მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ მორიელის ნაკბენის შესახებ

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.02

მოერიელი
დაკოპირებულია

მორიელის ნაკბენი, ძირითადად, მტკივნეული, მაგრამ უვნებელია. არსებობს მორიელის 1 500 განსხვავებული სახეობა, რომელთაგან მხოლოდ 30-ს შეუძლია სასიკვდილო ნაკბენის გამოწვევა. ასეთი შხამიანი მორიელები საქართველოში არ გვხვდება, ისინი, ძირითადად, გავრცელებული არიან მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკის გარკვეულ ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში. მისი ნაკბენი ყველაზე საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და შინაური ცხოველებისთვის. ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს მკურნალობა, ძირითადად, არც სჭირდება, მაგრამ ბავშვებისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივი ჩარევა.

მორიელი არ იკბინება, იგესლება, გესლი კუდშია მოთავსებული. შხამი შეიცავს ტოქსინების კომპლექსს, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს.

მორიელი ღამის არსებაა. ის არ იგესლება, თუ არ მოხდა პროვოცირება და მასზე თავდასხმა. მორიელი აკონტროლებს გამოთავისუფლებული შხამის რაოდენობას, რაც დამოკიდებულია საფრთხის დონეზე. ამიტომ, ზოგიერთი ნაკბენი შხამს შეიძლება, არც შეიცავდეს.

მორიელის ნაკბენი, ძირითადად, მსუბუქ ნიშნებსა და სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა ტკივილი და სითბო ნაკბენ ადგილას. შავი მორიელის შხამი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულ შტატებში გვხვდება, ტოქსიკურია და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ბავშვებში.

მსუბუქი ნიშნები და სიმპტომებია:

• ტკივილი, ზოგჯერ ძლიერი;

• დაბუჟება და მჩხვლეტავი შეგრძნება ნაკბენზე;

• მცირე შეშუპება ნაკბენის გარშემო.

უფრო მძიმე ნიშნები და სიმპტომებია:

• კუნთის უნებლიე მოძრაობები;

• თავის, კისრის ან თვალების უნებლიე მოძრაობები;

• ნერწყვდენა;

• ოფლიანობა;

• ღებინება;

• მაღალი წნევა ან დაბალი წნევა;

• გულისცემის აჩქარება ან არითმია;

• მოუსვენრობა, აღგზნება, ტირილი ბავშვებში.

ყოველი შემთხვევისთვის, ჯობს, თავი დაიზღვიოთ:

• თუ მორიელმა გიკბინათ და გაქვთ მცირე რეაქციაც კი, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება დაკბენილი ბავშვის შემთხვევაში;

• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ გაქვთ მძიმე სიმპტომები;

• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს მორიელმა გიკბინათ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას.

დღისით მორიელი შესაძლოა, ფეხსაცმელში ან ზურგჩანთაში დაიმალოს და ადამიანი დაკბინოს. არსებობს მორიელის ორი ტიპის შხამი. პირველი ადამბლავებს და კლავს უხერხემლო ცხოველებს, ადამიანს კი არანაირ საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ასეთი მორიელის ნაკბენი მეტად მტკივნეულია. მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა. ის ადამბლავებს გულის ნერვებსა და გულმკერდის კუნთებს, 7 წუთში კლავს ძაღლს და რამდენიმე საათში – ადამიანს. ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. ასეთი ტიპის შხამი რამდენიმე სახეობის მორიელს აქვს. თუმცა, როგორც ვთქვით, საბედნიეროდ, ისინი საქართველოში არ ბინადრობენ. საზოგადოდ, მორიელის შხამით სიკვდილის შემთხვევა საქართველოში აღწერილი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული