მედიცინა

რა იწვევს პირის სიმშრალეს

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.01, 2022 წელი

პირის სიმშრალე
დაკოპირებულია

პირის სიმშრალე, ქსეროსტომია – დაავადებაა, რომლის დროსაც პირის ღრუში არ არის საკმარისი რაოდენობის ნერწყვი ტენიანი გარემოს შესანარჩუნებლად.

მიზეზები:

1. მდგომარეობა, როდესაც პირის სიმშრალე დილიდანვე აღინიშნება

ინტოქსიკაცია

პირის სიმშრალე ნაბახუსევზე არავის უკვირს, რადგან ალკოჰოლისა და მისი მეტაბოლიტის აცეტილდეჰიდის ამგვარი ეფექტი ყველასთვის ცნობილია. პირის სიმშრალე არც უფრო ექსტრემალური თრობის მოყვარულებისთვის არის უცხო ხილი, რადგან ამას იწვევს პრაქტიკულად ყველა ნარკოტიკული საშუალება.

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები

ლორწოვანის გამოშრობას იწვევს პირით სუნთქვა და ხვრინვა. ამას გაღვიძებისას ყველაზე ძლიერ შეიგრძნობს ადამიანი, რომელსაც ცხვირით სუნთქვა უჭირს ანდა დაქვეითებული აქვს რბილი სასის ტონუსი.

2. პირის სიმშრალე დღე-ღამის განმავლობაში

თამბაქო

თამბაქოს მოწევა იწვევს პირის სიმშრალეს, როგორც პირის ღრუს კვამლთან უშუალო კონტაქტის, ისე ნიკოტინის ზემოქმედების შედეგად ნერწყვის გამომუშავების დაქვეითების გამო.

მარილიანი საკვები

აფერხებს ნერწყვის გამოყოფას.

ზოგიერთი დაავადება

თუ პირის სიმშრალე დიდი ხანია, გვაწუხებს, კონსულტაციისთვის უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა, ეს დაავადების სიმპტომი იყოს. ზოგჯერ ნერწყვის გამოყოფის შემცირება დაავადების ერთადერთი სიმპტომიც კია. ნერწყვის გამომუშავება მცირდება სანერწყვე ჯირკვლების დაზიანების – ანთების, სიმსივნისა და ასე შემდეგ – დროს. არც საპირისპირო პროცესია გამორიცხული – თუ პირის სიმშრალე დიდხანს გაგრძელდა, ხშირად რთულდება სანერწყვე ჯირკვლების ანთებით და შესაძლოა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქცია დაირღვეს: თავისა და კისრის არის ახალწარმონაქმნების სხივური თერაპიის შედეგად; ნერწყვის გამოყოფაზე პასუხისმგებელი ნერვების დაზიანებისას; შეგრენის სინდრომის, აივ-ინფექცია/შიდსის, შაქრიანი დიაბეტის, ინსულტის, ალცჰაიმერისა და სხვა დაავადებების დროს; მენოპაუზის დროს. ჰორმონული ფონის ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციაზე. მენოპაუზისა და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში ქალები ხშირად უჩივიან პირის სიმშრალის შეგრძნებას. გარდა გამომუშავებისა, შესაძლოა დაირღვეს ნერწყვის გამოყოფაც – შესუსტდეს სანერწყვე სადინარების განვლადობა ირგვლივ არსებული ქსოვილების სიმსივნის ან ანთებითი პროცესის გამო, რაც ასევე იწვევს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალეს. ნერწყვის გამოყოფა შესაძლოა, შემცირდეს ასაკთან ერთად, ამიტომ ხანდაზმულები ახალგაზრდებზე ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს.

3. დროებითი პირის სიმშრალე

გაუწყლოება

ფიზიკური დატვირთვის ან ცხელ და მშრალ კლიმატურ პირობებში ყოფნის დროს პირის სიმშრალე მიუთითებს, რომ ორგანიზმმა ბევრი სითხე დაკარგა და დანაკარგის შევსება აუცილებელია.

მედიკამენტები

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობა ბევრ პრეპარატს შეუძლია, რომლებსაც იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების, ალერგიის, ინფექციის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ. ქიმიოთერაპიული პრეპარატები ნერწყვს ხდის უფრო სქელს და ბლანტს, რაც ასევე, იწვევს პირის სიმშრალეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი