რატომ გვიხურს და გვიწითლდება ყურები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.11, 2023 წელი
გარეთა ყური ხრტილოვანი ქსოვილია, რომელიც დაფარულია კანით და მჭიდროდაა დაქსელილი სისხლძარღვებით. ორგანიზმზე სხვადასხვა გარეგანი ზემოქმედების ან მის შიგნით მომხდარი ცვლილებების შედეგად იცვლება სისხლის ნაკადის სიჩქარე, სისხლძარღვები ვიწროვდება ან ფართოვდება, რაც ცვლის კანის ფერსა და სუბიექტურ შეგრძნებებს — ყურები წითლდება და ჩნდება განცდა, რომ ადამიანს ყურები ეწვის.
როდის არ არის ყურების სიწითლე და წვა საშიში
არსებობს მთელი რიგი პირობები, როდესაც ყურების სიწითლე მხოლოდ და მხოლოდ გარემოს ცვლილებებზე ბუნებრივი რეაქციაა. ამიტომ საშიში არ არის, თუ ყურები წითლდება:
• როცა ადამიანს სცხელა — გარემოს მომატებული ტემპერატურის ფონზე;
• როცა ტვინი აქტიურად მუშაობს რთული პრობლემის გადაჭრაზე. ასეთ დროს საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია, რაც სისხლის ყურებისკენ სწრაფ მიდინებას იწვევს და ამიტომ ჩნდება წვის შეგრძნება;
• სტრესის ფონზე — მაგალითად, გაბრაზების ან მღელვარების დროს, რომელიც ხშირად გვეუფლება გამოცდის, ან მნიშვნელოვანი შეხვედრისას. ასეთ შემთხვევებში ყურების წვას ადრენალინის გამოყოფა იწვევს;
• ალკოჰოლის მიღებისას — განსაკუთრებით, ძლიერი სიმთვრალისას;
• ჰორმონული რყევებისას — მაგალითად, მენსტრუაციის წინ.
თუ ყურები ხშირად გიწითლდებათ, თანაც ისე, რომ გგონიათ ალი აგდით, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ეს შესაძლოა, სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს და მეტყველებდეს იმაზე, რომ ადამიანს აქვს:
სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები და ჰიპერტენზია — მაღალი წნევის დროს ყურების მუდმივი სიწითლე მიგვანიშნებს იმაზე, რომ აუცილებლად შემოწმდეს არა მხოლოდ გული, არამედ ღვიძლი, თირკმელზედა ჯირკვლები და თავად თირკმელები. ასეთი სიწითლე ხშირად ამ ორგანოების პრობლემებზე მიანიშნებს.
ვეგეტატიური დისფუნქციის სინდრომი — მდგომარეობა, რა დროსაც პერიფერიული ნერვული სისტემა სრულად ვერ არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს. ყურებში სისხლის ნაკადის მიწოლის გარდა, რაც წვის შეგრძნებას აჩენს, აღინიშნება ქოშინი, ჰაერის ნაკლებობა, თავბრუდახვევა, აჩქარებული გულისცემა, თავის ტკივილი. ეს ცვლილებები ფუნქციური ხასიათისაა და გულსა და სისხლძარღვებში სერიოზულ დარღვევებზე არ მიანიშნებს.
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი – დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევაზე. ყურების წვისა და გაწითლების გარდა, შესაძლებელია გართულებებიც — ინფარქტი, გულის უკმარისობის ჩამოყალიბება. თუმცა, ამ დაავადების დროს ყურების წვა წამყვანი სიმპტომი არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან