მედიცინა

რა კავშირი აქვს კბილების დაავადებებს სინუსიტთან

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.10

სინუსიტი
დაკოპირებულია

სინუსიტს, რომელიც წარმოიქმნება კბილების დაზიანების გამო ოდონტოგენური ჰაიმორიტი ეწოდება. ის მთლიანობაში ჰაიმორიტის შემთხვევათა ნახევარს შეადგენს. პათოლოგიის მიზეზი ზედა ყბის კბილების ფესვების მდებარეობის ანატომიური თავისებურებებია. თუ ფესვები ახლოსაა ლოკალიზებული ზედა ყბის სინუსთან, მაშინ მათ ირგვლივ შეიძლება, ნებისმიერმა ანთებითმა პროცესმა გამოიწვიოს საპასუხო ანთებითი რეაქცია.

ჰაიმორის წიაღები ზედა ყბის ძვალში ცხვირის ორივე მხარეს განთავსებული ღრუებია. ისინი დაკავშირებულია ცხვირის ღრუსთან, რის გამოც ინფექცია ადვილად აღწევს სინუსების ლორწოვან გარსში. გარდა ამისა, თითოეულ ადამიანს აქვს ზედა ყბის ანატომიური სტრუქტურის ინდივიდუალური მახასიათებლები. შესაბამისად, განსხვავდება როგორც სინუსების მოცულობა, ისე მათთან კბილების ფესვების მდებარეობაც. არსებობს კატეგორია, რომელსაც ზედა ყბის სინუსსა და კბილის ფესვებს შორის სივრცე ძვლოვანი ქსოვილით აქვს ამოვსებული, ასეთ ადამიანებს ოდონტოგენური სინუსიტი, ფაქტობრივად, არ ემუქრებათ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზედა ყბის კბილების ფესვები ჰაიმორის წიაღის ფსკერთან აქვთ განთავსებული, ზოგიერთების ფესვები კი პირდაპირ სინუსში შედის. ამ შემთხვევაში დაავადებული კბილიდან სინუსების ლორწოვან გარსზე ინფექციის გადატანის რისკი გაცილებით დიდია.

კბილების დაავადებები, რომლებიც სინუსიტს იწვევენ

ჩვეულებრივი კარიესი არ შეიძლება გახდეს სინუსიტის მიზეზი. კარიესი კბილის მყარი ქსოვილების დაზიანებაა, ის მათ მიღმა არ ვრცელდება და მით უფრო, ვერ ხვდება ძვლოვან ქსოვილში. თუმცა არანამკურნალებ კარიესს მოსდევს გართულებები, რომლებიც უკვე ზედა ყბის სინუსების ანთების მიზეზი ხდება.

თუ კბილების ფესვები ძალიან ახლოს არის განთავსებული სინუსის ფსკერთან, მაშინ ჩვეულებრივი პულპიტის გამწვავებაც კი შეიძლება, გახდეს მწვავე სინუსიტის საფუძველი. პულპიტი შორს წასული კარიესის ხშირი გართულებაა, როდესაც კარიესული დაზიანება კბილის პულპაში აღწევს.

ჰაიმორის წიაღის დაინფიცირების მეორე ხშირი მიზეზი კბილის ფესვის წვეროსთან ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ანთებაა. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება გრანულომები ან რადიკულური კისტები.

სიბრძნის კბილის ჩანასახი, ასევე, იწვევს გარშემო ქსოვილების ანთებას, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს სინუსზე.

ჰაიმორიტი შეიძლება, განვითარდეს კბილის ფესვის არხის დამუშავებისას. როდესაც კბილის ფესვსა და ყბის სინუსს შორის არ არის ძვლოვანი ძგიდე, ფესვის არხის მკურნალობისას სტომატოლოგმა შეიძლება, შემთხვევით დააზიანოს წიაღის ლორწოვანი გარსი, შეიყვანოს ინფექციური აგენტი სინუსში. მსგავსი სიტუაცია შეიძლება, განვითარდეს შევსების მასალის გამოყენების დროსაც.

აუცილებელია სინუსიტის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება – ოდონტოგენური ფაქტორის გარდა, ის შეიძლება, გამოწვეული იყოს სახისა და ყბის ტრავმით, ცხვირის ღრუში მიმდინარე ინფექციური პროცესებით, ინფექციის სისხლით შეჭრა-შეღწევით და სხვა.

სინუსიტის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციული დიაგნოსტიკური მეთოდია კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ კვლევით მიღებული სურათების მიხედვით, ექიმს შეუძლია, შეისწავლოს (შეაფასოს) ყბის სინუსების, ცხვირის ძგიდისა და კბილების ფესვების მდგომარეობა, გაარკვიოს, არის თუ არა ფესვები განთავსებული სინუსების ფსკერთან.

თუ საქმე კბილების დაავადებებშია, პირველ რიგში, საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია და დაზიანებული კბილების მკურნალობა, ინფექციისა და ანთების კერის აღმოფხვრა. ხშირად სინუსიტი ქრება კბილის ფესვებში ანთებითი პროცესის აღმოფხვრისა და კისტის მკურნალობის შემდეგ.

კბილის არხებიდან სინუსებში შეღწევისას პათოგენური მიკროორგანიზმები მრავლდებიან და დასაბამს აძლევენ ანთებას. ამიტომაც პირველ ეტაპზე საჭიროა დაავადებული კბილების მკურნალობა, მეორე ეტაპზე კი ერთვება ოტორინოლარინგოლოგი ჰაიმორის წიაღის სამკურნალოდ – ინფექციისგან სინუსის გასაწმენდად და თერაპიული კურსის დასანიშნად.

აღსანიშნავია, რომ ოდონტოგენური სინუსიტით ავადდებიან მხოლოდ მოზრდილები ან მოზარდები, რომლებსაც უკვე ამოსული აქვთ მუდმივი კბილები. სარძევე კბილებს ძალიან პატარა ფესვები აქვთ, შესაბამისად, ისინი ვერ აღწევენ წიაღების ფსკერს. გარდა ამისა, სარძევე კბილების ქვეშ, ყბის ძვალში განთავსებულია მუდმივი კბილები, რაც ასევე, ხელს უშლის სარძევე კბილების ფესვებიდან სინუსებში ინფექციის შეღწევას. ამგვარად, ოდონტოგენური სინუსიტი ბავშვებს არ ემუქრება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა