მედიცინა

რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ ბოტულიზმი

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.04, 2022 წელი

ბოტულიზმი
დაკოპირებულია

ბოტულიზმი ძალიან საშიში დაავადებაა. მისი გამომწვევი ბაქტერია გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და სხვადასხვა ორგანოს დამბლას იწვევს. ბოტულიზმის მთავარი წყარო სახლის პირობებში დამზადებული კონსერვებია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოტულიზმით ავადობის მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენში გავრცელებულია შინ მომზადებული კონსერვების მოხმარება.

ბოტულიზმის გამომწვევია ბაქტერია ბოტულიზმის კლოსტრიდია – ჩლოსტრიდიუმ ბოტულინუმ, რომელიც უჟანგბადო გარემოში მრავლდება. ის გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. კლოსტრიდია ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში ბინადრობს. ნიადაგში ის წარმოქმნის სპორებს – ძალზე გამძლე ფორმებს, რომლებიც საათობით დუღილსაც კი უძლებენ. მათი ინაქტივაციისთვის საჭიროა 120 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა.

დაავადება რომ განვითარდეს, ნიადაგთან ერთად საკვებზე მოხვედრილი სპორა უნდა გარდაიქმნას ვეგეტაციურ, ანუ ცხოველმყოფელ, ფორმად და გამრავლების კვალდაკვალ წარმოქმნას ტოქსინი, რომელიც საკვებში დაგროვდება. ამისთვის საჭიროა უჟანგბადო გარემო, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში და ასე შემდეგ.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი ბოტულოტოქსინი შეიწოვება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანიდან და სისხლით მთელ ორგანიზმში ვრცელდება.

ბოტულოტოქსინი აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს კუნთების დამბლას. ხახის, ხორხის, სასუნთქი კუნთების დამბლა კი ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევას განაპირობებს.

ბოტულიზმს აქვს საინკუბაციო პერიოდი, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. რაც უფრო დიდია მიღებული შხამის დოზა, მით მალე ვლინდება დაავადება და უფრო მძიმედაც მიმდინარეობს. სიმპტომები თავიდან სუსტია, მაგრამ თანდათან ძლიერდება. დაავადების პირველი ნიშნები, საკვების მიღებიდან, მინიმუმ, 2, მაქსიმუმ, 24 საათის განმავლობაში იჩენს თავს. სიმპტომები თავდაპირველად სხეულის ზედა ნაწილში გამოვლინდება და თანდათანობით გადაინაცვლებს ქვემოთ. პირველი ნიშანია მხედველობის გაორება – დიპლოპია. შემდეგ ანიზოკორია, რა დროსაც ერთი გუგა გაფართოებულია, მეორე – შევიწროებული და ბოტულიზმისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი – ზედა ქუთუთოს დაშვებაა. ამ სამი სიმპტომის არსებობა ბოტულიზმზე მიგვანიშნებს. ავადმყოფს უძნელდება ყლაპვა, ეხლიჩება და საერთოდ ერთმევა ხმა.

თერმოლაბილური, ანუ გაცხელებისადმი არაგამძლე, გამომწვევი დუღილის დროს შესაძლოა განადგურდეს, თერმოსტაბილური მიკრობის ტოქსინს კი მაღალი ტემპერატურაც ვერ ერევა. ვერც დამარილებით, ვერც დატკბობით თუ დამჟავებით ბოტულინის ბაქტერიას ვერ მოსპობთ. ორგანიზმში მოხვედრილი ბოტულიზმის სპორები, თავისთავად, საშიში არ არის – ისინი ისევე გამოდის ორგანიზმიდან, როგორც შევიდა. საფრთხე გვემუქრება, თუ სპორა ისეთ საკვებში მოხვდა, რომელსაც განსაკუთრებულ პირობებში ამუშავებენ – ბოლავენ ან აკონსერვებენ. ამიტომ არის, რომ ბოტულიზმი უმთავრესად შებოლილი ან დაკონსერვებული პროდუქტის, განსაკუთრებით – სახლის პირობებში მომზადებული კონსერვების მიღებისას ვითარდება. იმ ტემპერატურაზე 15-20-წუთიანი დუღილი, რომელიც სტერილიზაციის დროს იქმნება, შესაძლოა, თერმოსტაბილური ტიპის მიკრობის გასანადგურებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს. გარდა ამისა, სტერილიზაციის დროს ქილიდან გამოიდევნება ჟანგბადი, რომელიც სპორას ცხოველმყოფელ ფორმაში გადასვლის საშუალებას არ მისცემდა.

თუ გაფუჭებულ კონსერვს იოლად ამოვიცნობთ, ბოტულოტოქსინით გაჯერებულს გარეგნულად არაფერი ეტყობა – არც ამობერილია, არც შემღვრეული, არც სუნი და ფერი აქვს შეცვლილი. ამიტომ, ჯობს, თავი აარიდოთ სახლის პირობებში ისეთი პროდუქტების დაკონსერვებას, რომელსაც კონტაქტი აქვს ნიადაგთან. ასეთია ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, კიტრი, ჯონჯოლი და ყველაფერი, რასაც მწვანილით აზავებენ – სწორედ მწვანილთან ერთად შეიძლება მოხვდეს ქილაში ნიადაგის უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება ბოტულიზმის სპორებს შეიცავდეს. გახსნილი კონსერვის წამოდუღება ვერ გაანადგურებს ტოქსინს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ტემპერატურისადმი მდგრადია. ტემპერატურისადმი არაგამძლე ბაქტერიის გასანადგურებლად კი ერთსაათიანი დუღილი მაინც არის საჭირო; მზა საკვები რომ კიდევ ერთი საათი ვადუღოთ, მასში ვიტამინებიც განადგურდება, მინერალებიც, მიკროელემენტებიც და, საზოგადოდ, ყოველგვარი კვებითი ღირებულება დაეკარგება. იმისთვის, რომ საკვებში ბოტულიზმის გამომწვევი არ მოხვდეს, პროდუქტის მომზადების ყველა დონეზე – დაკვლისას, დამუშავებისას, რეცხვისას – ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, რათა საკვებს ნიადაგის მცირე ნაწილაკიც კი არ შეჰყვეს. ბოტულიზმის სიმპტომების შემჩნევისას ექიმის მოსვლამდე მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა და გამწმენდი ოყნა. თუ ოჯახის რომელიმე წევრს მოწამვლის ნიშნები გამოაჩნდა და საეჭვო საკვები კიდევ გაქვთ, შეინახეთ ის ექიმის მოსვლამდე – მისი ბაქტერიოლოგიური ანალიზი საჭიროა დაავადების უშუალო გამომწვევის დასადგენად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი