მედიცინა

რა იწვევს გაბრუების შეგრძნებას

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.08, 2022 წელი

გაბრუება
დაკოპირებულია

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს ხშირად შეუძლოდ გრძნობენ, გაბრუების შეგრძნებაა. თავბრუსაგან განსხვავებით, მას აღწერენ როგორც „სიცარიელის“ გრძნობას, წონასწორობის დაცვის გაძნელებას, „ღრუბლებში ყოფნას“.

სიმპტომი ზოგჯერ მსუბუქადაა გამოხატული, ზოგჯერ კი იმდენად შემაწუხებელია, რომ ადამიანი თავს უუნაროდ გრძნობს.

გაბრუების ძლიერ შეგრძნებას შეიძლება, ახლდეს ოფლიანობა, სიცხის შეგრძნება, ყურებში ხმაური, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა ან ღებინება. გაბრუება უფრო შემაწუხებელია ვერტიკალურ პოზიციაში – ფეხზე დგომისას ან ჯდომისას, დაწოლისას კი მნიშვნელოვნად მცირდება ან ქრება.

გაბრუების უხშირესი მიზეზებია:

👉 დეჰიდრატაცია ანუ სითხის დეფიციტი – ის შეიძლება, აღმოცენდეს ვირუსული ინფექციის, გულისრევისა და ღებინების, სხეულის გადახურების, სითხის არასაკმარისი მიღების და სხვა მიზეზების გამო. სითხის დეფიციტისას მცირდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა, ქვეითდება არტერიული წნევა. ამის გამო ტვინს საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება, რაც გაბრუების მიზეზია. მსუბუქ შემთხვევებში მდგომარეობის გამოსასწორებლად რამდენიმე ჭიქა წყალიც საკმარისია;

👉გაციება უშუალოდ ვირუსულ ინფექციასთან ერთად – გაბრუების ხშირი მიზეზია ამ დროს გამოყენებული პრეპარატები, რომლებიც დაავადების სიმპტომებს ამცირებენ;

👉თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები;

👉 სხვადასხვა მედიკამენტი – გაბრუების შეგრძნების მიზეზი უხშირესად არის არტერიული წნევის დასაქვეითებლად გამოყენებული ან შარდმდენი პრეპარატები. გაბრუების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა მედიკამენტების დოზის სწორად შერჩევა;

👉ორთოსტატიკული ჰიპოტენზია ანუ წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება დაწოლისას – ჩვეულებრივ, ვეგეტატიური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს არტერიული წნევის რეგულირებას სხეულის პოზიციის შეცვლისას. ხანში შესვლისას ეს მექანიზმი სუსტდება, წამოდგომისას არტერიული წნევა ქვეითდება, რაც გაბრუებას და თავბრუს იწვევს. ამ მექანიზმით აღმოცენებული თავბრუს შესამცირებლად არსებობს მარტივი ხერხები: ნელი წამოჯდომა, პირველი წუთების განმავლობაში ჯდომა საწოლის კიდეზე, კიდურების ერთმანეთთან მჭიდროდ მიბჯენა და დაჭიმვა;

👉 ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია, რომლის დროსაც გართულებულია წნევის რეგულირიება სხეულის პოზიციის შეცვლისას;

👉 ალერგიული რეაქცია – ამ დროს გაბრუებას განაპირობებს ალერგიისას გამოყოფილი ჰისტამინი;

👉 გულის უკმარისობა, გულის ზოგიერთი მანკი;

👉 გულის შეტევა ან ინსულტი – გაბრუებისა და თავბრუს საკმაოდ სერიოზული მიზეზებია. გარდა გაბრუებისა, გულის შეტევის დროს ყურადღებას იპყრობს ტკივილის, ზეწოლისა და შებოჭვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ქოშინი, ტკივილის გავრცელება მხრების, ზურგის, ზოგჯერ ქვედა ყბის არეში. ინსულტის დროს გაბრუებასთან ერთად უეცრად ვითარდება თავის ტკივილი, კიდურების სისუსტე, დაბუჟება, რაც არ იხსნება, მეტყველების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ ხანშიშესულ ასაკში უეცრად აღმოცენებული თავბრუ ან გაბრუება შესაძლოა, ინსულტის ერთადერთი საწყისი სიმპტომი იყოს;

👉გულის რიტმის დარღვევა;

👉 ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

👉 ანემია ან სისხლდენა – ამ დროს, გაბრუებასთან ერთად, ყურადღებას იპყრობს ზოგადი სისუსტე, კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე, გულისცემის აჩქარება;

👉 დაბალი წნევა;

👉 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – გაბრუება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატებამ, ასევე დაქვეითებამ. ამ შემთხვევაში, გაბრუების გარდა ვლინდება შესაბამისი სიმპტომები: ჰიპერთირეოზისას – ოფლიანობა, კანკალი, წონის კლება, მომატებული მადის მიუხედავად; ჰიპოთირეოზისას – წონის მატება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა;

👉შაქრიანი დიაბეტი – როგორც გლუკოზის მატება, ასევე მისი ნორმაზე დაბალი მაჩვენებელიც შესაძლოა, გაბრუების მიზეზი გახდეს. როცა სისხლში გლუკოზის შემცველობა დაქვეითებულია, მთელი ორგანიზმი, მათ შორის ტვინი, ცდილობს, ნაკლები გლუკოზა გამოიყენოს, რაც მსუბუქი გაბრუების მიზეზია. ჰიპოგლიკემიის დროს გაბრუებას თან ახლავს ოფლიანობა, შიმშილი, კანკალი. თუ დაავადება დადგენილია, რეკომენდებულია გლუკოზის თვითკონტროლი, რომ ზუსტად გამოვლინდეს გაბრუების მიზეზი;

👉ჰიპერვენტილაცია – ვითარდება ძალიან ღრმა და ხშირი სუნთქვისას, შფოთვის, სტრესის დროს. ჰიპერვენტილაციისას ღრმა და ხშირი სუნთქვის გამო ორგანიზმიდან ჭარბად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, ორგანიზმში მისი შემცველობა ეცემა, რაც გაბრუების შეგრძნებას იწვევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი