მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.05, 2023 წელი

A ჰეპატიტი
დაკოპირებულია

A ვირუსით გამოწვეულ ღვიძლის დაავადებას დიდხანს ბოტკინის სახელით მოიხსენიებდნენ. ეს იმიტომ, რომ სერგეი ბოტკინმა პირველმა აღმოაჩინა კავშირი ჰეპატიტის განვითარებასა და ინფექციას შორის.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამოწვევა შეუძლია ტოქსინს, წამალს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და, რა თქმა უნდა, ინფექციასაც.

A ჰეპატიტის ვირუსი ადვილად ვრცელდება დაავადებულის ფეკალიებით დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ავადმყოფობის გამოსაწვევად ვირუსის მცირე რაოდენობაც საკმარისია. ის ვრცელდება დაბინძურებული საგნებიდანაც – შეხებისას ხელზე გადადის, იქიდან კი პირში ხვდება.

A ჰეპატიტი შესაძლოა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროსაც გადმოგვედოს, მაგალითად, მისი მოვლის დროს. ასე რომ, თუ ბავშვს A ჰეპატიტი დაემართა, ოჯახის წევრებსაც სიფრთხილე მართებთ.

A ჰეპატიტის ვირუსით საკვების ინფიცირება მისი წარმოების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი: მცენარის ზრდისას, მოსავლის აღებისას, ნახევარფაბრიკატებად გადამუშავებისას, ტექნოლოგიური გადამუშავებისას, შეფუთვისას, მომზადებისას თუ ტრანსპორტირებისას. ამასთან, გაყინვისას ვირუსი არ კვდება.

ექვს წლამდე ასაკის ბავშვების უმეტესობას – ათიდან შვიდს – A ჰეპატიტი ყოველგვარი ჩივილის გარეშე გადააქვს. თუ სიმპტომებმა იჩინა თავი, როგორც წესი, მსუბუქია. სიყვითლე ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვლინდება.

დაავადება ზოგჯერ უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებთანაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, უმეტესად კი, რამდენიმე ტიპობრივი სიმპტომით ვლინდება. ყველა პაციენტთან ყველა ნიშანი არ არის გამოხატული და არც გამოხატული სიმპტომებია ერთნაირად ძლიერი.

A ჰეპატიტს ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის გამუქება, თეთრი თიხისფერი განავალი, სახსრების ტკივილი, თვალების (სკლერების) და კანის სიყვითლე (70% ში).

სიმპტომები, წესისამებრ, ორ კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება, მაგრამ იშვიათად შესაძლოა, ექვს თვემდეც გასტანოს. დაავადებას ზოგჯერ რეციდივიც ახასიათებს, თუმცა მას პაციენტის საბოლოო გამოჯანმრთელება მოჰყვება.

B და C ჰეპატიტებისგან განსხვავებით, A ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ დაზიანებას არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს ელვისებური ჰეპატიტი, რომელსაც ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე მივყავართ და რომელიც ხშირად სასიკვდილოა. ამიტომ აუცილებელია, სასწრაფო ზომების მიღება, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ცნობიერების დაბინდვის, მწვავე ტკივილის, სისხლდენის დროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, A ჰეპატიტის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშულებებია: სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საკვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და იმუნიზაცია.

მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა, რაც გულისხმობს ხელების ხშირ, გულმოდგინე დაბანას საპნითა და თბილი წყლით. ხელების დაბანა აუცილებელია ტუალეტის შემდეგ, ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ, საჭმლის მომზადების წინ და მომზადების შემდეგ. კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ უმ და სათანადოდ მოუხარშავ ხორცსა და თევზს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი