მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ საწოლის ბაღლინჯოზე და როგორ უნდა მოვიშოროთ ის

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.10

ბაღლინჯო
დაკოპირებულია

საწოლის ბაღლინჯო სისხლის მწოველი მწერია. ის ადამიანისა და ზოგი თბილსისხლიანი ცხოველის პარაზიტია. იკვებება მხოლოდ სისხლით. ბაღლინჯოს თითქმის ყველგან შეუძლია დამალვა, ვინაიდან ბრტყელი და მოგრძო ფორმა აქვს. განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს ნესტიან და ცუდად განათებულ სათავსებში.

ბაღლინჯოები ბინადრობენ ლოგინის ნაკერებში, ავეჯში... კვერცხებს დებენ შპალერსა და კედელს შორის, ხის ნაპრალებში. განსაკუთრებით აქტიურდებიან ღამით, დღისით კი იმალებიან. ისინი, ძირითადად, მძინარე ადამიანს კბენენ. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ვერ გრძნობს კბენას, რადგან მწერის ნერწყვში შედის ანტიკოაგულანტი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს.

საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენის პირველი სიმპტომი არის მრავლობითი, წვრილი, ბრტყელი და შეშუპებული უბნები კანზე, რომლებიც მუდმივად ჩნდება ერთსა და იმავე ადგილას ხაზოვანი კლასტერული ტიპით. ნაკბენზე ადამიანს ზოგჯერ შეიძლება არ ჰქონდეს არანაირი რეაქცია, ზოგჯერ კი შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია. ნაკბენი ჩნდება კბენიდან რამდენიმე საათში და აღინიშნება რამდენიმე დღე, შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება. თუ ადამიანი ალერგიულია, ნაკბენი შეიძლება, ერთი კვირა და მეტიც აღინიშნოს.

უპირველესად ნაკბენი უნდა დამუშავდეს თბილი წყლით, ეს ამცირებს ანთებით პროცესს. ისეთი სერიოზული შედეგების, როგორებიცაა ქავილი და ინფექცია, სამკურნალოდ რეკომენდებულია ანტისეპტიკური ლოსიონი ან მალამო, ანტიჰისტამინური პრეპარატები.

თუკი ადამიანი დაეჭვდება, რომ სწორედ საწოლის ბაღლინჯოსგან არის დაკბენილი, უნდა გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები – გაირეცხოს თეთრული და პიჟამა ცხელ (72 გრადუს) წყალში, დამუშავდეს საწოლი, მატრასი და კედლები. ბაღლინჯოების მოსაცილებლად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ბაღლინჯოებს რაც შეიძლება ცოტა ადგილი უნდა ჰქონდეთ დასამალად. ამოავსეთ კედლებსა და კარების ჩარჩოებში არსებული ბზარები. მართალია, ბაღლინჯოების მომრავლებას მაინცდამაინც უსუფთაობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ მათი შემჩნევა და მოსპობა გაცილებით იოლია მაშინ, როცა სახლში სისტემატურად ხმარობთ მტვერსასრუტს და ოთახები ყოველთვის დალაგებულია. სასტუმროში ყოფნისას თუ ჩანთას იატაკზე არ დადებთ და საწოლისგან მოშორებით შეინახავთ, შეამცირებთ იმის ალბათობას, რომ ბაღლინჯოებმა თქვენთან ერთად „იმგზავრონ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა