მედიცინა

რისი სიმპტომია ყელში გაჩხერილი ბურთი

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.09

ყელში ბურთი
დაკოპირებულია

ალბათ, ყველას გქონიათ შეგრძნება, თითქოს ყელში რაღაც გაქვთ და სუნთქვა გიჭირთ. ეს უმეტესად სტრესთანაა დაკავშირებული, სტრესი კი ჩვენი ცხოვრების თანამდევია. შესაძლოა, ეს შეგრძნება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესითაც იყოს განპირობებული, მაგრამ უმეტესად ნევროზულია.

ფარინგეალური ბურთი – ეს არის მუდმივი შეგრძნება, თითქოს ყელში ბურთი გაგეჩხირა და არ გადაგდის. ვისაც ეს გამოუცდია, აღწერს როგორც უმტკივნეულო, მაგრამ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას.

ამ შეგრძნების მიზეზი შეიძლება იყოს: შფოთვა და სტრესი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, საყლაპავის ზედა სფინქტერის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, უხეში ზემოქმედება, სიმსივნეები.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებას თან არ ახლავს მოხრჩობა, ტკივილი და ყლაპვის გაძნელება, არ შეშინდეთ – გართულება, დიდი ალბათობით, არ გემუქრებათ, დისკომფორტი თავისთავად, ექიმის ჩაურევლად გაივლის. მაგრამ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ მას თან ერთვის:

👉ტკივილი ყელისა და კისრის არეში;

👉წონის კლება;

👉ღებინება;

👉 ყლაპვის გაძნელება;

👉ტკივილი ყლაპვის დროს;

👉 მოხრჩობის შეგრძნება ყლაპვის დროს;

👉კუნთების სისუსტე;

👉ხილული ან შეხებით საგრძნობი წარმონაქმნი ყელისა და კისრის არეში ან მათ გარშემო;

👉სიმპტომები, რომლებიც ინფექციაზე ან სხვა სერიოზულ პათოლოგიაზე მიუთითებს: ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება.

როგორ გავუმკლავდეთ

რადგან დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, მისი თავიდან აცილების გზებზე საუბარი ძნელია. ყველაზე მართებული რჩევა იქნება, მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ყელს, რათა ეს უსიამოვნო შეგრძნება თავიდან აიცილოთ.

👉 სვით ბევრი წყალი. ბევრი სითხის მიღება გაათხელებს ცხვირის წიაღებსა და ყელში წარმოქმნილ სეკრეტს და უფრო ადვილად გამოდევნის გარეთ;

👉 ჭამეთ. საკვების ღეჭვისა და ყლაპვის პროცესი ხშირად ამსუბუქებს ყელში ბურთის გაჩხერის უსიამოვნო შეგრძნებას;

👉 თუ ეწევით, ეცადეთ, მოიშოროთ ეს მავნე ჩვევა. თამბაქოს კვამლი ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ პირის ღრუში, ცხვირის დანამატ წიაღებსა და ყელში ხვდება, რაც ყველაზე მეტად ზრდის ამ უბნებში კიბოს განვითარების რისკს;

👉როდესაც ავად ხართ, დაასვენეთ ყელი. თუ გაცივდით ან, უფრო მეტიც, ყელში ანთებითი პროცესი განვითარდა, დაასვენეთ ყელი, რადგან მისი კუნთები ამ დროს ანთებადი და მტკივნეულია. ამ პერიოდში ილაპარაკეთ ცოტა და ხმადაბლა;

👉არ იყვიროთ. ისაუბრეთ ხმადაბლა და მშვიდად. ამით თავიდან აიცილებთ ყელის კუნთებისა და სახმო იოგების დაჭიმვასა და გაღიზიანებას, რაც, თავის მხრივ, ყელის არეში უსიამოვნო შეგრძნებებისგან გიხსნით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი