მედიცინა

რატომ არის საშიში მრგვალი ჭიები და როგორ უნდა აირიდოთ ის თავიდან

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.05

მრგვალი ჭიები
დაკოპირებულია

მრგვალი ჭიებიდან ყველაზე მეტად ენტერობიუსია გავრცელებული, რომელიც დაავადება ენტერობიოზს იწვევს. ის ვრცელდება დაავადებული ადამიანის მეშვეობით, რომლის თეძოსა და ბრმა ნაწლავშიც პარაზიტები არიან ჩაბუდებულნი.

მომწიფებული ჭიები ღამით გამოდიან სწორი ნაწლავიდან და სწორი ნაწლავის კანის ნაოჭებში კვერცხებს დებენ.

ეს ქავილს იწვევს. მოქავებისას კვერცხები ფრჩხილებქვეშ და თითებზე რჩება, ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში კი ადვილად ხვდება თეთრეულზე, საოჯახო ნივთებსა და სხვა საგნებზე.

მათთან უშუალო კონტაქტის დროს კვერცხი ხვდება პირის ღრუში, იქიდან კი ბრმა და თეძოს ნაწლავში ჩაითესება და ზრდა-გამრავლებას განაგრძობს.

ხშირი პრობლემაა ასკარიდაც. მისი გავრცელების წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც პარაზიტის კვერცხებს განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს. მისი კვერცხები მიწაში მწიფდება. ხოლო მასთან კონტაქტის, ხელების დაბინძურების, წყლის, მწვანილის, ხილის სხვა პროდუქტების თუ ნივთების მეშვეობით კვერცხი პირის ღრუდან ადამიანის ორგანიზმში ხვდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. წვრილ ნაწლავებში მისი გარსი იშლება და გათავისუფლებული ლარვა ნაწლავის კედელში ინერგება, გაივლის მას და სისხლძარღვებით ღვიძლსა და ფილტვებისკენ მიემართება. სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნაწლავებში, იქ კი 2 თვეში ლარვა მწიფდება და უკვე კვერცხის დებას იწყებს. დაავადება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, რადგან მათ ამ პარაზიტისადმი საკმაოდ მაღალი მიმღებლობა აქვთ.

დიდი საფრთხის შემცველია სპირალური ტრიქინელა, რომელიც „ცვრიანი მწვადის“ სახელწოდებით ცნობილ დაავადებას – ტრიქინელოზს იწვევს. მისი გავრცელების წყაროს მტაცებლები და მღრღნელები წარმოადგენენ.

ადამიანი უმთავრესად ღორისგან ავადება. თერმულად არასათანადოდ დამუშავებული, ტრიქინელას ლარვების შემცველი ხორცის ჭამისას პარაზიტის ჩანასახი ნაწლავის სანათურში ხვდება, გადის ნაწლავის კედელს, სისხლძარღვების მეშვეობით კუნთოვან ქსოვილში ითესება, ლოკალიზდება და კაფსულას იკეთებს.

ლენტისებრი ჭიებიდან ადამიანისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ხარისა და ღორის სოლიტერს. ხარის სოლიტერი ტენიარინქოზს იწვევს. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც განავალთან ერთად გამოყოფს პროგლოტიდებს – მომწიფებული კვერცხებით სავსე სხეულის ნაწილებს. ისინი იფანტებიან მიწაზე, ბალახებზე. თუ ხარმა, ძროხამ ან კამეჩმა ამ კვერცხებით დაბინძურებული ბალახი შეჭამა, ისინი მის ორგანიზმში მოხვდებიან და იქ განაგრძობენ განვითარებას. თუ ადამიანმა ასეთი ცხოველის თერმულად დაუმუშავებული ხორცი მიიღო, დაავადდება. პარაზიტი ბუდეს ადამიანის ნაწლავში იდებს და იქ განაგრძობს 3-5-წლიან სიცოცხლეს. ღორის სოლიტერით გამოწვეული ტენიოზის დროს პარაზიტის საბოლოო მასპინძელი ასევე ადამიანი გახლავთ, შუამავალი კი ღორია. ადამიანის განავალთან ერთად გამოყოფილი მომწიფებული კვერცხები ღორის ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ არღვევენ ნაწლავის კედელს, ხვდებიან სისხლძარღვებში და კუნთოვან ქსოვილში იბუდებენ. თუ ადამიანმა ასეთი ხორცი სათანადო თერმული დამუშავების გარეშე შეჭამა, მომწიფებული კვერცხები მის ნაწლავში მოხვდებიან.

ძალზე საშიშია ექინოკოკით გამოწვეული ექინოკოკოზი. პარაზიტით დასნებოვნება სამი გზით შეიძლება მოხდეს:

👉 კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან – გაურეცხავ ან ცუდად გარეცხილ მწვანილსა და ბოსტნეულთან, მიწიდან აკრეფილ ხილთან ერთად ადამიანი ყლაპავს ჭიის კვერცხებს. ზოგჯერ ექინოკოკის კვერცხები შინაური ცხოველების – კატის, ძაღლის ბეწვზეც არის მიკრული;

👉 ჭრილობის ზედაპირიდან – ექინოკოკი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ძაღლის ნაკბენიდან, თუ ცხოველს პირის ღრუში პარაზიტის ჩანასახები აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევის დროს ექინოკოკის ცისტა ირღვევა და ჭრილობაში შვილეული ბუშტები ხვდება;

👉სასუნთქი გზებისა და ფილტვების ლორწოვანი გარსიდან – დაავადების გამომწვევი ბრონქებში ჰაერიდან ხვდება, თუმცა ექინოკოკის ჩანასახი ბრონქულ ხეში მეორეულადაც შეიძლება მოხვდეს, როცა სხვა ადგილას არსებული ექინოკოკის ცისტა სპონტანურად სკდება და შვილეული ბუშტუკები მთელ ორგანიზმს მოედება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...