მედიცინა

როდის არის საგანგაშო სისხლდენა

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.05, 2022 წელი

სისხლდენა
დაკოპირებულია

ყურიდან სისხლდენა

ყურიდან სისხლდენას არაერთი მიზეზი აქვს. ის შესაძლოა, გამოიწვიოს დაფის აპკის მთლიანობის დარღვევამ, შუა ყურში მიმდინარე ინფექციურმა პროცესმა, ბაროტრავმამ, რომელსაც დაფის აპკის მთლიანობის დარღვევამდე მივყავართ, ატმოსფერული წნევის მკვეთრმა ცვლილებამ, ყურში უცხო სხეულის მოხვედრამ, გარეთა სასმენი მილის კიბომ და თავის ტრავმამ.

რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით, თუ ბოლო ხანს თავის ტრავმა გადაიტანეთ. სხვა მიზეზები ნაკლებ საშიშია, თუმცა მკურნალობის გარეშე აუცილებლად გართულდება, რაც გულისხმობს ინფექციური პროცესის გაღრმავებას, სმენის დაქვეითებას, ყურების მუდმივ შუილს, შემეცნებითი ფუნქციის დარღვევას, კოორდინაციის მოშლას, ხშირ თავბრუსა და თავის ტკივილს.

ღრძილებიდან სისხლდენა

ღრძილებიდან სისხლდენა შესაძლოა, ღრძილების დაავადების ნიშანი იყოს. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად კბილების ნადებია, რომელიც პირის ღრუში მცხოვრები ბაქტერიების ცხოველმოქმედების შედეგად წარმოიქმნება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კბილების წმენდა ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ, ძაფით გასუფთავება დღეში ერთხელ.

არ შეშინდეთ, თუ წმენდისას ღრძილებზე ცოტაოდენი სისხლი შეამჩნიეთ – ეს შესაძლოა, უხეში ჯაგრისის ბრალი იყოს.

მწეველებისთვის ღრძილებიდან სისხლდენის რისკი ორჯერ მეტია. სიგარეტის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ასუსტებს ბაქტერიების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს და ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას. ასე ხდება დიაბეტის დროსაც.

ღრძილებიდან სისხლდენას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც, მათ შორის – სისხლის გამათხელებლები, ანტიკონვულსანტები – კრუნჩხვის საწინააღმდეგო, იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები. სისხლდენის რისკი იმატებს ორსულობის, ჰორმონული ბალანსის დარღვევის, სისხლის შედედების პათოლოგიის ან ლეიკემიის დროს. ცუდად დამაგრებული კბილის პროთეზი ღრძილებს აღიზიანებს და ასევე შეუძლია სისხლდენის გამოწვევა.

კიდევ ერთი გამომწვევია სტრესი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის არა მარტო ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ მდგომარეობაზეც. ღრძილებიდან სისხლდენა შესაძლოა, განვითარდეს ციროზის დროსაც, ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციის დარღვევის გამო. მიზეზი, ასევე, შესაძლოა, იყოს გენეტიკური განწყობა, C და K ვიტამინების დეფიციტი.

აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, თუ სისხლდენა ძლიერი და ხანგრძლივია, მკურნალობის შემდეგაც გრძელდება ან სხვა სიმპტომებიც ახლავს.

ვაგინალური სისხლდენა

ყველა ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული ნორმალურ მენსტრუალურ ციკლთან, პათოლოგიურია. ვაგინალური სისხლდენა შესაძლოა, გამოვლინდეს სისხლის წვეთებით მენსტრუაციებს შორის, რომლებსაც ქალი ხშირად მხოლოდ ტუალეტის ქაღალდზე ამჩნევს ან მასიური სისხლდენით მენსტრუაციის დროს.

როდის მივმართოთ ექიმს – ორსულობის პერიოდში სისხლიანი ან მოყავისფრო გამონადენის არსებობისას აუცილებელია ექიმის გადაუდებელი კონსულტაცია. სხვა შემთხვევებში სპეციალისტის ჩარევას მოითხოვს ნებისმიერი არამენსტრუალური სისხლიანი გამონადენი და პათოლოგიური მენსტრუაცია. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ საშოდან გამონადენი აქვს მენოპაუზის ფაზაში მყოფ ქალს, რომელიც არ იტარებს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. ჰორმონთერაპიის ფონზე ზოგჯერ წარმოიშობა სისხლიანი გამონადენი, მაგრამ პაციენტი ამის თაობაზე მკურნალმა ექიმმა უნდა გააფრთხილოს. ყურადღებაა საჭირო მაშინაც, თუ ვაგინალური სისხლდენა დაეწყო 8 წლამდე ასაკის გოგონას, რომელსაც ჯერ არ ეტყობა სქესობრივი სიმწიფის არავითარი გარეგნული ნიშანი.

ნორმად მიიჩნევა, თუმცა მაინც მოითხოვს პროფესიონალის კონსულტაციას:

👉 ახალშობილთა სისხლდენა – ახალშობილ გოგონას სიცოცხლის პირველ თვეს შესაძლოა ჰქონდეს ვაგინალური სისხლდენის ეპიზოდი. თუ გამონადენი ჭარბია ან გახანგრძლივდა, საჭიროა გამოკვლევა;

👉მენსტრუაციამდელი სისხლდენა თინეიჯერებთან – მოზარდ გოგონებს, რომლებსაც ახლახან დაეწყოთ მენსტრუცია, არარეგულარული ციკლი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაუგრძელდეთ; ზოგიერთს მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში აქვს მცირე გამონადენი წვეთების სახით;

👉ქალებს, რომლებმაც დაიწყეს კონტრაცეპტივების მიღება, პირველი თვეების განმავლობაში დროდადრო აქვთ მცირედი სისხლიანი გამონადენი;

👉პერიმენოპაუზის ასაკში მყოფ ქალებთან ჰორმონული ძვრების გამო ციკლიც არარეგულარული ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი