მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციებაზე

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ჭინჭრის ციება
დაკოპირებულია

ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელიც კანზე პატარა ლაქებისა და მოზრდილი ბუშტუკების გაჩენით გამოიხატება, ანგიოედემა კი კანის ღრმა ფენების შეშუპებაა, წესისამებრ, თვალებისა და ტუჩების გარშემო. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა მეტწილად უვნებელია და თავისთავად გაივლის. სახიფათოა მწვავე ანგიოედემის ისეთი ფორმა, რომელიც ენისა და ხორხის შეშუპებას იწვევს, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა, სასუნთქი გზები დაიხშოს. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შეიძლება, ცალ-ცალკეც განვითარდეს და ერთდროულადაც. მათ ყველაზე ხშირად ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ.

რა იწვევს

საკვები – ზოგიერთ საკვებს შეუძლია, მათდამი მგრძნობიარე ადამიანებში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ხშირია ალერგია მოლუსკებზე, თევზზე, მიწის თხილზე, თხილზე, კვერცხსა და რძეზე.

მედიკამენტები – ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის გამოწვევა თითქმის ყველა მედიკამენტს შეუძლია, თუმცა უმეტესად ბრალი მიუძღვის პენიცილინს, ასპირინს, იბუპროფენსა და წნევის წამლებს.

გარემოში არსებული ალერგენები – მცენარის მტვერი, ცხოველის ქერტლი, ლატექსი, მწერის შხამი, რომელიც ნაკბენიდან იჭრება ორგანიზმში.

გარეგანი ფაქტორები – სიცხე, სიცივე, მზის სხივები, წყალი, კანზე ზეწოლა, ემოციური სტრესი და ვარჯიშიც კი.

სხვა დაავადებები – ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შესაძლოა, განვითარდეს სისხლის გადასხმის, იმუნური სისტემის პათოლოგიის (მგლურას), ზოგიერთი ტიპის სიმსივნის (ლიმფომის), ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის (ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის) საპასუხოდ.

გენეტიკა – თანდაყოლილი ანგიოედემა დაავადების იშვიათი ფორმაა. ის იმუნური სისტემის მაკონტროლებელი სისხლის ზოგიერთი პროტეინის ნაკლებობასთან ან არასწორ ფუნქციობასთანაა დაკავშირებული.

ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის ძირითადი გამოხატულება

დამახასიათებელი შესახედაობის გამონაყარია. კანზე გაჩენილი ბუშტუკები შეიძლება, იყოს: წითელი ან კანისფერი, ოვალური ან მატლის ფორმისა, რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა, მქავანა.

ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავე ფორმის დროს გამონაყარი უმეტესად 24 საათში ქრება, ქრონიკული კი შესაძლოა, თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს.

ანგიოედემისთვის დამახასიათებელია: დიდი, სქელი და მკვრივი ბუშტუკები, შეშუპება და სიწითლე, ტკივილი და სიმხურვალე დაზიანებულ მიდამოში.

რჩევები:

მოერიდეთ ალერგენებს: მცენარის მტვერს, ლატექსს, საკვებს. მეტადრე მათ, რომლებთანაც ალერგიული რეაქციის კავშირი მეტ-ნაკლებად აშკარაა. გამოიყენეთ ანტიჰისტამინები: ლორატადინი (კლარიტინი), ცეტირიზინი ან დიფენჰიდრამინი (დიმედროლი). ისინი ეფექტურად აცხრობენ განვითარებულ სიმპტომებს. დაზიანებულ არეზე დაიდეთ ცივი საფენები. საფენები კანს დაარბილებს და შეასუსტებს შეშუპებასა და დაჭიმულობას. მიიღეთ გრილი აბაზანა. ქავილის შესასუსტებლად აბაზანაში ჩაყარეთ ჩვეულებრივი საჭმელი სოდა ან წვრილად დაფქული შვრია. ჩაიცვით ბამბის რბილი ქსოვილის თავისუფალი სტილის ტანსაცმელი. ერიდეთ მოჭერილ, მოუხერხებელ და შალის ქსოვილისგან შეკერილ სამოსს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი