როდის არის თავბრუ საშიში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.06, 2022 წელი
ცალკე აღებული განმეორებადი ან ხანგრძლივი თავბრუ დაავადება არ არის, თუმცა ორგანიზმში დაავადებას ან დარღვევას მიუთითებს. მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. თავბრუს განვითარების რისკი ქალებში ორჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში.
თავბრუ ყოველთვის არ არის ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელი. ის შეიძლება, ისეთმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს, როგორიცაა:
👉 დეჰიდრატაცია;
👉 ალერგია;
👉 არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა ფეხზე სწრაფად წამოდგომისას;
👉 სტრესი;
👉 ზოგიერთი მედიკამენტი.
მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაც გახდეს. ასეთ შემთხვევებში, თავბრუ ქალებში სულაც არ არის საგანგაშო, მაგრამ საჭიროა ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყლის მიღება, დიეტის შეცვლა ან ალერგიის მკურნალობა – თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე.
ქალებში საკმაოდ ხშირია თავბრუ ასევე, მენოპაუზის დროს. ამ პერიოდში, სისუსტე და მძიმე თავრუ, არა მარტო ჰორმონალურმა დისბალანსმა, მაღალმა არტერიულმა წნევამაც შეიძლება, გამოიწვიოს.
ჰორმონალური ცვლილბების გამო ქალებში მენსტრუალური ციკლის დროს თავბრუ ნორმად მიიჩნევა. თავბრუ, რომელიც ციკლს ახლავს თან, მისი დასრულებისთანავე ქრება და ქალის მდგომარეობა უმჯობესდება.
თავბრუ შაკიკითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. შაკიკი განმეორებადი თავის ტკივილია, რომელიც ძირითადად, თავის ერთ მხარეს ვლინდება და მისი ერთ-ერთი სიმპტომი თავბრუა. შესაძლოა, ეს სიმპტომი პაციენტს შაკიკის შეტევამდეც გამოუვლინდეს.
თავბრუ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადებებმაც. ამ დროს პაციენტს, თავბრუსთან ერთად, აღენიშნება არარეგულარული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, მუდმივი ხველა, გულ-მკერდის არეში შებოჭილობა, გულისრევა...
ადამიანს თავბრუსხვევასთან ერთად ხშირად აქვთ შემდეგი სიმპტომები:
👉 სისუსტის შეგრძნება;
👉 წონასწარობის დაკარგვა;
👉 ტრიალის შეგრძნება;
👉 სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა;
👉 გულისრევა ან ღებინება;
👉 გონების დაკარგვა;
👉 ტინიტუსი;
👉 თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობა.
ეს სიმპტომები შესაძლოა, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს. იმის მიხედვით, რა იწვევს თავბრუს, პაციენტს შეიძლება, სხვადასხვა სიმპტომი აწუხებდეს.
თავბრუ ქალებში შეიძლება საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელი მიზეზით იყოს გამოწვეული. თუმცა, შესაძლებელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მანიშნებელიც იყოს. ამიტომ აუცილებელია მის თანმხლებ სიმპტომებზე დაკვირვება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაეცით, გონება დაკარგეთ ან სიარული არ შეგიძლიათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა აუცილებელი იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
👉 მაღალი ტემპერატურა;
👉ტკივილი გულმკერდის არეში;
👉 არარეგულარული გულისცემა;
👉 ღებინება;
👉 ჰაერის უკმარისობა;
👉 კრუნჩხვები;
👉 სახის სისუსტე ან დაბუჟება;
👉 უეცარი ცვლილება მეტყველებაში ან მხედველობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





