მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ჭარბთმიანობაზე

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.05

ჭარბთმიანობა
დაკოპირებულია

ჭარბთმიანობის ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა.

ჭარბთმიანობა არის მდგომარეობა, როდესაც ქალის სხეულზე, კერძოდ კი, სახის, გულმკერდისა და ზურგის არეში, მამაკაცის ტიპის გათმიანება იწყება, ანუ უხეში, პიგმენტირებული თმა ჩნდება.

ჭარბთმიანობა შეიძლება ეთნიკურიც იყოს. მაგალითად, ის დამახასიათებელია ხმელთაშუა აუზის, შუა და სამხრეთ აზიის ქალთა პოპულაციისთვის. სხვა შემთხვევაში მას იწვევს ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბე. ეს უკანასკნელი გენეტიკური და არაგენეტიკური დაავადებებით ან ჰორმონული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

ჭარბთმიანობის გამომწვევ უხშირეს დაავადებათა სიას მიეკუთვნება:

• საკვერცხეების პოლიცისტოზი (მრავლობითი ცისტების არსებობა საკვერცხეებში);

• კუშინგის სინდრომი (სხვადასხვა მიზეზის გამო თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი წარმოქმნა);

• თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (გადიდება, რასაც თან ახლავს ასევე, ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი პროდუქცია);

• საკვერცხის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე.

რომელ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა?

* ჭარბთმიანობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, უხშირესად სქესობრივი მომწიფების პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. აღნიშნულ პერიოდში გოგონას საკვერცხეები ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამოთავისუფლებას იწყებს, ამის გამო იღლიისა და ბოქვენის არის გათმიანება ჩნდება. ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუკი ქალისა და მამაკაცის ჰორმონებს შორის პროპორცია დაირღვა, თმიანი საფარველი ქალისათვის უჩვეულო ადგილებშიც – სახეზე, გულმკერდსა და ზურგზეც ჩნდება.

ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობებს, ჭარბთმიანობასთან ერთად, სხვა ნიშნებიც ახლავს ხოლმე, ესენია:

• არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;

• სიმსუქნე ან მამაკაცის სასქესო ჰორმონების მატების სხვა გამოვლინებები: ბოხი ხმა, აკნე, გამელოტება, მკერდის შემცირებული ზომა და კლიტორის (გარეთა სასქესო ორგანოს ნაწილი) გადიდება.

ამრიგად, სამედიცინო თვალსაზრისით, ჭარბთმიანობა საყურადღებო მდგომარეობაა. მისი გამომწვევი დაავადებები უშვილობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ესეც რომ არა, ის ადამიანისათვის ემოციურადაც დამთრგუნველია. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბთმიანობა გამოკვეთილი მიზეზის გარეშეც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ექიმთან მიმართვა და დაავადების გამორიცხვა აუცილებელია, განსაკუთრებით – სხვა თანმხლები ნიშნების არსებობისას.

ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად, ჩვეულებრივ, ტარდება:

• სისხლის ჰორმონული ანალიზი სისხლში ანდროგენების დონის განსასაზღვრად;

• გინეკოლოგიური და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა გაირკვეს, ხომ არ არის სტრუქტურული ცვლილებები აღნიშნულ ორგანოებში. საჭიროების შემთხვევაში ტარდება უფრო ღრმა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები.

როგორია მკურნალობა და პროგნოზი?

პრობლემა უმეტესად სავსებით კომპენსირდება. მან შეიძლება თავი ხელახლა მაშინ იჩინოს, თუ ჰიპერანდროგენის გამომწვევი ფაქტორები – სტრესი, წონის მატება და სხვა – ისევ იარსებებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული