მედიცინა

როგორ დავეხმაროთ ადამიანს გულის წასვლის დროს

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.12, 2021 წელი

გულის წასვლა
დაკოპირებულია

გონების დაკარგვა, რასაც ხშირად გულის წასვლას უწოდებენ, საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ცნობიერების დაკარგვა მაშინ ხდება, როდესაც ტვინს დროებით არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი.

გულის წასვლა, ეს არის უეცრად განვითარებული, ხანმოკლე გონების კარგვა, რაც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით და როგორც წესი, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება.

გულის წასვლის ყველაზე ხშირი მიზეზები ემოციური ფონია, როცა ადამიანს აქვს ნერვული დაძაბულობა და შიში.

მეორე არის ორთოსტატიკური მიზეზი, როცა ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ვერტიკალურ მდგომარეობაშია და ამ დროს არტერიული წნევის ვარდნა ხდება.

მესამე მიზეზი შეიძლება, იყოს ჯანმრთელობის უფრო სერიოზული მდგომარეობა – კარდიოლოგიური, ანუ გულისმიერი, გულთან დაკავშირებული მიზეზები, კერძოდ, როცა დარღვეულია გულის კუმშვადი ფუნქცია და მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ნერვულ-რეფლექტორული, ანუ როცა დარღვეულია სისხლძარღვების ტონუსი.

გულის წასვლის ნიშნებია: თავბრუ, ფერმკრთალი სახე, შემცივნება და ოფლიანობა, დაბინდული მხედველობა, ყურებში შიშინი, კოლაფსი, უგონო მდგომარეობაში ყოფნა რამდენიმე წამით ან წუთამდე, მდგომარეობის სრულად გაუმჯობესება რამდენიმე წუთში.

თუ ვხედავთ, რომ ადამიანს არ აქვს დარღვეული სუნთქვა, მალე დაუბრუნდა გონება, ცნობიერება აღდგენილია, არ აქვს დაბალი წნევა და არც მაინცდამაინც გამოხატული ჩივილები, შეგვიძლია სასწრაფო დახმარების ჯგუფის გარეშეც გამოვიდეთ სიტუაციიდან.

მაგრამ, თუ ადამიანს გონების დაკარგვის ეპიზოდში განუვითარდა კრუნჩხვა, ფერმკრთალია, ტუჩები ლურჯი ფერისა აქვს, უჭირს სუნთქვა, ტკივილი აქვს გულის არეში, დიდხანს არ ხდება ცნობიერების აღდგენა, მაშინ რა თქმა უნდა, გვჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ასეთ დროს ადამიანი უნდა დავაწვინოთ, ირგვლივ არ უნდა იყოს ხალხმრავლობა, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. მოჭერილი ტანსაცმელი, ქამარი, ჰალსტუხი უნდა შევუხსნათ. სასურველია ცივი წყლის შესხურებაც. კარგია ამ დროს სუნთქვაზე დაკვირვება, ასევე, შემოწმება, პირის ღრუში რაიმე უცხო სხეული ხომ არ აქვს და ის ხომ არ უშლის ხელს თავისუფლად სუნთქვაში.

ადამიანი აუცილებლად უნდა იწვეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ადამიანის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა. ასევე, არ უნდა ვიჩქაროთ გონზე მოსულის სწრაფად წამოყენება.

არ შეიძლება გულწასული ადამიანის ნჯღრევა, დაუშვებელია ძალით პირის ღრუში სითხის ჩასხმა.

როგორც წესი, ადამიანი გრძნობს, რომ გული უნდა წაუვიდეს. თუ ვხვდებით, რომ გულის წასვლის ეპიზოდი გარდაუვალია, უნდა მივეხმაროთ, რომ დაჯდეს ან წამოწვეს, მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერის დროულად უზრუნველყოფაც. თუ ადამიანი ოდნავ შეუძლოდაა, ტკბილი ჩაი ან ყავა დავალევინოთ, რამაც შესაძლოა, თავიდან ააცილოს გულის წასვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...