მედიცინა

როდის არის ყელის ტკივილი განსაკუთრებით საყურადღებო

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.11

ყელის ტკივილი
დაკოპირებულია

ყელის ტკივილი არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის სიმპტომი, როგორიცაა მაგალითად გაციება. შემთხვევათა მესამედში ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ყელის ტკივილი, ასევე, ცნობილია, როგორც ფარინგიტი.

ყელის ტკივილთან ერთად შეიძლება, გამოვლინდეს: შეშუპებული ნუშისებრი ჯირკვლები (ტონზილიტი); ყელში გადიდებული და მგრძნობიარე ლიმფური ჯირკვლები; დისკომფორტი ყლაპვის დროს.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით, შეიძლება, განვითარდეს ინფექციურ მდგომარეობებთან ასოცირებული სიმპტომებიც, როგორიცაა: მაღალი ტემპერატურა (სიცხე) – 38 გრადუსი ან უფრო მაღალი, კუთების ტკივილი ან დაღლილობა, თავის ტკივილი, ხველა, სურდო.

გაციება შეიძლება, გამოიწვიოს რინოვირუსმა, კორონავირუსმა და პარაინფლუენზა ვირუსმა – ყელის ტკივილების მეოთხედი სწორედ მათ მიერ არის გამოწვეული.

მოზრდილების 10 პროცენტში და ბავშვების, დაახლოებით, მესამედში ყელის ტკივილს სტრეპტოკოკური ინფექციების გამომწვევი A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიები იწვევენ. მოიაზრება, რომ ყელის ტკივილს, ასევე, იწვევენ C და G ჯგუფებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ყელის ტკივილის შემთხვევების უმეტესობას სახლის პირობებშიც შეიძლება, ვუმკურნალოთ, ზოგ შემთხვევაში, ადამიანები გართულებების მაღალ რისკ-ჯგუფში ხვდებიან და შესაძლოა, დამატებითი მკურნალობა გახდეს საჭირო.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს ინფექციის პირველი ნიშნების განვითარებისთანავე, თუ პაციენტს: აქვს შიდსი (ვირუსი, რომელიც უტევს ადამიანის იმუნურ სისტემას); აქვს ლეიკემია (ძვლის ტვინის კიბო); აქვს ასპლენია (როდესაც ელენთა არ მუშაობს ნორმალურად ან თუ ამოკვეთილი აქვს); აქვს აპლასტიური ანემია (როდესაც ძვლის ტვინი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის წითელ უჯრედებს); უტარდება ქიმიოთერაპია; უკეთებენ იმუნოსუპრესანტულ წამლებს (რაც აჩერებს იმუნური სისტემის მუშაობას) – მაგალითად, თუ გადაუნერგეს ორგანო; იღებს ანტითიროიდულ წამლებს (რომ შეაჩეროს ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი რაოდენობის ჰორმონების გამოყოფა), როგორიცაა კარბიმაზოლი; იღებს ანტირევმატიულ წამლებს, მაგალითად ართრიტის სამკურნალოდ.

ყელის ტკივილი გავრცელებულია განსაკუთრებით ბავშვებსა და თინეიჯერებში, რადგან მათ არ აქვთ იმუნიტეტი ბევრი ვირუსისა და ბაქტერიის მიმართ, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს ყელის ტკივილი. ყელის ტკივილის შემთხვევათა უმრავლესობა არ არის სერიოზული და ძირითადად, მკურნალობის გარეშე გაივლის. სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება, გამოვიყენოთ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ყელის ტკივილის დროს, როგორც წესი, ანტიბიოტიკების დანიშვნა არ ხდება, თუ არ ხართ უფრო სერიოზული ინფექციის განვითარების რისკ-ჯგუფში.

მიმართეთ ექიმს, თუ: გაქვთ მუდმივად მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38 გრადუსზე მაღალი, რომელიც წამლებიც დალევის მიუხედავად არ მცირდება; სიმპტომები არ გაუმჯობესდება ერთი კვირის განმავლობაში. სიცხის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა აუცილებელია, რადგან ის შეიძლება უფრო სერიოზული მდგომარეობით იყოს გამოწვეული, როგორიცაა: ეპიგლოტიტი – ეპიგლოტის (ქსოვილის ნაჭერი ყელის უკანა მხარეს, ენის ქვეშ) შეშუპება და სიწითლე; მკურნალობის გარეშე ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება; ჩირქგროვა, რომელიც ვითარდება ნუშისებრი ჯირკვლების უკანა ნაწილსა და ყელის კედელს შორის და ძირითადად, გამოწვეულია მძიმე ტონზილიტით.

გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ ყელის ძლიერი ტკივილი, გიჭირთ სუნთქვა, სუნთქვის დროს გამოსცემთ მაღალი ტონის ხმას (სტრიდორი), ნერწყვის გადმოდენა პირიდან, გაქვთ გაგუდული ხმა, გაქვთ ყლაპვის სიძნელე (დისფაგია) ან არ შეგიძლიათ, საკმარისი რაოდენობის სითხეების გადაყლაპვა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა