითია, გიკბინოთ კიდეც;
• ტირილი – ღრძილების ნაზი ქსოვილი და ლორწოვანი შეშუპებულია, სისხლსავსე და მგრძნობიარე. ამ დროს ტკივილიც მნიშვნელოვანი თანმხლები პრობლემაა. ტირილი ერთადერთი გზაა, გამცნოთ, რომ რაღაც აწუხებს. პირველი კბილის ამოჭრა შეიძლება, ყველაზე მტკივნეული იყოს, შემდეგ ბავშვები თითქოს ეჩვევიან და ნაკლებად ტირიან;
• აღგზნებადობა – ზოგი პატარა ნაკლებად არის გაღიზიანებული, ზოგი – მეტად. მოუსვენრობა და ჭირვეულობა შესაძლებელია, ღამის საათებშიც იყოს. კბილის ამოჭრის შემდეგ ეს სიმპტომი, ისევე, როგორც ტკივილი, მალევე ქრება;
• საკვებზე უარის თქმა – ჭირვეული, მოუსვენარი ბავშვი კბილების ამოჭრისას სატყუარათი, საწოვრით ან დედის ძუძუთი თითქოს უფრო წყნარდება, მაგრამ თავად წოვის პროცესი მათთვის კვლავ მტკივნეულია;
• ღამის ჭირვეულობა და გაღვიძება – ესეც ტკივილისა და დისკომფორტის ბრალია. კბილების ამოჭრისას ზოგი ღამის კარგი ძილის მქონე ბავშვიც კი იცვლის დღის რეჟიმს და ხშირად ღამის საათებში უფრო ჭირვეულობს;
• ყურის და ლოყის ხშირის ფხანა – კბილების ამოჭრისას ბავშვებს ამ არეებში დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება აწუხებთ. ეს უბნები საერთო ინერვაციით გამოირჩევიან და ღრძილების არეში ტკივილი სახის სხვა უბნებსაც გადაეცემა. თუ ეს სიმპტომები მდგრადია და თან ცხელებაც ახლავს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს;
• ცხელება – ცხელება არ არის პირდაპირ ასოცირებული კბილების ამოჭრასთან, მით უფრო – მაღალი ტემპერატურა. ეს უფრო დამთხვევაა, ვიდრე წესი. მიიჩნევა, რომ უშუალოდ კბილის ამოჭრას, დაახლოებით, 8 დღე სჭირდება. ეს ის დროა კბილის მიერ ღრძილის ლორწოვანის „გაჭრას“ რომ ესაჭიროება. ცხელება ამოჭრის წინა და მომდევნო დღესაა მოსალოდნელი და ისიც მხოლოდ 38.5 გრადუსამდე.
როგორ დავეხმაროთ პატარას კბილების ამოჭრისას?
• გაძლიერებულ ნერწყვდენას ვერაფრით შეაჩერებთ, ამიტომ მუდამ მზად გქონდეთ სუფთა, რბილი ნაჭერი, რომლითაც ნაზად და ფრთხილად მოწმენდთ ნიკაპს, რათა კანის გაღიზიანება თავიდან აიცილოთ;
• ნერწყვის მოსაწმენდად არ გამოიყენოთ ქაღალდი. რაც არ უნდა რბილი იყოს, ის შესაძლოა ნიკაპზე დარჩეს და შემდეგ ბავშვის სასუნთქ გზებში მოხვდეს;
• თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, არ შეწყვიტოთ, გააგრძელეთ. ამით მას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანთ;
• გახსოვდეთ, რომ ბავშვს ძილის დროს არასდროს დაუტოვოთ ბოთლი საჭმლით. ღამე მხოლოდ წყალი ან რძე მიეცით. წვენები და შაქრის შემცველი სითხეების ღამის საათებში მიცემა კარიესის ძალიან დიდ რისკს ქმნის;
• ხშირად მშობლები ღრძილების ქავილისას ჩვილს ხელში პურის ნატეხს აკავებინებენ. ეს სულაც არ არის ცუდი. უბრალოდ, ამ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩიონოთ და ბავშვი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ;
• სითხის შემცველ საღეჭ რგოლებს უბრალო, რეზინის სპეციალური რგოლები სჯობს. მათი წინასწარ მაცივარში გაციება კი ძალიან კარგ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს მოგცემთ;
• ზოგიერთი მშობელი საღე რგოლს კისერზე თასმით უმაგრებს ბავშვს. გახსოვდეთ, რომ თასმით კისერზე ჩვილისთვის არაფრის დაკიდება არ შეიძლება. ამ დროს ძალიან დიდია მოხრჩობის რისკი. უმჯობესია, ხელში დააკავებინოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან