რა უნდა ვიცოდეთ ყელის ჯანმრთელობისთვის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.03

* ერიდეთ მოწევას და მეორეულ კვამლს. თამბაქოს კვამლი, პირველადიც და მეორეულიც, ასეულობით ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებსაც ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია;
* თუ უჩივით სეზონურ ალერგიას ან მუდმივ ალერგიულ რეაქციებს მტვერზე, ობზე, შინაური ცხოველების ქერტლზე, ყელის ტკივილის ალბათობაც უფრო დიდი გექნებათ, რაც ალერგიის მკურნალობამ შესაძლოა, შეამციროს;
* თავი მოარიდეთ ქიმიურ გამღიზიანებლებს. საწვავის წვის შედეგად ჰაერში გამოფრქვეულ ნაწილაკებს, მათ, ისევე როგორც საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს, ყელის გაღიზიანება შეუძლია. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამის გარემოში ნიღბის ტარებით;
* თუ ხშირად გაქვთ სინუსური ინფექცია ან ქრონიკული ნაწვეთი ცხვირის უკან, ცხვირიდან ან სინუსებიდან გამონადენმა შესაძლოა, ყელიც გააღიზიანოს. მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა გამონადენის შემცირებაში დაგეხმარებათ;
* თუ ცხოვრობთ ან მუშაობთ საბავშვო ბაღთან, სკოლასთან, საერთო საცხოვრებელთან, ციხესთან, სამხედრო დაწესებულებასთან ახლოს, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები უფრო ხშირად შეგხვდებათ – მიკრობები ადვილად ვრცელდება გარემოში, სადაც ადამიანების სიმჭიდროვე მაღალია. რისკის შესამცირებლად შეძლებისდაგვარად ერიდეთ ავადმყოფებთან კონტაქტს და ხშირად იბანეთ ხელები;
* ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენის წესები. არ გამოიყენოთ ხელსახოცი, პირსახოცი და ჭურჭელი, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი იყენებს. რეგულარულად იბანეთ ხელები საპნით ან იწმინდეთ სადეზინფექციო გელით, სულ მცირე, 10-15 წამის განმავლობაში;
* გაითვალისწინეთ: თუ დაქვეითებული გაქვთ იმუნიტეტი (მაგალითად, აივ-ის, დიაბეტის, სტეროიდებით მკურნალობის, ქიმიოთერაპიის, არასწორი კვების ან ძლიერი გადაღლილობის გამო), შესაძლოა, ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე იყოთ.
ტონზილები და ადენოიდები
ტონზილები და ადენოიდები ჯირკვლოვანი წარმონაქმნებია. ისინი ლიმფური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და ორგანიზმის იმუნურ დაცვაში მონაწილეობენ. ტონზილები, წყვილი ნუშურა ჯირკვალი, მდებარეობს ყელის უკან, აქეთ-იქით. ადენოიდები კი – ზემოთ, ცხვირის უკან. პირსა და ცხვირში სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე ჩახედვისას ადენოიდები არ ჩანს.
ტონზილები და ადენოიდები პირსა და ცხვირში მოხვედრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს აკავებენ და ანადგურებენ, მაგრამ ზოგჯერ ამ მიკრობებით თვითონაც ინფიცირდებიან. სქესობრივი მომწიფების შემდეგ მათი იმუნური ფუნქცია მცირდება.
ტონზილიტი ტონზილების ანთებაა. ვლინდება ტონზილების შეშუპებით, გაწითლებით, მათზე თეთრი ან ყვითელი ნადების გაჩენით, ხმის შეცვლით. ზოგჯერ თან ახლავს ყურის ტკივილი. ყლაპვა ამ დროს უსიამოვნო ან მტკივნეულია. გადიდებულია კისრის ლიმფური კვანძები, იმატებს სხეულის ტემპერატურა, პირიდან ამოდის ცუდი სუნი.
ტონზილიტს უმეტესად ჩვეულებრივი ვირუსები იწვევს, მაგრამ შესაძლოა, ბაქტერიებმაც გამოიწვიოს. მისი გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა A ჯგუფის სტრეპტოკოკი.
ადენოიდებისა და ნუშურების გადიდების სხვა ნიშნებია:
* უმეტესად ცხვირის ნაცვლად პირით სუნთქვა;
* დუდღუნით ლაპარაკი;
* ცხვირიდან ქრონიკული გამონადენი;
* ყურის მორეციდივე ინფექციები;
* ხმაურიანი სუნთქვა დღისით;
* ხვრინვა ღამით;
* მოუსვენარი ძილი ან ძილის დროს რამდენიმე წამით სუნთქვის შეჩერება (ეს შესაძლოა, ძილის აპნოეზე ან ძილის სხვა დარღვევაზე მიუთითებდეს).
პერიტონზილური აბსცესი არის ჩირქის დაგროვება ერთ-ერთი ტონზილის გვერდით მდებარე რბილ ქსოვილებში. წესისამებრ, ის ტონზილიტის გართულებაა. აბსცესი შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული, გააძნელოს პირის გაღება, გამოიწვიოს შეშუპება, გადაკეტოს ყელი და ხელი შეგვიშალოს ყლაპვაში, ლაპარაკში და ზოგჯერ სუნთქვაშიც კი.
ტონზილების ქვები, საცობები ბევრს უჩნდება, განსაკუთრებით მათ, ვისაც დიდი ზომის ნუშურები აქვს. ასეთ ნუშურებზე ჩნდება ღრმულები, რომლებშიც საჭმლის ნარჩენები, ბაქტერიები და ნერწყვი გროვდება და მოყვითალო-მოთეთრო საცობებს წარმოქმნის. მათი სამუდამოდ მოშორების საუკეთესო გზა ტონზილების ამოკვეთაა, მაგრამ თუ ნუშურების ძლიერი ტკივილი ან სხვა სიმპტომი არ გაწუხებთ, ოპერაცია აუცილებელი არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან