როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ბუნებაში ყოფნისას ტკიპის ნაკბენის რისკი იმატებს. ეს პარაზიტები შესაძლოა, ისეთი ბაქტერიების გადამტანები იყვნენ, რომლებიც ბორელიოზს, იგივე ლაიმის დაავადებას იწვევს. ეს არის სისტემური დაავადება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ კანზე ვლინდება, მკურნალობის გარეშე კი, დროთა განმავლობაში, აზიანებს სახსრებს, ნერვულ სისტემასა და სხვა ორგანოებს. ტკიპის ნაკბენი ყოველთვის არ ნიშნავს ინფიცირებას. ბაქტერიის გადაცემის ალბათობა მინიმალურია, თუ მას სწორად და კბენიდან პირველი 36-48 საათის განმავლობაში მოვიცილებთ. ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საჭიროა მხოლოდ პარაზიტის დაგვიანებული მოცილებისას ან კბენის შემდგომ საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
როგორ მოვიშოროთ ტკიპა? გამოიყენეთ წვრილწვერიანი პინცეტი, შეგიძლიათ ხელითაც მოაშოროთ (გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანი) მოსჭიდეთ პინცეტი (ან თითები) ტკიპას, რაც შეიძლება, ახლოს კანთან ნელა, მაგრამ მტკიცედ და თანაბარი ძალით მოქაჩეთ ზემოთ (პერპენდიკულარულად) არ ატრიალოთ და არ მოქაჩოთ მკვეთრად. მოსაშორებლად არ გამოიყენოთ ზეთი, სპირტი, საცხი/ვაზელინი, ასანთი ან ცეცხლი. არ მოუჭიროთ ტკიპას მუცელზე. ამ მეთოდებმა შეიძლება, გაზარდოს ინფიცირებული სითხის გამოყოფის რისკი.
ნაკბენი ადგილის დამუშავება – ტკიპის მოცილების შემდეგ ნაკბენი ადგილი დაიბანეთ საპნითა და წყლით და/ან ანტისეპტიკით, მაგალითად, ბეტადინით დაიბანეთ ხელები.
თუ კანში ტკიპის ნაწილი ჩარჩა – თუ კანში ხორთუმის მცირე ნაწილი დარჩა, ხშირ შემთხვევაში, ის რამდენიმე დღეში თავისით მოცილდება. ნაკბენი ადგილის გაწითლების, დაჩირქების ან ტკივილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ტკიპის მოცილების შემდეგ, ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ან ზრდასრულის მდგომარეობას მომდევნო 30 დღის განმავლობაში. დაავადების პირველი კლინიკური სიმპტომია მიგრირებადი ერითემა – ნაკბენის გარშემო ვარდისფერი/წითელი, მრგვალი ფორმის მზარდი ლაქა (ხშირად სამიზნის ან „ხარის თვალის“ ფორმის). თუ ეს ელემენტი კანზე ტკიპის მოცილებიდან 3 დღის შემდეგ გამოჩნდა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას აზრი არ აქვს – დიაგნოზი ისმება ანალიზის გარეშე და დაუყოვნებლივ იწყება მკურნალობა. მიმართეთ ექიმს, თუ 30 დღეში განვითარდა ნებისმიერი სხვა სიმპტომი: ცხელება, სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთების/სახსრების ტკივილი, გამონაყარი, სახის კუნთების სისუსტე. ეს შეიძლება, იყოს ტკიპით გადამდები ინფექციის ნიშნები.
თუ კლინიკური ნიშნები არ ვლინდება, მაგრამ არსებობს ბორელიოზის საფუძვლიანი ეჭვი, დიაგნოსტიკისთვის ორეტაპიანი სეროლოგიური კვლევა ტარდება. გაითვალისწინეთ: კბენიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში კვლევების ჩატარება არაეფექტურია, რადგან იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებისთვის დრო სჭირდება.
1. სწორად შერჩეული ტანსაცმელი ბუნებაში გასვლისას
თქვენი ჩაცმულობა პირველი და ყველაზე საიმედო ბარიერია ღია ფერის სამოსი: თეთრ, კრემისფერ ან ღია ნაცრისფერ ტანსაცმელზე პაწაწინა, მუქი ფერის ტკიპის შემჩნევა ბევრად უფრო ადვილია, სანამ ის კანამდე მიაღწევს.
მაქსიმალურად დახურული სხეული: ჩაიცვით გრძელსახელოებიანი მაისური და გრძელი შარვალი. სტრატეგიული „ჩაკეცვა“ – შარვლის ბოლოები ჩაიტანეთ წინდებში, ხოლო მაისური – შარვალში. ეს ტკიპას გზას გადაუკეტავს, რომ კანზე აცოცდეს.
2. დამცავი საშუალებების გამოყენება კანისთვის
გამოიყენეთ ისეთი რეპელენტები, რომლებიც აფრთხობენ ტკიპებს. ყოველთვის მიჰყევით ინსტრუქციას და მოერიდეთ მათ მოხვედრას თვალებსა და პირში. შეგიძლიათ, პერმეტრინის შემცველი სპრეით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაამუშაოთ. ის არა მხოლოდ აფრთხობს, არამედ კონტაქტისას კლავს კიდეც ტკიპებს (პერმეტრინის კანზე დასხმა არ შეიძლება!).
3. ქცევის წესები
ბუნებაში იარეთ ბილიკებზე: ტკიპები, როგორც წესი, მაღალ ბალახებსა და ბუჩქებზე სხედან და იქიდან ეჭიდებიან გამვლელებს. მოერიდეთ გაუკაფავ ადგილებს, მაღალ ბალახსა და ტყის პირებს.
აქტიური ზონების არიდება: ნუ ჩამოჯდებით პირდაპირ ბალახზე ან ძველ, დამპალ ხეებზე დამცავი საფენის გარეშე.
4. სახლში დაბრუნების შემდგომი პროცედურები ბუნებიდან დაბრუნებისთანავე ჩაატარეთ ეს სამი ოქროს წესი:
ა) გაიხადეთ და შეამოწმეთ ტანსაცმელი: ტანსაცმელი სასურველია მაშინვე შეყაროთ სარეცხ მანქანაში ან საშრობში მაღალ ტემპერატურაზე – სიცხე ტკიპებს კლავს.
ბ) მიიღეთ შხაპი: სახლში მოსვლიდან ორ საათში შხაპის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ტკიპის ნაკბენის რისკს.
გ) სხეულის სრული თვითდათვალიერება. განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმეთ: მუხლის უკანა მხარე იღლიები, ყურების გარშემო და თმის ხაზი, წელისა და საზარდულის არე, ჭიპის ზონა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





