რა უნდა ვიცოდეთ „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასარიდებლად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
დიარეა
დიარეას, ანუ ფაღარათს, საუბარში ხშირად „კუჭის აშლას“ უწოდებენ, რაც ნიშნავს ნაწლავთა მოქმედებას სითხის შემცველი ან ძალიან თხიერი განავლოვანი მასებით დღეში სამჯერ ან მეტჯერ. ზაფხულობით ამის მიზეზი, წესისამებრ, საკვებით მოწამვლა ან ვირუსული (უმეტესად – როტავირუსით გამოწვეული) ინფექციაა. პირველ შემთხვევაში ღებინება და დიარეა საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში იწყება, ერთ დღე-ღამემდე გასტანს და მკურნალობას, წესისამებრ, არ მოითხოვს. ვირუსული ფაღარათი ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლის (ზღვის, ტბის, მდინარის) ან ჭუჭყიანი ხელების საშუალებით ვრცელდება. გრძელდება რამდენიმე დღე და ანტიბიოტიკოთერაპია ამ დროს უსარგებლოა. მსუბუქი დიარეის ბინაზე მკურნალობა გულისხმობს დიდი რაოდენობით სითხის, – წესისამებრ, ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის – მიღებას სხეულის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, ცხიმიანი საკვების შეზღუდვას, ადვილად მოსანელებელ მყარ საკვებზე (ფაფა, კრეკერები, ბრინჯი, მაკარონი, პიურე, ბანანი) გადასვლას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს ჰქონდა ექვსი ან მეტი ნაწლავთა მოქმედება 24 საათის განმავლობაში. სხეულის ტემპერატურა აღწევს 39 გრადუსს, ბავშვი მივარდნილია, მოთენთილი, არ ამჟღავნებს თამაშის სურვილს. რვა საათია, არ მოუშარდავს ან აქვს მუქი შარდი. პირის ლორწოვანი გარსი მშრალი აქვს ან უცრემლოდ ტირის. ამ სიმპტომების არსებობისას სპეციალისტის სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რათა მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს.
მზით დამწვრობა
სიცხეში ბავშვის მგრძნობიარე კანი ადვილად იწვება მზეზე, რადგან მელანოგენეზის პროცესი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული – პიგმენტი მელანინი სრულფასოვნად არ წარმოიქმნება. მზით დამწვრობა, გარდა იმისა, რომ თავისთავადაც მტკივნეულია და შემაწუხებელი, კანის აგრესიული სიმსივნის, მელანომის, განვითარების რისკსაც ზრდის. მზით დამწვრობის სიმპტომებია: სიწითლე, ბუშტუკები, ტკივილი, შეშუპება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება. თუ ბავშვს ეს ნიშნები აქვს, წაიყვანეთ შინ და 10-15 წუთით გრილ აბაზანაში ჩააწვინეთ ან დამწვარ ადგილებზე ცივი საფენები დაადეთ – ეს ანთებას და ტკივილის შეგრძნებას შეამცირებს. შეძლებისდაგვარად დაალევინეთ ბევრი წყალი. თუ აკანკალებს, სტკივა ან სიცხემ აუწია, მიეცით იბუპროფენის ან პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატი ასაკისა და სხეულის წონის შესაბამისად რეკომენდებული დოზით. დამწვარ ადგილებზე შეიძლება ალოეს ან სოიის შემცველი დამატენიანებელი გელ-ქაფის წასმა, ძლიერ დამწვარ ადგილებზე კი – ჰიდროკორტიზონის კრემის. არ წაუსვათ მაწონი, არაჟანი და სხვა ცხიმიანი პროდუქტები! მიუხედავად გამაგრილებელი ეფექტისა, ისინი ხელს უწყობენ ანთებითი პროცესის გაღრმავებას. არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომელთა სახელწოდებაში შედის „კაინი“ (ბენზოკაინი, დიბუკაინი, ტეტრაკაინი) – მათ შეუძლიათ, გააღიზიანონ კანი და ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ.
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ნუ გაიყვანთ ბავშვებს მზეზე მისი მაქსიმალური აქტივობის პერიოდში – დილის 10-დან საღამოს 16 საათამდე. რეგულარულად უსვით დამცავი კრემი, მაშინაც კი, როცა ჩრდილში თამაშობს. კრემი სახლიდან გასვლამდე 20-30 წუთით ადრე უნდა წაუსვათ და ბანაობის შემდეგ განუახლოთ. შეძლებისდაგვარად, ჩააცვით გრძელსახელოებიანი და გრძელტოტებიანი, მაგრამ მსუბუქი ტანსაცმელი, რომელიც სხეულის უმეტეს ნაწილს დაუფარავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




