მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ასთმის შესახებ

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ასთმა
დაკოპირებულია

ასთმით დაავადებულის სასუნთქი გზები მეტად მგრძნობიარეა და მძაფრად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე. ზოგიერთთან კონტაქტი ასთმური სიმპტომების გამოვლენასა და დამძიმებას იწვევს.

ასთმის გამწვავების მაპროვოცირებელი ფაქტორებია: თამბაქოს კვამლი; ალერგენები – მცენარეები, სოკოს სპორები, მტვერი, ცხოველების კანი და ბეწვი; დაბინძურებული ჰაერი; მწვავე რესპირატორული ინფექციები – სინუსიტი, გაციება, გრიპი; სუნამოს ან საწმენდი საშუალებების მძაფრი სუნი; ფიზიკური დატვირთვა; ზოგიერთი საკვები; ამინდი; ძლიერი ემოცია – აღელვება, ტირილი, სიცილი, სტრესი; მედიკამენტები.

თუ ასთმა გაქვთ, აქამდეც შეამჩნევდით, რომ სიმპტომები ამინდზეა დამოკიდებული. ასთმური შეტევის პროვოცირება, ასევე, შეუძლია: სიცხეს, სიცივეს, მაღალ ტენიანობას, ამინდის უეცარ ცვლილებას, წვიმას, ქარს, ჭექა-ქუხილს.

სიცივე - ზამთარი ყველაზე მკაცრი ასთმით დაავადებულებისთვისაა – ცივი და ნესტიანი ჰაერი სასუნთქი გზების შევიწროებასა და ასთმურ შეტევას იწვევს. გარდა ამისა, ზამთარში გაცილებით ძნელია სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების – მწვავე რესპირატორული ინფექციების, გრიპის, გაციების – თავიდან აცილება.

სიცხე – ასთმის გამწვავება მოსალოდნელია ცხელ დღეებშიც. ეს ოზონის ბრალია. ოზონი აირია, რომელიც ბუნებრივად გროვდება ატმოსფეროს ერთ-ერთ შრეში, სტრატოსფეროში და ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს, რითაც მზის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს. ადამიანებისა და მცენარეებისთვის კი ეს აირი მომწამვლელია, ამიტომ დედამიწის ზედაპირზე მისი დაგროვება საშიშია. მავნე აირი წარმოიქმნება ავტომობილების, ქარხნების გამონაბოლქვის და სხვა ქიმური ნივთიერებების მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად. მაღალი კონცენტრაციის ოზონით დიდხანს სუნთქვა ვნებს სასუნთქ სისტემას, არღვევს ფილტვების ფუნქციას და იწვევს სასუნთქი გზების ანთებას. ასთმის გამწვავება ამ დროს გარდაუვალია.

ჭექა-ქუხილი, წვიმა და ქარი – ჭექა-ქუხილის დროს ჰაერის ტენიანობა იმატებს, რაც ხელსაყრელ პირობას ქმნის სოკოების ზრდისა და გამრავლებისთვის, ქარი კი გარშემო ფანტავს სოკოს სპორებს და სხვა მცენარეულ ალერგენებს, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანს ვერაფერს აკლებს, ასთმით დაავადებულებთან კი ზრდის სასუნთქი გზების აქტიურობას და იწვევს შეტევას. გარდა ამისა, ჭექა–ქუხილის დროს ატმოსფეროს ქვედა შრეებში იმატებს ოზონის კონცენტრაცია, რაც, როგორც ვთქვით, ასთმური შეტევის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორია.

ჯანმრთელი ადამიანი ადვილად ეგუება ატმოსფერულ ცვლილებებს, ასთმით დაავადებულებისთვის კი ამინდისა და კლიმატის ცვლილება ასთმური შეტევის ძლიერი რისკ-ფაქტორია, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ ბუნების რიტმს და ვიცოდეთ, რისგან და როგორ დავიცვათ თავი.

* უპირველეს ყოვლისა, მუდამ თან გქონდეთ ინჰალატორი, რომელიც შეტევის დროს აუცილებლად დაგჭირდებათ. მოარიდეთ მზის სხივებს და სითბოს – მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება მის ეფექტურობას ამცირებს;

* თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს;

* თუ შეგიმჩნევიათ, რომ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება პროვოცირებას უწევს ასთმურ შეტევას, თბილი შენობიდან ცივ ქუჩაში გასვლისას ცხვირ-პირზე შარფი შემოიხვიეთ. ეცადეთ, პირით არ ისუნთქოთ – ცხვირით სუნთქვისას ჰაერი უკეთ თბება და იფილტრება;

* ქარიან ამინდში სასურველია სახლში დარჩეთ და ფანჯრები დახუროთ;

* მცენარეებთან კონტაქტის შემდეგ გამოიცვალეთ ტანსაცმელი და მიიღეთ შხაპი;

* როცა ძალიან ცხელა, ერიდეთ გარეთ გასვლას და აქტიურ მოძრაობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში – 11–დან 15 საათამდე. ვარჯიში, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა დილისთვის დაგეგმეთ;

* სვით ბევრი სითხე, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);

* დახურეთ კარ-ფანჯარა და ჩართეთ კონდიციონერი, რომელიც ჰაერს აგრილებს და წმენდს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი