გავუფრთხილდეთ ხმას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 52 წუთის წინ
ჯანსაღი ხმის შესანარჩუნებლად რამდენიმე რეკომენდაციის დაცვაა საჭირო.
იზრუნეთ ორგანიზმის დატენიანებაზე: სვით ბევრი წყალი, განსაკუთრებით – ვარჯიშის დროს. კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელებიც წყლის მიღებით დააბალანსეთ.
ეცადეთ, დღის განმავლობაში ხმა პერიოდულად დაასვენოთ.
ეცადეთ, თავიდან აირიდოთ ან მინიმუმამდე დაიყვანოთ ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომლებსაც მბგერავი ნაოჭების გამოშრობა შეუძლია (ასეთია გაციებისა და ალერგიის სამკურნალო ზოგიერთი წამალი). თუ ხმის პრობლემები გაქვთ, ჰკითხეთ ექიმს, რომელი მედიკამენტებია თქვენთვის უსაფრთხო.
არ მოწიოთ! ერიდეთ გარემოს, სადაც ეწევიან. კვამლი მბგერავ ნაოჭებს აღიზიანებს. ნაოჭების კიბო ყველაზე ხშირად სწორედ მწეველებს ემართებათ.
ერიდეთ ცხარე საკვებს – მას შეუძლია გამოიწვიოს კუჭის მჟავა წვენის საყლაპავში ასვლა და ლორწოვანი გარსის დაზიანება.
რაციონში შეიტანეთ ბევრი მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი. ეს საკვები შეიცავს A, E და C ვიტამინებს. ამასთან, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს.
დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსული ინფექცია (გაციება, გრიპი და სხვა).
საკმარისად დაისვენეთ. ფიზიკური დაღლილობა ხმას ვნებს. რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიში ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და კუნთების ტონუსს, ხელს უწყობს კარგ ტანდეგობას და კარგ სუნთქვას, რაც აუცილებელია კარგი მეტყველებისთვის.
თუ მუდმივად გაწუხებთ გულძმარვა, გაესაუბრეთ ექიმს, მიიღეთ მისგან რეკომენდაციები დიეტის და, საჭიროებისამებრ, მედიკამენტების შეცვლის შესახებ. ერიდეთ პირის ღრუში ალკოჰოლის ან გამაღიზიანებელი ქიმიკატების შემცველი სითხეების გამოვლებას. პირიდან უსიამოვნო სუნის შემთხვევაში თვითნებურად ნუ დაიწყებთ პირის ღრუს გამორეცხვას – ჰალიტოზი შესაძლოა, ისეთი პრობლემის შედეგი იყოს, რომელსაც სავლები არ შველის: ცხვირის ღრუს, სინუსების, ტონზილების, ღრძილების ან ფილტვების ინფექციებისა, მჟავა რეფლუქსისა.
ეცადეთ, ხმა არ გადატვირთოთ. ერიდეთ ლაპარაკსა და სიმღერას, როდესაც ხმა ჩახლეჩილი ან დაღლილი გაქვთ.
დაასვენეთ ხმა ავადმყოფობის დროს – ავადმყოფობა მისთვის დამატებითი სტრესია. ერიდეთ ვოკალურ უკიდურესობებს – ყვირილს და ჩურჩულს. ხმის დაძაბვა შეუძლია როგორც მეტისმეტად ხმამაღალ, ისე მეტისმეტად ხმადაბალ საუბარს.
საუბრისა თუ სიმღერის დროს გამოიყენეთ სუნთქვის სწორი ტექნიკა. ხმის გასაძლიერებლად ძალას ნუ დაატანთ ყელს. ყელიდან საუბარი სათანადო სუნთქვითი მხარდაჭერის გარეშე ხმას ძალიან ტვირთავს.
ხანგრძლივი საუბრისას ტელეფონს მხრით ნუ დაიჭერთ – ამ პოზაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა კისრის კუნთების დაძაბულობა გამოიწვიოს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მიკროფონი.
ერიდეთ ხმაურიან გარემოში ლაპარაკს. ხმაურის ფონზე საუბრის მცდელობა ხმის იოგების გადატვირთვას იწვევს.
ხმის არასასურველ ცვლილებებს იწვევს: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გასტროეზოფაგური რეფლუქსით (რომელსაც მჟავა რეფლუქსსაც უწოდებენ) გამოწვეული ანთება, ხმის გადატვირთვა, მბგერავ ნაოჭებზე არსებული წანაზარდები (კვანძები, პაპილომები), ხორხის კიბო; ნევროლოგიური დაავადებები (სპაზმური დისფონია, მბგერავი ნაოჭების დამბლა), ფსიქოლოგიური ტრავმა. ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ხორხს ეხება, ხმის შეცვლა შეუძლია.
ყველაზე გავრცელებული ცვლილებაა ხმის ჩახლეჩა. ასევე შეიძლება განვითარდეს მფშვინავი ხმა, ხმის წყვეტა, მაღალი ნოტების აღების შეზღუდვა, ხმის დასუსტება...
ხმის ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, განსაკუთრებით, მწეველებთან, მბგერავი ნაოჭების გამოკვლევის ჩვენებაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





