რა შემთხვევაში შეიძლება, გამოიწვიოს ჰაიმორიტი კბილის დაავადებებმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.05

ჰაიმორიტი, რომელიც ზედა ყბის სინუსიტის სახელწოდებითაც არის ცნობილი, შეიძლება, გამოიწვიოს არა მხოლოდ ცხვირის ღრუდან სინუსში შემავალმა ინფექციამ, არამედ სტომატოლოგიურმა დაავადებებმაც.
ოდონტოგენური ჰაიმორიტი ეწოდება სინუსიტს, რომელიც წარმოიქმნება კბილების დაზიანების გამო. ის მთლიანობაში ჰაიმორიტის შემთხვევათა ნახევარს შეადგენს. პათოლოგიის მიზეზი ზედა ყბის კბილების ფესვების მდებარეობის ანატომიური თავისებურებებია. თუ ფესვები ახლოსაა ლოკალიზებული ზედა ყბის სინუსთან, მაშინ შეიძლება, მათ ირგვლივ ნებისმიერმა ანთებითმა პროცესმა გამოიწვიოს საპასუხო ანთებითი რეაქცია სინუსში.
საპირისპირო პროცესი არ ხდება – სინუსებიდან ინფექციის გადატანა კბილების ფესვებში შეუძლებელია, ასე რომ, სინუსიტის გამო კბილის ტკივილი არარეალურია. სინუსიტს შეუძლია გამოიწვიოს დისკომფორტი ზედა ყბის კბილების მიდამოში, მაგრამ წიაღში მიმდინარე ანთებითი პროცესი არ იწვევს კბილების დაზიანებას.
ჩვეულებრივი კარიესი არ შეიძლება გახდეს სინუსიტის მიზეზი. კარიესი კბილის მყარი ქსოვილების დაზიანებაა, ის მათ მიღმა არ ვრცელდება და მით უფრო, ვერ ხვდება ძვლოვან ქსოვილში. თუმცა არანამკურნალებ კარიესს მოსდევს გართულებები, რომლებიც უკვე ზედა ყბის სინუსების ანთების მიზეზი ხდება.
თუ კბილების ფესვები ძალიან ახლოს არის განთავსებული სინუსის ფსკერთან, მაშინ ჩვეულებრივი პულპიტის გამწვავებაც კი შეიძლება, გახდეს მწვავე სინუსიტის საფუძველი. პულპიტი შორს წასული კარიესის ხშირი გართულებაა, როდესაც კარიესული დაზიანება აღწევს კბილის პულპაში, რომელშიც განთავსებულია ნეიროვასკულური ღერო (იგივე შეკვრა, კონა).
ჰაიმორის წიაღის დაინფიცირების მეორე ხშირი მიზეზი კბილის ფესვის წვეროსთან ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ანთებაა. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება გრანულომები ან რადიკულური კისტები. გრანულომა არის კბილის ფესვის წვეროსთან არსებული ანთებითი წარმონაქმნი, ხოლო რადიკულური კისტა – იმავე ადგილას ლოკალიზებული ღრუ წარმონაქმნი, ამოვსებული კისტოზური სითხით (შიგთავსით). კისტა და გრანულომა არღვევენ ძვლოვან ქსოვილს კბილის ფესვის მწვერვალთან. ზრდის კვალად ისინი აღწევენ სინუსის ფსკერს და აინფიცირებენ მას.
მესამე მიზეზი არის სიბრძნის კბილის ჩანასახის არანორმალური პოზიცია (მდებარეობა) ზედა ყბაში. სიბრძნის კბილის ჩანასახი ასევე იწვევს გარშემო ქსოვილების ანთებას, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სინუსზე.
გარდა ამისა, ჰაიმორიტი შეიძლება განვითარდეს კბილის ფესვის არხის დამუშავებისას. როდესაც კბილის ფესვსა და ყბის სინუსს შორის არ არის ძვლოვანი ძგიდე, სტომატოლოგმა, ფესვის არხის მკურნალობისას, შეიძლება, შემთხვევით დააზიანოს წიაღის ლორწოვანი გარსი და სინუსში ინფექციური აგენტი შეიყვანოს. მსგავსი სიტუაცია შეიძლება, განვითარდეს შევსების მასალის გამოყენების დროსაც.
როდესაც ანატომიურად ადამიანს არ აქვს ძვლოვანი ბარიერი, ექიმს შეუძლია, მანიპულირებისას შეიჭრას სინუსის ღრუში და მის ირგვლივ ანთებითი პროცესის განვითარებას მისცეს დასაბამი. სინუსიტი, ასევე, შეიძლება, განვითარდეს ზედა ყბის კბილების ამოღებისას, თუ მათი ფესვები ყბის სინუსს უკავშირდება.
თუ საქმე კბილების დაავადებებშია, პირველ რიგში, საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია და დაზიანებული კბილების მკურნალობა, ინფექციისა და ანთების კერის აღმოფხვრა. ხშირად სინუსიტი ქრება კბილის ფესვებში ანთებითი პროცესის აღმოფხვრისა და კისტის მკურნალობის შემდეგ.
კბილის არხებიდან სინუსებში შეღწევისას პათოგენური მიკროორგანიზმები (ყველაზე ხშირად სოკო) მრავლდებიან და დასაბამს აძლევენ ანთებას. ამიტომაც პირველ ეტაპზე საჭიროა დაავადებული კბილების მკურნალობა, მეორე ეტაპზე კი ერთვება ოტორინოლარინგოლოგი ჰაიმორის წიაღის სამკურნალოდ – ინფექციისგან სინუსის გასაწმენდად და თერაპიული კურსის დასანიშნად.
აღსანიშნავია, რომ ოდონტოგენური სინუსიტით ავადდებიან მხოლოდ მოზრდილები ან მოზარდები, რომლებსაც უკვე ამოსული აქვთ მუდმივი კბილები. სარძევე კბილებს ძალიან პატარა ფესვები აქვთ, შესაბამისად, ისინი ვერ აღწევს წიაღების ფსკერს. გარდა ამისა, სარძევე კბილების ქვეშ ყბის ძვალში განთავსებულია მუდმივი კბილები, რაც ასევე ხელს უშლის სარძევე კბილების ფესვებიდან სინუსებში ინფექციის შეღწევას. ამგვარად, ოდონტოგენური სინუსიტი ბავშვებს არ ემუქრება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან